ვისაც სოხუმში ზაფხულის ღამის ცისათვის ერთხელ მაინც შეუვლია თვალი, უსათუოდ მოინუსხებოდა მოკიაფე უთვალავი ვარსკვლავის სილამაზით.

მეც მოვინუსხე… ალბათ, 11-12 წლის ვიქნებოდი. „ცაში ახედვის“  შემდეგ ჩემი გული და გონება მთლიანად რომ დაიპყრო კოსმოსმა. ვეცნობოდი სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას პლანეტების, ვარსკვლავებისა და გალაქტიკების შესახებ. ტელესკოპის აწყობაც კი ვცადე. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ (სკოლის დამთავრებამდე 2-3 წლით ადრე), როდესაც ვცადე ცოტა უფრო სერიოზული თემების გარჩევა, მივხვდი, რომ მთელი ჩვენი უსასრულო სამყაროს კანონზომიერებების აღწერა შესაძლებელია მხოლოდ მათემატიკის საშუალებით, რომ სწორედ მათემატიკა გაძლევს საშუალებას, გაიხედო წარსულშიც და მომავალშიც.

და დავდექი არჩევნის წინაშე:-  ასტროფიზიკა თუ მათემატიკა?! 

 ამ – „TO BE OR NOT TO BE?!“  კითხვის დარ კითხვაზე პასუხს, არსებითად, უნდა განესაზღვრა ჩემი მომავალი პროფესია.

…მათემატიკამ აჯობა! – და აგერ, უკვე თითქმის ოთხი ათეული წელია, ჩემი განუყრელი თანამგზავრია.  თანაც როგორი! უერთგულესი მეგობარი, ცხოვრების რთულ პერიოდებში ყოველთვის რომ გიწვდის დახმარების ხელს და შენგანაც ყოველთვის ზუსტ ქმედებებს ელის.   „ხარი ხართან რომ დააბაო…“  ხომ გაგიგიათ ანდაზა, ჰოდა, მეც შესაბამისი ხასიათი ჩამომიყალიბდა: მიყვარს სიმკაცრე (საქმეში), წესრიგი, პუნქტუალურობა, სიზუსტე (ამიტომაც ხშირად ვსვამ კითხვას „რატომ?“), პოეზია, სენტიმენტები.   

 რა შემიძლია ვურჩიო მათ, ვინც ახლა იწყებს ფიქრს მომავალ პროფესიაზე და გარკვეული სიმპათიები გააჩნია საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების მიმართ?

 მათემატიკა აზროვნების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. აზროვნების მათემატიკური სტილი არც ისე რთულია, როგორც ბევრს ჰგონია. სავსებით შესაძლებელია, ბავშვი საკმაოდ ადრე, ყოველგვარი სირთულის გარეშე დაეუფლოს მათემატიკურ აზროვნებას, მათემატიკა ისეთივე ახლობელი და მიმზიდველი გახდეს მისთვის, როგორც სამეტყველო ენაა. ამას, რასაკვირველია, ბევრი მუშაობა სჭირდება. არ შეუშინდეთ სიძნელეებს და წინააღმდეგობებს! წინააღმდეგობების დაძლევის პროცესში გამოგიმუშავდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც მათემატიკაში (და, ზოგადად, ცხოვრებაშიც) წარმატების საფუძველთა საფუძველია! ეს ყველაფერი აკეთეთ გულით, გონებით და… ფაქიზად – მათემატიკა ხომ მეცნიერებათა დედოფალია! მოექეცით მას, როგორც დედოფალს!

ელემენტარული მათემატიკური ცოდნის გარეშე ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ პრობლემას შეიძლება შევეჯახოთ. რაც მთავარია, მათემატიკის გარეშე შეუძლებელია რაიმე ტექნიკური აღმოჩენის გაკეთება.  როგორც დიდი ფილოსოფოსი კანტი ამბობდა, ყოველ მეცნიერებაში „იმდენი წილი“  ჭეშმარიტებაა, რამდენი  წილიც – მათემატიკაო. ამა თუ იმ მეცნიერების „მოწიფულობა“ ჩვეულებრივ იმით განისაზღვრება, რა ზომით იყენებს ის მათემატიკას.

კარგი იქნება, თუ ყოველთვის გეხსომებათ, რომ  თუ მომავალში ისეთ პროფესიას აირჩევთ, რომელიც მათემატიკასთან არ იქნება დაკავშირებული, მათემატიკური აზროვნება და უნარები აუცილებლად გაგიადვილებთ წარმატებას როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე – პროფესიულ საქმიანობაში.

ალექსანდრე  აპლაკოვი

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი,

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი.