ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდანვე უჩნდებათ კითხვა – ვინ უნდა გახდნენ? რა პროფესიას დაუკავშირონ ცხოვრება? რა საქმიანობა უნდა იყოს მათი ყოველდღიურობის უდიდესი ნაწილი? ეს კითხვები განსაკუთრებით სკოლის ბოლო კლასებში იჩენს თავს ჩვენთან, საქართველოში. ზუსტად ასეთი მდგომარეობაში ვიყავი თინეიჯერობის ასაკიდან – ჩემ გარშემო ყველა ისეთ კითხვებს მისვამდა საკუთარი გეზის, მიზნების შესახებ, თითქოს მათზე პასუხი 15 წლის ადამიანს დაზუსტებით და დანამდვილებით უნდა მცოდნოდა.

გადაწყვეტილების მიღების ბოლო წამამდე აზრთა სხვადასხვაობა მაწუხებდა, შეიძლება ითქვას, არჩევნის გაკეთების შემდეგაც კი, რამდენიმე წელი „გამყვა“ ეს ორჭოფობა. და როცა დადგა ჩემს ცხოვრებაში პროფესიული არჩევნის დრო, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ჩემი აბიტურიენტობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სპეციალობა – ბიზნესის ადმინისტრირება ავირჩიე. გადაწყვეტილება, რეალურად, ყოველგვარი გააზრებისა და არსებითი გათავისების გარეშე მივიღე… როგორ შეიძლება ადამიანმა განსაზღვრო, რისი კეთება გინდა მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება, როდესაც არც კი იცი, თუ რა ხდება ამა თუ იმ სფეროში, როდესაც წარმოდგენა არ გაქვს, თუ რა სახის რუტინა აქვს ბუღალტერს, როგორია ფინანსისტის დღის განრიგი, რითია დაკავებული მარკეტოლოგი, თუ რა პასუხისმგებლობები აქვს იურისტს ან ფილოლოგს?!

ვფიქრობ, განსაზღვრო ის, თუ რის კეთება გსურს ცხოვრების მანძილზე ყოველგვარი ცოდნის, ინფორმაციის გარეშე, შეუძლებელი და, ჩემი ხედვით, სულელურიც კია. ამ კითხვაზე პასუხი მეთორმეტეკლასელი მოზარდისგან არც მიმაჩნია სერიოზულად (მითუმეტეს, რომ მოზარდს წვდომა არა აქვს საჭირო ინფორმაციასთან). აუცილებელია ახალგაზრდა დეტალურად გაეცნოს ამა თუ იმ დარგს, გაიგოს, თუ რას საქმიანობს ესა თუ ის პროფესიონალი და შემდეგ შეიქმნას წარმოდგენები საკუთარ მომავალზე. გაუაზრებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სირთულეები პირადად მე უნივერსიტეტში სწავლის ოთხივე წელს გამყვა. ეს აისახებოდა ჩემს მოტივაციასა და ენთუზიაზმზე. სულ ვფიქრობდი, თუ რამდენად იყო ეკონომიკა ის დარგი, რომელსაც წლებს მივუძღვნიდი. დღევანდელი გადმოსახედიდან, ყველა აბიტურიენტს ვურჩევდი, ჩაუღრმავდეს რაც შეიძლება მეტი პროფესიის არსს, შეხვდეს დარგის პროფესიონალებს, გაიაზროს საკუთარი შესაძლებლობები, „გაიგონოს“ თავისი სურვილები. მჯერა, ბევრად გაუადვილდება საკუთარი კარიერული ვექტორის შერჩევა. უბედნიერესი ვიქნებოდი, რომ მყოლოდა მრჩეველი, გიდი, კომპეტენტური პირი, ვინც ამგვარ ინფორმაციას მოიტანდა ჩემამდე, დამაკვალიანებდა, მითითებებს მომცემდა და ორიენტირებაში დამეხმარებოდა. თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა. არასდროს არის გვიანი, შეცვალო გეზი, აირჩიო საკუთარი პროფესიული გზა, გამოიყენო შენში არსებული რესურსები იქ, სადაც ხედავ საკუთარ თავს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია აკეთო საქმე, რომელიც მოგწონს და გიყვარს.