როდესაც სკოლის დასრულების შემდგომ განათლებაზე იწყებს მოზარდი  ფიქრს, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინაშე დგება. მან უნდა განსაზღვროს რა პროფესიას ირჩევს და რომელ სასწავლო დაწესებულებაში შეძლებს მის შესწავლას.

მომავალი პროფესიის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული საფეხურია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქცენტი უნდა გაკეთდეს მოზარდის ინტერესებზე, ღირებულებეზე, შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ პიროვნულ მახასიათებლებზე, მიმდინარე შრომის ბაზარსა და პროფესიული საქმიანობის პერსპექტივებზე. ყველა ამ ინფორმაციის მობილიზება რთულია მოზარდისთვის, ამიტომ მათ დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ ამ პროცესში. პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მიღწევის შანსები გაცილებით იზრდება, როცა ადამიანი ემსახურება საქმეს, რომელიც უყვარს და აბედნიერებს საქმიანობის ყოველდღიურობა.

მას შემდეგ, რაც აბიტურიენტი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელი პროფესიული მიმართულებით აგრძელებს განათლებას, მნიშვნელოვანია შეარჩიოს ის სასწავლო დაწესებულება, რომელსაც მიანდობს სწავლების პროცესს.

სასწავლო დაწესებულების შესარჩევად ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოზარდის მოლოდინები პროფესიის შესწავლასთან დაკავშირებით. ამ დროს ახალგაზრდებს ძალიან ბევრი კითხვა აქვთ და მათზე გაცემული პასუხები დაეხმარებათ აბიტურიენტებს და მათ მშობლებს შეადარონ მიღებული ინფორმაცია  თავიანთ მოლოდინებს და კონკრეტულ სასწავლებელზე არჩვანიც სწორედ ამის შესაბამისად გააკეთონ.

ელექტრონული სახით მოძიებული და მიღებული ინფორმაცია, დიდი ალბათობით ვერ გასცემს პასუხს ყველა თქვენს შეკითხვას, თუმცა პრაქტიკულად ყველა უმაღლეს სასწავლებელს აქვს ორგანიზებული „ღია კარის დღე“, სადაც დაწესებულებების წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას გასცემენ თქვენთვის საინტერესო თემებზე:

სასწავლო პროცესის შესახებ:

  • რამდენად კვალიფიციურია აკადემიური პერსონალი?
  • გექნებათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანახვის შესაძლებლობა?
  • რა შესაძლებლობები აქვთ სტუდენტებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის?
  • აქვს თუ არა სასწავლებელს შესაბამისი ლაბორატორიები?

დამატებითი შესაძლებლობების შესახებ:

  • აქვს თუ არა სასწავლებელს სტუდენტთა საცხოვრებელი და როგორ შეიძლება სარგებლობა?
  • რა დამატებით აქტივობას სთავაზობს სასწავლებელი სტუდენტებს სასწავლო პროგრამის მიღმა?

სწავლის საფასურის შესახებ:

  • გადახდის რა პირობებით შეგიძლიათ ისარგებლოთ?
  • აქვს თუ არა სასწავლებელს შიდა სასწავლო გრანტი? შიდა დაფინანსების პროგრამა?  სტიპენდია? სტუდენტური სესხი?

დასაქმების შესახებ:

  • სასწავლებლის დასრულების შემდგომ როგორია დასაქმების ალბათობა?
  • აქვთ თუ არა დასაქმების ან სტაჟირების პროგრამები?

ინფორმაციის მიღება სტუდენტების ან/და კურსდამთავრებულებისგან:

  • მათი შთაბეჭდილებების გაზიარება -რა იყო მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი და სარგებლიანი?
  • რისი გათვალისინება იქნებოდა კარგი თქვენთვის? 

შეკთხვების ჩამონათვალი რასაკვირველია, არასრულია  და თითოეულ ადამიანს თავისი, ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს სწავლასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროთ რა გსურთ და რა მოლოდინები გაქვთ უმაღლეს სასწავლებელთან მიმართებაში. რეალისტურად შეაფასოთ ალტერნატივების სუსტი და ძლიერი მხარეები, განსაზღვროთ პრიორიტეტები. კითხვებზე მიღებული პასუხები გაგიმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას და შეძლებთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული უმაღლესი სასწავლებლის შერჩევას.