„წარმატებულად გასროლის შანსის ასივე პროცენტს დაკარგავ, თუ საერთოდ არ გაისვრი“ – ვაინ გრეცკი

რას ნიშნავს თქვენთვის პროფესია? რასთან ასოცირდება ის? იქნებ, ნათელ, წარმატებულ, ლაღ და ბედნიერებით სავსე მომავალთან? დიახ, სწორედ ასეთი მნიშვნელობა აქვს პროფესიას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. აკეთო ის,რაც გიყვარს, გსიამოვნებს -სწორედ ეს გვმატებს ცხოვრების ხალისსა და მოტივაციას. მე არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. პირველ რიგში, ვარ პიროვნება, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა, აირჩია წარმატებული მომავლისკენ მიმავალი ის გზა, რომელიც ყოველთვის მოსწონდა. რა მოგვწონს და რა გვინდა ვაკეთოთ? – ადამიანი ფიქრობს, აზროვნებს, მუშაობს, არასდროს ჩერდება, ხოლო მთავარია, დავეწიოთ ჩვენს ფიქრებს და მოვუსმინოთ საკუთარ გონებას.

არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელსაც სჭირდება ბიძგი გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად, მათ შორის ვიყავი მეც. ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომელთაც უნდა ვუგდოთ ყური, გავითვალისწინოთ მათი რჩევები, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, პირველ რიგში, ვართ ჩვენ და ჩვენივე ფიქრები, ხოლო შემდეგ კი – სხვა. ვფიქრობ, ჩემი ისტორია საინტერესოა. მიყვარს სეირნობა, ახალი ადგილების ძიება. გამომდინარე აქედან, ყოველთვის ვცდილობდი, ახალ ადგილას აღმოვჩენილიყავი. ვხედავდი სხვადასხვა ხასიათის და ბუნების მქონე შენობასა და ნაგებობას. დიახ, მე,როგორც მომავალი არქიტექტორი, ვთვლი, რომ ყველა შენობას ინდივიდუალური ხასიათი და ისტორია აქვს. მომწონდა თბილისის კონტრასტული არქიტექტურა. ვიწერდი, ვინიშნავდი, ჩანახატებს ვაკეთებდი. ამ ყველაფერს დაემატა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების რჩევები და გავხდი არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, შევიცნოთ საკუთარი თავი, ვიყოთ თავდაჯერებულნი, რადგან ნათქვამია, რომ თუ ადამიანი თავდაჯერებული მიიწევს საკუთარი მიზნებისკენ, მას წარმატება სრულიად უჩვეულო და მოულოდნელ სიტუაციაში ეწვევა. მთავარია არ დავნებდეთ ცხოვრების არც ერთ ეტაპზე. ვერ ხატავ? არა უშავს, იქნებ, ხაზვა გეცადა? ვერ ხაზავ? იქნებ, მაკეტების შექმნით დაკავდე? აქვე მახსენდება ვაინ გრეცკის ცნობილი ფრაზა: „წარმატებულად გასროლის შანსის ასივე პროცენტს დაკარგავ, თუ საერთოდ არ გაისვრი“. მინდა არ ვნებდებოდეთ, ბევრი ვისწავლოთ, განვვითარდეთ და ვიყოთ წარმატებულნი. უმნიშვნელოვანესია, დაუზარებლად მივყოთ საქმეს ხელი და არ შევუშინდეთ სირთულეებს.