ზრდასთან ერთად, ადამიანი იწყებს ფიქრს და სვამს კითხვებს: ვინ ვარ მე? სად არის ჩემი ადგილი სამყაროში? რა შემიძლია? რა მინდა? თვითგამორკვევა კომპლექსური საკითხია, რაც ბევრი მიმართულებით იშლება: ღირებულებები, მორალური სტანდარტები, პროფესია, რელიგია, ცხოვრების პირობები.

თვითგამორკვევაზე საუბარი მაშინ შეგვიძლია, როცა არსებობს არჩევანის თავისუფლება. ზოგ შემთხვევაში, სურვილის მიუხედავად, რთულია და შეუძლებლადაც გვეჩვენება სასურველი არჩევანის გაკეთება, რადგან გარემოებები არ გვიწყობს ხელს. თუმცა, Walt Disney-ს თუ დავუჯერებთ, ყველა ჩვენი ოცნება შესაძლოა რეალობად იქცეს, თუ კი სითამამე გვეყოფა, მივყვეთ მათ ბოლომდე.

თვითგამორკვევა სხვადასხვა სფეროებში:

სოციალური – სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიმართ გაცნობიერებული მიკუთვნებულობა (ელექტრონული მუსიკის მოყვარულები, კომიქსების მაყურებლები, ჰიპსტერები, მოგზაურები, ექსტრემალური სპორტის მიმდევრები და ა.შ.) და სოციალური ნორმების მიმდევრობა;

მოქალაქეობრივი – ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია: რას ვფიქრობ საკუთარ ქვეყანაზე? რას ვაკეთებ მისთვის?

საზოგადოებრივ-პოლიტიკური – კონკრეტული პოლიტიკური ხედვების და პარტიების მიმართ მიკუთვნებულობა: ლიბერალი? კონსერვატორი? ან სულაც, ანარქისტი?

პროფესიული – ცნობიერი არჩევანი თუ “ვინ მინდა ვიყო.” მხატვარი? მასწავლებელი? იურისტი? წამოვიწყო და ვმართო საკუთარი ბიზნესი? თუ გავყვე ხელოვნებას?

რელიგიური – კონკრეტული რელიგიური აღმსარებლობა და შესაბამისი ხედვების გაზიარება; სხვა კონფესიების მიმართ ჩემი დამოკიდებულება და ტოლერანტობა.

ოჯახური – როგორი მოდელის ურთიერთობები მხიბლავს? როგორ ვუყურებ ოჯახის/ქორწინების ცნებას? მინდა შვილების ყოლა?

შიდაჯგუფური – საკუთარი როლის გააზრება სხვადასხვა ჯგუფებში. ლიდერი ვარ თუ მიმდევარი? ვახდენ თუ არა გავლენას ჯგუფის სხვა წევრებზე? დავალებების გადანაწილება უფრო კარგად გამომდის თუ მიღებულის შესრულება?

თვითგამორკვევა მოზარდებში

რა ასაკიდან შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ? საინტერესოა, რომ ბაღის მოსწავლეც კი უკვე ცნობიერად ირჩევს ქცევის მოდელებს: “მე ვიქნები კაპრიზული იმისთვის, რომ მივიღო რაღაც…”. ასაკის მატებასთან ერთად, “რა მინდა?”, “როგორ მივიღო ის რაც მინდა?” – კითხვები სულ უფრო აქტუალური ხდება და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ყმაწვილობის პერიოდში იძენს; მოზარდს ძალაუნებურად უწევს “შეჯახება” და უკვე არჩევანის გაკეთება ვარიანტების ვრცელი პალიტრიდან. მოზარდის თვითგამორკვევის მაჩვენებელია, როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას საკუთარ არჩევანზე და პასუხისმგებელია მათზე, არ ადანაშაულებს გარემოს, ოჯახს და სხვებს, თუ სასურველი შედეგი არ დგება.
ყველაზე ადრე მოზარდს თვითგამორკვევა უწევს თანასწორებთან ერთად დაჯგუფებებში, სოციუმში – როდესაც იწყება ფიქრი და დაკვირვება საკუთარ როლსა და ადგილზე. ამ პროცესებს ადგილი აქვს სკოლაში, ეზოში, სხვადასხვა ჯგუფებში.
თვითგამორკვევის ფენომენი ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ეტაპია ზრდასრულობისკენ. თვითგამორკვეული მოზარდი – ეს ნიშნავს სოციალურად მომწიფებულ, ზრდასრული ცხოვრებისთვის მზად მყოფ ინდივიდს.

რა ეტაპებს გადის მოზარდი თვითგამორკვევისას?
1) აცნობიერებს თავს საზოგადოების წევრად, რომელსაც აქვს საკუთარი ნორმები, ღირებულებები და შეფასებები;
2) ადარებს საკუთარ თავს სხვებს და ირგებს რეალობის სხვადასხვა მოთხოვნებს;
3) აფასებს საკუთარ თავს – შესაძლებლობებს, უნარებს, დადებით და უარყოფით მხარეებს;
4) ვითარდება და ირჩევს სოციალურ როლს, სამოქალაქო პოზიციას, ღირებულებებს, პროფესიას და ა.შ.

დასავლური ფსიქოლოგია პიროვნული თვითგამორკვევის პროცესს მოიხსენიებს როგორც იდენტობის ფორმირებას. ტერმინი თავის თავში მოიცავს, რომ ზრდასთან ერთად, პიროვნებამ უნდა შეძლოს საკუთარი თავის გამიჯვნა მის ირგვლივ არსებული გარემოსგან, გაითავისოს საკუთარი უნიკალურობა, იპოვოს ადგილი სამყაროში.