რა პროფესია ავირჩიო? როგორ ავირჩიო სწორად? რა მინდა ვაკეთო? რა შემიძლია? რა მჭირდება? ვის დავუჯერო? რა მაინტერესებს? და თუ არაფერი მაინტერესებს?! მთხოვეს, რჩევა მიეცი მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიასო, მე კიდევ კითხვები დავახვავე…

იცით, რატომ გადავწყვიტე, თავი ამ მოზარდების ადგილას წარმოვიდგინო, უფრო სწორად, გავიხსენო, რას ვფიქრობდი, რას განვიცდიდი, რა კითხვები მიჩნდებოდა, ვის მივმართავდი რჩევისთვის… არა, ასე სერიოზულადაც არ დავმჯდარვარ და არ ჩამომიწერია, რა მინდოდა და როგორ. თუმცა, მახსოვს, რომ ვოცნებობდი, მანამდეც და მერეც, სკოლას რომ ვამთავრებდი… სულ ვოცნებობდი, წარმოვიდგენდი ჩემს თავს სცენაზე, სხვადასხვა კოსტიუმში, სხვადასხვა როლში, მერე ოვაციები, ყვავილები… მოკლედ, მსახიობობაზე ვოცნებობდი და კიდევ – მასწავლებლობაზე. სხვა არაფერზე მიოცნებია და პროფესიის არჩევაც ოცნებით დავიწყე. ვფიქრობ, ოცნებით უნდა დაიწყოს ყველამ, ვინც ახლა დგება არჩევნის წინაშე. რამე ირეალურს კი არ ვგულისხმობ, უნდა დაფიქრდნენ, რა სურთ და სად წარმოუდგენიათ თავი ყველაზე კომფორტულად.

კი ბატონო, მინდოდა მსახიობობა, წარმომედგინა კიდეც თავი სცენაზე, მაგრამ მალე მივხვდი, რომ იქ კომფორტულად ვერ ვიქნებოდი, ჩემი შესაძლებლობები შევაფასე – არ გამოვიდოდა ჩემგან დიდი არტისტი, არც პატარა. ჰოდა, აღარ მომეწონა პერსპექტივა. მასწავლებლობა კი ძალიან ჰგავდა მსახიობობას. თითქოს ერთსა და იმავე როლში ხარ, მაგრამ ყოველდღე თუ არ გარდაისახე, ბავშვებსაც ბეზრდებათ და შენც ხალისს კარგავ. გაკვეთილზეც მსახიობობა გიწევს – ხმა, ტემბრი, დგომა, მოძრაობა… ამდენი თვალი შემოგცქერის და ყველას ყურადღება უნდა მიიპყრო, ერთიც არ უნდა „გაგექცეს“, წამით ვერ მოდუნდები. საოცარი აზარტია… პროფესიაში თუ ეს აზარტი არ მთავრდება, არასდროს მოიწყენ, არასდროს მოგბეზრდება და არასდროს იტყვი, ნეტა, სხვა რამე ამერჩიაო.

27 წლის ვიყავი, სკოლაში მუშაობა რომ დავიწყე. ახლა ჩემი პირველი გამოშვების ბავშვები არიან 27 წლისანი. უმრავლესობასთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. ყველა მახსოვს – სახელები, გვარები, ამბები, თავგადასავლები… მარტო იმათი კი არა, ყველა შემდეგი თაობის. არადა, პირველად რომ შევედი კლასში, ყველაზე მეტად იმან შემაშინა, ამდენი ბავშვის სახელსა და გვარს როგორ დავიმახსოვრებ- მეთქი.
წელს მერვედ ავიყვანე პირველი კლასი და ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, ისეთი ემოციით ვხვდები ამ დღეს, თითქოს ყველაფერი პირველად ხდება. ვცდილობ, ამ ბავშვებს გავუკეთო ყველაფერი, რაც ჩემთვის მინდოდა გაეკეთებინათ, რაც მე დამაკლდა სკოლაში – მინდა ბედნიერი, მხიარული, ზღაპრული ბავშვობა ქონდეთ. სულ რაღაც ახალზე ვფიქრობ, ვიგონებ ისეთ პროექტებს, რაც სიამოვნებას მიანიჭებთ, სწავლის პროცესს უფრო სახალისოს გახდის.

ისე, სულ ამბობენ, ჯაიანის ბავშვები ყველაზე ლაღები და თავისუფლები არიანო. ეს კიდევ ერთი სიამოვნებაა, როცა რამე საქებარს მოკრავ ყურს, საოცარ სტიმულს გაძლევს. ყურმოკრულს კიდევ პირდაპირ ნათქვამი სჯობია (განებივრებული ვარ, ვერ დავიჩივლებ). სტიმული ნებისმიერ პროფესიაში აუცილებელია, უბრალოდ აუცილებელი კი არა, ყველაზე აუცილებელიც კი. ძალიან დიდი შრომა, ენერგია და ნერვები სჭირდება ამ პროფესიას, მაგრამ ბოლოს იმხელა სიამოვნებას ვიღებ, წამში მავიწყდება დაღლაც, გათენებული ღამეებიც და უბედნიერესი ვარ. დამიჯერეთ, არ გამოვა მუშაობა მხოლოდ ხელფასისათვის, ძნელია იმის კეთება, რასაც ბედნიერება არ მოაქვს. საქმე, რომლის კეთებაც გსიამოვნებს, ყოველთვის უფრო პროდუქტიულია, წარმატებულია და, რაც მთავარია, სასარგებლოა შენთვისაც და სხვისთვისაც.

მიმაჩნია, რომ თავის დროზე სწორი არჩევანი გავაკეთე. ეს არ ყოფილა პოპულარული და პრესტიჟული პროფესია, რომ თავი მომეწონებინა, არც შემოსავლიანი (მით უმეტეს, მაშინ, როცა მე დავიწყე მასწავლებლობა) – ეს ჩემი ოცნება იყო! რჩევა უნდა მომეცა და ჩემი ამბავი გიამბეთ. ასე გამოვიდა.

ერთ რამეს მაინც გეტყვით: არ დაუჯეროთ იმათ, ვინც გადაჭრით ამა თუ იმ პროფესიას გირჩევთ, მხოლოდ იმ ადამიანების რჩევას მიჰყევით, ვინც გზას გიჩვენებთ… და, კიდევ, თქვენს გულს და ოცნებას…