მოგზაურობა პროფესიული თვითგამორკვევის სამყაროში

ერთ ჩვეულებრივ საღამოს სოციალურ ქსელში შემხვდა მოხალისობრივ პროექტში მოწვევის ბანერი. გადავწყვიტე ეს გამოწვევაც მიმეღო და ჩავრთულვიყავი პროექტში, რომელიც მიზნად ისახვდა ცნობიერების ამაღლებას პროფესიული ორიენტაციის და კარიერის მართვის მნიშვნელობის თაობაზე.

ასე დაიწყო ჩემი არაჩვეულებრივი მოგზაურობა „პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრთან ერთად“ პროფესიული თვითგამორკვევის სამყაროში. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება მოზარდებს და ახალგაზრდებს პროფესიის შერჩევაში, აცნობს მათ პროფესიების სამყაროს და შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს დამოუკიდებლად, გაცნობიერებულად და ინფორმირებულად აირჩიონ თავისი პროფესიული მომავალი და დაგეგმონ კარიერა ხანგრძლივი პერიოდის ჭრილში.

საინტერესო აღმოჩნდა სწავლების და ინდივიდუალური შეხვედრების ეტაპი მოხალისეობრივი პროექტების მომზადების პერიოდში. ბევრი მოტივირებული და საინტერესო თანატოლი გავიცანი და მეგობარი შევიძინე. ტრენინგების განმავლობაში ვისწავლეთ პროექტების წერა, აქტივობების დაგეგმვა, პრეზენტაციის აწყობა, საქმიანობის დელეგირება და აუდიტორიასთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.

2024 წლის 19-20 მარტს კი „პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ სამეგრელოს რეგიონის წარმომადგენლის სტატუსით, შუა ხორგის საჯარო სკოლაში ჩავატრე ტრენინგი „პროფესია ჩემს ცხოვრებაში“. ჩემი მშობლიური სკოლის მოსწავლეებს ვესაუბრე, თუ რა როლი აქვს პროფესიის სწორად შერჩევას და კარიერის  დაგეგმვას, როგორია არჩევანის პროცესში პრობლემების გადაჭრის გზები და სამომავლო პერსპექტივები.

ვფიქრობ, ყველა ადამიანი უნიკალურია და თითოეულს აქვს განსხვავებული მახასიათებლების ნაკრები: ნიჭი, უნარები, ინტერესები, პიროვნული თვისებები. მთავარია მოზარდმა ისინი აღმოაჩინოს და განავითაროს. ტრენინგის დროს, მოსწავლეებს გავაცანი ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ადამიანს ესაჭიროება პროფესიის არჩევის და კარიერის დაგეგმვის დროს. ვუყვებოდი მათ, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ ძალისხმევას ჩადებენ, აუცილებლად მიაღწევენ მიზნებს. პროექტის მსვლელობისას ვხედავდი, თუ როგორ უციმციმებდათ მოსწავლეებს თვალები, რადგან მათ თავიანთ კითხვებზე იპოვეს პასუხები, გაიგეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს პროფესია და იყო პროფესიონალი იმ დარგში, რომელიც მოგწონს, გამოგდის და გაბედნიერებს. მოსწავლეები გულწრფელად საუბრობდნენ საკუთარ მიზნებზე და სამომავლო პროფესიებზე. განსაკუთრებული აქტიურობა იყო მაშინ, როცა შთაბეჭდილებების დაფას ავსებდნენ. უამრავი თბილი და ლამაზი სიტყვა დაწერეს და დადებითად შეაფასეს ტრენინგი.

მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში პოზიტიური, პროდუქტიული და რაც მთავარია, წარმატებული და საუკეთესო ორი დღე იყო. მივხვდი, რომ Podic-თან ერთად თავადაც მივაღწიე მიზანს – ჩემი საქმე ვიპოვე, რომელიც ადამიანების სამსახურში ყოფნა და მათი დახმარებაა!  ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ყველა ჩემს რესურს მაქსიმალურად მოვახმარ ჩემს არჩევანს, რომ უკვე ხვალ, შევდგე როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი და კეთილსინდისიერად  ვემსახურო ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობას.

მეგი დოლბაია

მე -12 კლასის მოსწავლე

 

 

 

 

სრულად ნახვა

პროფესიის არჩევა -გარდამტეხი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში

პროფესიის არჩევა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ჯერ კიდევ 14 წლის ვიყავი, როდესაც საკუთარ თავთან ჭიდილში მომიწია ყოფნა: არასრულფასოვნების შეგრძნება, მოტივაციის გარეშე ცხოვრება და სამყაროში საკუთარი ადგილის ძებნა ძალიან რთული აღმოჩნდა. მიჩნდებოდა კითხვები:  ვინ ვარ? სად ვარ? რისთვის ვარ? სად უნდა ვიყო? როგორი უნდა ვიყო?

საკუთარ თავის ძიების პროცესში გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემი მომავალი პროფესია ადამიანების  მხარდაჭერასა და მათ დახმარებასთან ყოფილიყო კავშირში. გავიარე ფსიქოლოგიური ტესტირება  „პროფესიული ორიენტაცია“, რომელმაც კიდევ უფრო ზუსტად გამარკვია ჩემს ინტერესებში, უნარ-ჩვევებსა და შესაძლებლობებში. ამიტომაც ავირჩიე ფსიქოლოგია, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და ასევე საპასუხისმგებლო პროფესიაა. ეს პროფესია გაძლევს შესაძლებლობას, დაეხმარო ადამიანებს საკუთარი თავის აღმოჩენაში,  ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, გარემოსთან ადაპტაციასა თუ  სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავებაში. მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებს დაეხმარება იყონ ღიმილიანები და ბედნიერები. ღრმად მჯერა, რომ თითოეულ ადამიანში არის მზე, რომელმაც სულ უნდა ანათოს!

2021 წლის სექტემბერში მომეცა შესაძლებლობა და ჩავერთე პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრის მოხალისეობრივ პროექტში, ხოლო შემდგომ კი, გავხდი ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში. ჩავატარე რამდენიმე შეხვედრა  სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან პროფესიის არჩევისა და კარიერის დაგეგმვის მნიშვნელობაზე.  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი „რევულუცია“ დაიწყო სწორედ ამ პერიოდიდან და ყველა ნაბიჯი, რომელიც ამის შემდეგ ცხოვრებაში გადამიდგამს, არის ამ გადაწყვეტილების შედეგი. ეს იყო პირველი გარდამტეხი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, როცა აქტიურად დავიწყე მოქმედება: ჩავერთე არაფორმალურ განათლების მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა ტრენინგში, ვებინარსა თუ სემინარში, გავიცანი დარგის პროფესიონალები, უფრო ღრმად გავაცნობიერე ფიქოლოგიის არსი.

ამის შემდგომ დავიწყე უმაღლესი სასწავლებლების შერჩევის პროცესი. ძიების შემდგომ, უპირატესობა მივანიჭე კერძო უნივერსიტეტს. ზოგადად რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია ყველაფერი იყო და არის ალტერნატიული- ჩემი ხედვა,  მოქმედება, რომელიც არ გავს სხვისას. შესაბამისად, ავირჩიე  მართვისა და კომუნაკაციის უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ – განსხვავებული სასწავლო სივრცით, თანამედროვე, თბილი და სტუდენტებზე მორგებული გარემოთი.  როდესაც უნივერსიტეტის შესახებ დავიწყე ინფორმაციის მოძიება, აღმოვაჩინე, რომ  ჩემი მოთხოვნილებები და სურვილები, სრულ  თანხვედრაში მოდიოდა უნივერსიტეტის მიზნებთან და ღირებულებებთან. აქ, ალტერბრიჯის ტრანსფორმაციულ და მრავალფეროვან გარემოში, სტუდენტს შეუძლია აღმოაჩინოს „ალტერნატიული მე“. დარწმუნებული ვარ, რომ სასწავლებლის კედლებში მიღებული ცოდნით,  შემეძლება არა მხოლოდ ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და მასზე მორგება, არამედ აქტიური წვლილის შეტანა მომავალში დარგის  განვითარების პროცესში. და ბოლოს, ჩემი  მომავალი რექტორის ყველაზე მამოტივირებელი  სიტყვები ერთ-ერთი ინტერვიუდან „ვერასოდეს ვერ გაიგებ რა იქნებოდა, თუ ნაბიჯი არ გადადგი და ის სამი წერტილი მთელი ცხოვრება შეგაწუხებს- რა იქნებოდა, რომ გამებედა? -ამიტომ უნდა გაბედო !“

და მეც გავბედე… დღეს, როცა უკვე აბიტურიენტი ვარ, ზუსტად ვიცი, რომ ფსიქოლოგია არის ის პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით ვემსახურები!

სრულად ნახვა

როგორ ვიპოვე ჩემი პროფესია

თავდაპირველად, როდესაც უნივერსიტეტში ვაბარებდი ბაკალავრიატზე, სამწუხაროდ, ზუსტად არ ვიცოდი,  კონკრეტულად რომელ ფაკულტეტზე ან რომელ სასწავლებელში მინდოდა ჩამებარებინა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მეც მშობლების გავლენის ქვეშ აღმოვჩნდი და ჩავაბარე ბიზნესის ადმინისტრირებაზე. მოკლე დროში მივხვდი, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე. სხვა საგნებთან ერთად, თავისუფალ საგნად ავირჩიე ფსიქოლოგიის საფუძვლები და, როდესაც დავინახე განსხვავება ამ ორ დარგს შორის, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე რთული და არასწორი გზაა ისწავლო იქ, სადაც საკუთარ თავს ვერ ხედავ და ვერ იხარჯები. ამიტომაც მალე, პირველი კურსის მეორე სემესტრშივე გადავედი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და იმ დღიდან უფრო და უფრო მიყვარდება ეს სფერო.

ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის დაწყების შემდეგ დავიწყე აქტიური ძიება სხვადასხვა ტრენინგის, სტაჟირების პროგრამების, გავეცანი ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებებს,  რათა უკეთ დავრწმუნებულიყავი საკუთარ არჩევანში, შესაბამისად, ამერჩია სწორი განხრა, შემდეგ კი გამეღრმავებინა ცოდნა.

ჩემთვის ძალიან საინტერესო და დიდი გამოცდილების შემძენი იყო  სასწავლო პრაქტიკა ონკოლოგიურ კლინიკაში, სადაც ფსიქოლოგი-სტაჟიორი ვიყავი და ბევრ გასხვავებულ პაციენტთან მქონდა შეხება;

ვიმუშავე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ასისტენტად ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში, მივიღე გამოცდილება მსხვილ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ კომპანიაში რეკრუტერის და ადამიანური რესურსების მენეჯერის განხრით.

ამჟამად კი მაქვს საკუთარი ორგანიზაცია – “GRA-Georgian Retailers Association”-ქართულ მაღაზიათა ასოციაცია, სადაც ვარ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის კარგად გაცნობა, საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების და ღირებულებების ცოდნა იმისთვის, რომ პროფესიული მიმართულება სწორად აირჩიო. როდესაც ადამიანი ამას თავად ვერ ახერხებს, უჭირს პრიორიტეტების დალაგება ან უბრალოდ არ ფლობს საკმარისს ინფორმაციას საკუთარი ნიჭის, პიროვნული თვისებების ან საგანმანათლებლო რესურსების შესახებ,  ჩემი აზრით, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება პროფესიონალის დახმარება, რომელიც მეგზურობას და მხარდაჭერას გაგიწევს პროფესიული არჩევანის არც თუ მარტივ გზაზე, რითაც თავად დაზოგავ უმიზნოდ დახარჯულ დროს და რესურსებს.

 

სრულად ნახვა

პროფესიის არჩევის მნიშვნელოვანი ფაქტორები

თანამედროვე სამყაროში პროფესიის არჩევა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე სულ უფრო აქტუალური ხდება პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის საკითხი, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ დგას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რადგან პროფესიული თვითგამორკვევას არ ეთმობა სათანადო ყურადღება სკოლის სივრცეში. მოზარდებს მწირი ინფორმაცია აქვთ პროფესიების და საგანმანათლებლო რესურსების შესახებ. ამასთან,  გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საქართველოში ჯერ ისევ აქტუალურია პროფესიას არჩევა ოჯახის წევრების, ახლობლების რჩევით ან პროფესიის „პრესტიჟულობიდან“ გამომდინარე. ეს ტენდენცია ჯერჯერობით შენარჩუნებულია და  რისკებთან  არის დაკავშირებული, რადგან ასეთ დროს მოზარდები არ ან ვერ აცნობიერებენ, რომ სხვის მიერ შერჩეულ  პროფესიებში საკუთარი თავის წარმატებულად რეალიზაციისათვის, მათ მოუწევთ მათთვის უინტერესო  ან  „არარომანტიული“  სამუშაოების შესრულება. გარდა ამის, არსებობს იმის დიდი რისკიც, რომ „მოდური” და „პრესტიჟული” პროფესია სულაც არ შეესატყვისება კონკრეტული ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს. პროფესიის არჩევისას ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, სანამ შევჩერდებით იმ ერთ პროფესიაზე ან მიმართულებაზე, რაც ყველაზე მეტად შეგვესაბამება და სადაც კარიერული წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი შანსები გვაქვს.

პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა კომპლექსურ ხასიათს ატარებს. მნიშვნელოვანია მოზარდს შეექმნას წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ და მაქსიმალურად ამომწურავად გასცეს პასუხები ისეთ მნიშვნელოვან შეკითხვებს, როგორიცაა: ვინ ვარ მე? რა ინდივიდუალური პიროვნული თვისებების მატარებელი ვარ? რა მაინტერესებს? რა შესაძლებლობები მაქვს? რა არის ჩემი ღირებულებები?

პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრი სწორედ ის  ორგანიზაციაა, რომელიც კომპლექსურად უდგება პროფესიულ ორიენტაციას  და  რამდენიმე საფეხურს მოიცავს:

  1. პირველი საფეხური ეს არის – უნიკალური, ციფრული პროფესიული ორიენტაციის ტესტირება ქართულ ენაზე, რომელიც იკვლევს მოზარდის ინტერესებს, უნარებს, შესაძლებლობებს და ინდივიდუალურ პიროვნულ მახასიათებლებს.
  2. მეორე საფეხურზე – ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით ტარდება კარიერული კონსულტაცია, გამოიკვეთება მოზარდის პროფესიული შესაბამისობა მის ინდივიდუალურ მახასიათებლებთან, განისაზღვრება ის პროფესიული მიმართულება, საქმიანობის სფერო და პროფესიები, სადაც ახალგაზრდა წარმატებული და ბედნიერი იქნება.
  3. მესამე საფეხურზე – კონსულტირების ფარგლებში დაინტერესებულ პირს მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსების, უნივერსიტეტების, ეროვნულ საგამოცდო ცნობართან მუშაობის, შრომის ბაზრის, მოსალოდნელი ანაზღაურების შესახებ -ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება მას საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად.

რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერესების, შესაძლებლობების და პიროვნული მახასიათებლების კვლევა?

შესაძლებელია, მოზარდს რომელიმე პროფესია აინტერესებს და ამ მოტივით მიიღის გადაწყვეტილება. აქ აუცილებლად გასაანალიზებელია, რამდენად კარგად აქვს განვითარებული ამ პროფესიისთვის მნიშვნელოვანი უნარები და შესაძლებლობები. მაგალითად, შეიძლება მოზარდს მოწონს არქიტექტურა, თუმცა მას არ აქვს კარგად განვითარებული სივრცითი და ტექნიკური უნარები, რაც გადამწყვეტია ამ პროფესიისთვის. შესაბამისად, უნდა შეირჩეს ის სფერო, რომელიც ინტერესების,  უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პროფესიის არჩევისას, ინტერესებთან ერთად, საკუთარი უნარების და შესაძლებლობების ანალიზი და შეფასება.

პროფესიის არჩევისას მოზარდმა მნიშვნელოვანია იცოდეს, რა პიროვნული ინდივიდუალური მახასიათებლების მატარებელია და როგორ შეესაბამება მისი ხასიათის თვისებები კონკრეტულ პროფესიას. მაგალითისთვის, ინტროვერტი ადამიანისთვის რთული იქნება მომსახურების სფეროში მუშაობა, რადგან ეს სამსახური მოითხოვს მისგან ბევრ ადამიანთან კომუნიკაციას, რაც გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მას.

ასევე მნიშვნელოვანია მოზარდის ღირებულებები, ანუ მან უნდა შეაფასოს საკუთარი შრომითი ღირებულებები. ზოგიერთი ადამიანისთვის ღირებულია მატერიალური ანაზღაურება, ზოგისთვის –  ადამიანებისთვის დახმარების გაწევა და ა.შ. უნდა განისაზღვროს, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული, ყველაზე ღირებული და შემდეგ უნდა მოვძებნოთ ის პროფესია, სადაც საკუთარი ღირებულებების დაკმაყოფილებას ყველაზე უკეთ შევძლებთ. მაგალითად თუ მოზარდს ადამიანების დახმარება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა ამოძრავებს, მისთვის საინტერესო იქნება მედიცინის და სოციალური მომსახურების სფეროები, მაგრამ თუ მხოლოდ მატერიალური მოტივით ხელმძღვანელობს, არჩვანი უნდა შეაჩეროს იმ სფეროზე, რომელიც ამ მოთხოვნას დაუკმაყოფილებს.

პროფესიის არჩევამდე  ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიის შინაარსის შესწავლა, რათა ახალგაზრდამ ზუსტად იცოდეს რა სამუშაოების შესრულება მოუწევს მას, რა გარემოში იმუშავებს, როგორ სოციალურ წრეში იტრიალებს ა.შ.  ვინაიდან ამ ინფორმაციის მოპოვება სტუდენტობის ან უფრო გვიან ეტაპზე  ხდება, ამიტომ ახალგაზრდები სამუშაოს დაწყების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ პროფესიაზე რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდათ, შედეგად კი ვიღებთ  არაპროდუქტულობას, კარიერულ წარუმატებულობას, მოტივაციის და შრომითი კმაყოფილების კლებას და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში ადამიანი თავს ანებებს ამ პროფესიას და სხვა სფეროში ცდილობს რეალიზებას.

უმნიშვნელოვანესია ასევე შრომის ბაზრის შესწავლა.  პროფესიული არჩევნის წინაშე მდგომი კარგად უნდა იცნობდეს შრომის ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდენციებს: იცოდეს როგორ ვითარდება ესა თუ ის პროფესია, დასაქმების რა შესაძლებლობები აქვს, იზრდება თუ მცირდება კონკრეტული პროფესიით დასაქმებულთა რაოდენობა, როგორია ამ პროფესიით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება…

სწორად შერჩეულ პროფესიაში ადამიანს აქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი უნარები და ნიჭი, სიამოვნება მიიღოს საქმიანობისგან, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ადამიანის პროფესიონალად ჩამოყალიბებას, შესაბამის მატერიალურ ანაზღაურებას და მთლიანობაში  – ადამიანის ბედნიერებას და  პროფესიული ცხოვრებით კმაყოფილებას.

 

სრულად ნახვა

როგორ შევარჩიოთ უმაღლესი სასწავლებელი -რჩევები აბიტურიენტებს

როდესაც სკოლის დასრულების შემდგომ განათლებაზე იწყებს მოზარდი  ფიქრს, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინაშე დგება. მან უნდა განსაზღვროს რა პროფესიას ირჩევს და რომელ სასწავლო დაწესებულებაში შეძლებს მის შესწავლას.

მომავალი პროფესიის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული საფეხურია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქცენტი უნდა გაკეთდეს მოზარდის ინტერესებზე, ღირებულებეზე, შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ პიროვნულ მახასიათებლებზე, მიმდინარე შრომის ბაზარსა და პროფესიული საქმიანობის პერსპექტივებზე. ყველა ამ ინფორმაციის მობილიზება რთულია მოზარდისთვის, ამიტომ მათ დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ ამ პროცესში. პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მიღწევის შანსები გაცილებით იზრდება, როცა ადამიანი ემსახურება საქმეს, რომელიც უყვარს და აბედნიერებს საქმიანობის ყოველდღიურობა.

მას შემდეგ, რაც აბიტურიენტი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელი პროფესიული მიმართულებით აგრძელებს განათლებას, მნიშვნელოვანია შეარჩიოს ის სასწავლო დაწესებულება, რომელსაც მიანდობს სწავლების პროცესს.

სასწავლო დაწესებულების შესარჩევად ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოზარდის მოლოდინები პროფესიის შესწავლასთან დაკავშირებით. ამ დროს ახალგაზრდებს ძალიან ბევრი კითხვა აქვთ და მათზე გაცემული პასუხები დაეხმარებათ აბიტურიენტებს და მათ მშობლებს შეადარონ მიღებული ინფორმაცია  თავიანთ მოლოდინებს და კონკრეტულ სასწავლებელზე არჩვანიც სწორედ ამის შესაბამისად გააკეთონ.

ელექტრონული სახით მოძიებული და მიღებული ინფორმაცია, დიდი ალბათობით ვერ გასცემს პასუხს ყველა თქვენს შეკითხვას, თუმცა პრაქტიკულად ყველა უმაღლეს სასწავლებელს აქვს ორგანიზებული „ღია კარის დღე“, სადაც დაწესებულებების წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას გასცემენ თქვენთვის საინტერესო თემებზე:

სასწავლო პროცესის შესახებ:

  • რამდენად კვალიფიციურია აკადემიური პერსონალი?
  • გექნებათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანახვის შესაძლებლობა?
  • რა შესაძლებლობები აქვთ სტუდენტებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის?
  • აქვს თუ არა სასწავლებელს შესაბამისი ლაბორატორიები?

დამატებითი შესაძლებლობების შესახებ:

  • აქვს თუ არა სასწავლებელს სტუდენტთა საცხოვრებელი და როგორ შეიძლება სარგებლობა?
  • რა დამატებით აქტივობას სთავაზობს სასწავლებელი სტუდენტებს სასწავლო პროგრამის მიღმა?

სწავლის საფასურის შესახებ:

  • გადახდის რა პირობებით შეგიძლიათ ისარგებლოთ?
  • აქვს თუ არა სასწავლებელს შიდა სასწავლო გრანტი? შიდა დაფინანსების პროგრამა?  სტიპენდია? სტუდენტური სესხი?

დასაქმების შესახებ:

  • სასწავლებლის დასრულების შემდგომ როგორია დასაქმების ალბათობა?
  • აქვთ თუ არა დასაქმების ან სტაჟირების პროგრამები?

ინფორმაციის მიღება სტუდენტების ან/და კურსდამთავრებულებისგან:

  • მათი შთაბეჭდილებების გაზიარება -რა იყო მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი და სარგებლიანი?
  • რისი გათვალისინება იქნებოდა კარგი თქვენთვის? 

შეკთხვების ჩამონათვალი რასაკვირველია, არასრულია  და თითოეულ ადამიანს თავისი, ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს სწავლასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროთ რა გსურთ და რა მოლოდინები გაქვთ უმაღლეს სასწავლებელთან მიმართებაში. რეალისტურად შეაფასოთ ალტერნატივების სუსტი და ძლიერი მხარეები, განსაზღვროთ პრიორიტეტები. კითხვებზე მიღებული პასუხები გაგიმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას და შეძლებთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული უმაღლესი სასწავლებლის შერჩევას.

სრულად ნახვა

პროფესიის არჩევა და შრომითი კმაყოფილება -კვლევის შედეგები

„პროფესიის არჩევა გარკვეულწილად ცხოვრების პარტნიორის არჩევას უტოლდება

დ. კარნეგი

21-ე საუკუნის სწრაფად ცვალებად სამყაროში, განუზომლად დიდია ადამიანური რესურსების განვითარების და რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობა. შრომის ბაზარი გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს როგორც პროფესიული მომზადების, ისე პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სისტემებს. ადამიანებს სჭირდებათ დახმარება პროფესიის არჩევის, შეცვლის, კომპეტენციების ათვისების, განვითარების და კარიერული ცხოვრების დაგეგმვის საკითხებზე, რათა სამუშაო პროცესი საინტერესო და სასიამოვნო იყოს, რაც  ადამიანის ბედნიერების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

პროფესიული ორიენტაცია გულისხმობს სისტემურ პროცესს, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს გაიაზრონ საკუთარი ინტერესები, უნარები და შესაძლებლობები, საკუთარი პოტენციალი სწავლის და განვითარების კუთხით. პროფორიენტაცია ასევე გულისხმობს პროფესიის მაძიებლის ინფორმირებას პროფესიის შინაარსის, პროფესიაში არსებული სპეციალობებისა და სპეციალიზაციების, საგანმანათლებლო რესურსების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ამის შემდგომ, კი საკუთარი უნარების, ინტერესების, პიროვნული მახასიათებლების და შრომითი ღირებულებების პროფესიასთან შესაბამისობის დადგენას,  პროფესიის შერჩევას და კარიერის დაგეგმვას.

 პროფესიული ორიენტაცია – ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც გულისხმობს არა ერთჯერადად გადაწყვეტილების მიღებას და არჩევანის გაკეთებას, არამედ კარიერის მართვის უნარების შეძენას და გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებას, რომლის გამოყენებასაც პიროვნება მთელი ცხოვრების მანძილზე შეძლებს.

პროფესიული ორიენტაციის აქტუალობას და მნიშვნელობას მრავალი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს.  დარგის პროფესიონალები ერთხმად აღიარებენ, რომ პროფორიენტაცია ხელს უწყობს შრომითი ეფექტიანობის ზრდას, უმუშევრობის დონის შემცირებასა და სამსახურის თვითნებურად მიტოვების შემთხვევებს.

„პროფესიული ორიენტაციის და განვითარების ცენტრმა“, რომელიც უკვე ორი წელია პროფორიენტაციულ საქმიანობას ეწევა, ჩაატარა კვლევა თემაზე „ხართ თუ არა დასაქმებული თქვენი პროფესიით?“. კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რამდენად არიან ადამიანები დასაქმებული პირველადად არჩეული პროფესიით, შეიცვალეს თუ არა პროფესია ცხოვრების განმავლობაში და რამ განაპირობა მათი პროფესიული არჩევანი, რაც კიდევ უფრო მეტად ნათელს გახდიდა ჩვენთვის, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ადამიანები საქართველოში პროფესიის არჩევის დროს.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 18-დან 60 წლამდე 636 ადამიანმა. აქედან მონაწილეთა 11/2%-ი რესპოდენტი 18-დან 25 წლამდეა, 80,6% 26-55 წლამდე; 7.4% -ი -55+ ასაკისაა. უმაღლესი განათლება აქვს რესპოდენტთა 96,5%-ს; პროფესიული განათლება -2%-ს; საშუალო განათლება -1,4%-ს;

კვლევაში დასმული იყო სულ რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:

    არიან თუ არა დასაქმებული ადამიანები პირველადად არჩეული პროფესიით, რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგებით:

    51,9% – 324 ადამიანია დასაქმებული პირველადად არჩეული პროფესიით, მათგან

    • 233 რესპოდენტი – კმაყოფილია საკუთარი არჩევანით
    • 91 რესპოდენტი -უკმაყოფილო ან ნაწილობრივ კმაყოფილია

    რამ განსაზღვრა პროფესიული არჩევანი,რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგებით:

    ის რესპოდენტები, (233 გამოკითხული), რომლებიც დასაქმებული და კმაყოფილები არიან იმ პროფესიით, რაც პირველად აირჩიეს, პროფესიის არჩევა განსაზღვრა:

    • ინტერესებმა -58% -135 რესპოდენტი ;
    • უნარებმა და შესაძლებლობებმა -23,2% -54 რესპოდენტი;
    • პიროვნულმა მახასიათებლებმა – 8.1% -19 რესპოდენტი

    ჯამში 89,3%, ხოლო 10,7%-ის პროფესიულ არჩევანზე იმოქმედა:

    • მშობლების გავლენამ -7 რესპოდენტი;
    • პროფესიის პრესტიჟულობამ -6 რესპოდენტი;
    • სხვა-6 რესპოდენტი
    • შრომის ბაზრის მოთხოვნილება-4 რესპოდენტი
    • მაღალი ანაზღაურება – 2 რესპოდენტი;

     შეიცვალეს თუ არა პროფესია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგებით:

    • 636 რესპოდენტიდან 49,1% – 312 ადამიანმა შეიცვალა პროფესია, ვინაიდან არ იყვნენ კმაყოფილები პირველადი არჩევანით, მათგან:
    • 51,7% – 161 რესპოდენტი კვლავ უკმაყოფილო, ან ნაწილობრივ კმაყოფილია არჩეული პროფესიით,
    • 48,4%- 151 რესპოდენტი კმაყოფილია შეცვლილი პროფესიით.

    თუ რამ განსაზღვრა პროფესიის შეცვლა,  პროფესიული არჩევანით უკმაყოფილო რესპოდენტების 39,6% -ი ძირითად მიზეზად ასახელებენ, რომ:

    • გავაცნობიერე, რომ პროფესია არ ავირჩიე სწორად
    • არ მქონდა რეალისტური მოლოდინები პროფესიასთან მიმართებაში
    • არჩეულ პროფესიაში ვერ დავსაქმდი სამუშაო ადგილების სიმცირის გამო
    • არჩეულ პროფესიაში მუშაობა დისკომფორტს მიქმნიდა
    • ვერ მოვერგე იმ მოთხოვნებს, რასაც პროფესია მიყენებდა

    შეკითხვას, შეუძლია თუ არა ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიცვალოს პროფესია, რესპონდენტების 93,4%-მა დადებითად უპასუხა.

    ამდენად, გამოკითხული 636 ადამიანიდან, პირველადად არჩეული პროფესიით დასაქმებული და კმაყოფილია მხოლოდ 233 ადამიანი, რაც გამოკითხულთა 36,7%-ია. სხვადასხვა ეტაპზე პროფესიის შეცვლის შემდგომ, დასაქმებულების კმაყოფილების საერთო მაჩვენებელი 60,4%-ს შეადგენს.

    ადამიანებს ერთმანეთისგან განსხვავებული უნარები, შესაძლებლობები და ინტერესები აქვთ, შესაბამისად განსხვავდება ის მიმართულებები და პროფესიები, სადაც ისინი საკუთარი თავის რეალიზებას და წარმატების მიღწევას შეძლებენ. პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში, პროფკონსულტანტის დახმარებით პროფესიის მაძიებელს საშუალება ეძლევა მიიღოს კომპეტენტური პასუხები კითხვებზე, მიიღოს სტრუქტურირებული, ჩამოყალიბებული ინფორმაცია საკუთარი თავის, პროფესიების, მათი თავისებურებების და დაუფლების გზების, პროფესიებზე მოთხოვნის და საგანმანათლებლო რესურსების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროფესიის მაძიებლის მზაობას გაცნობიერებული, ინფორმირებული  და დამოუკიდებელი არჩევანის გასაკეთებლად.

     

     

    სრულად ნახვა

    პროფესიული არჩევანი, როგორც ცხოვრების სტილი

    ბავშვობის ულამაზესი წლები, სიცელქითა და ბედნიერი ნათელი დღეებით აღსავსე, დახუნძლულია ვალდებულებებითაც, რასაც სკოლის კედლებში სწავლა-განათლების მიღება ჰქვია. უმნიშვნელოვანესია სკოლის როლი ჩვენი ცნობიერების ჩამოყალიბებაში, რადგან ჩვენი მიზნებსა და სურვილებზე უდიდესი დიდი გავლენას ახდენს პედაგოგი, რომელმაც უნდა შეგვაყვაროს საგანი, რომელსაც ძალუძს  შეგვიცვალოს შეხედულებები, რაც მოგვცემს ჩვენი მომავალი პროფესიის სიყვარულით (და არა სოციალური თუ ცხოვრებისეული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად) დაუფლების შესაძლებლობას.

    სკოლაში სწავლის წლები ჩემთვის გახლდათ დატვირთული თბილი, ხალისიანი და ბედნიერი ემოციებით. ვიზრდებოდით ლაღ და მშვიდ გარემოში. საზრუნავი მხოლოდ სწავლა გახლდათ ნეგატიური სოციალური ფაქტორებისაგან დაცლილ გარემოში. პედაგოგებიც რუდუნებით გვაწვდიდნენ ცოდნას, რაც მომავალი პროფესიისა თუ ცხოვრების დაგეგმვის პრინციპულ საფუძვლებს შეგვიქმნიდა.

    რთულია იყო მოზარდი და, ამავე დროს, კონცენტრირებული მხოლოდ სწავლაზე, მომავალი პროფესიიის დაგეგმვის რეჟიმზე მაშინ, როდესაც შენში იღვიძებს რაღაც სხვა, აუხსნელი. ორგანიზმი განიცდის ტრანსფორმაციას და უნებურად ეჯახები სრულიად ახალ გარემოს. ეს ის ულამაზესი წლებია, როდესაც გულიც სხვაგვარად ფეთქვავს, გრძნობ, თუ როგორ იცვლება შენ ირგვლივ ბუნებაც.  ოცნებობ რაღაც სხვაზე, გაურკვეველზე, მაგრამ მაინც იაზრებ, რომ აუცილებელია იფიქრო შენი მომავალი პერსპექტივებისა და ცხოვრების დაგეგმვაზე, რადგან ცხოვრება მიიწევს წინ და შენც, როგორც ინდივიდი, დაიჩაგრები განვითარებისა და პერსპექტივის გარეშე.

    მოზარდისთვის ეს ის პერიოდია, როდესაც მშობელი გიყვარს, მაგრამ, ამავე დროს, შენი საზომი, ზოგ შემთხვევაში, არა მშობელი, არამედ სულ სხვა ინდივიდი შეიძლება გახდეს! ცდილობ მიუახლოვო შენი მომავალი პოზიციები იმ ადამიანის ხედვებსა და იდეალებს, ვინც მოგწონს. პირადად ჩემთვის მშობლები გახლდათ საზომი ადამიანობის, პროფესიული წინსვლისა და პატრიოტიზმის, მაგრამ, ასევე, ირგვლივ მყავდა ისეთი ადამიანებიც, რომელთა რუტინაც ძალიან საინტერესო იყო.

    პროფესია, რომელსაც ვირჩევთ, უნდა გვიყვარდეს, რადგან, თუ არ გიყვარს, ვერ რეალიზდები სამყაროში იმ ხარისხით, რასაც მოითხოვს კონკურენტული გარემო. ჩვენ უნდა გავითავსოთ და მომავალ თაობასაც ჩავაგონოთ, რომ განათლებაც შენი ოჯახია, შენი ცხოვრების თანამგზავრია და, სწორედ მასთან ხელიხელჩაკიდებულმა, უნდა იღვაწო შენი ქვეყნისა და ოჯახის კეთილდღეობისათვის.

    პროფესიის შერჩევისას მუდმივად ვფიქრობდი, თუ რატომ მიზიდავდა იურისპრუდენცია და არა სხვა პროფესიები, მიუხედავად ასაკისა, ვაანალიზებდი ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაძლო სამომავლო შედეგებს. ასაკისთვის უჩვეულოდ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი სამართლის რომელ მიმართულებასთან მინდოდა დამეკავშირებინა ჩემი მომავალი და, დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, არჩევანი წარმატებული გახლდათ, რადგან დავეუფლე იურისტის პროფესიას, სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით. ჩემი სურვილისა და მიზნის შესაბამისად, გავხდი ნოტარიუსი და მოცემული საქმე მაბედნიერებს დღემდე. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის ჩემი სითბოსა და გამოცდილების გაზიარება, ასევე მაბედნიერებს მოქალაქეთა სითბო და სიყვარული, რითაც ისინი მანებივრებენ ჩემს სანოტარო ბიუროში ვიზიტის დროს. მაბედნიერებს თითოეული კოლეგა და ბიუროს თანამშრომელი, და ემოციებით დახუნძლული, ბედნიერ გარემოს ნაზიარები, კიდევ უფრო ბედნიერად გადავინაცვლებ ოჯახურ გარემოსა თუ მეგობრების გარემოცვაში.

    აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ გადაწყვეტილების მიღებისას არანაირ ზეგავლენას ადგილი არ ჰქონია პირადად ჩემზე, რადგან ვერც სოციუმი და ვერც უახლოეს ადამიანთა წრე ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი ჩემი შესრულებული საქმიანობის ხარისხზე. შესაბამისად, გავაცნობიერე რა ჩემი მომავალი მიზნები და მისწრაფებები, გავანდე ჩემს ოჯახს, მივიღე სრული მხარდაჭერა და ვიყავი აბსოლუტურად დამოუკიდებელი არჩევანში.

    ვფიქრობ, თაობებმა, რომლებიც გადიან ულამაზეს ასაკს და აქვთ ფუფუნება იფიქრონ სამომავლო არჩევანზე ეხლა, არიან სტუდენტები და სწავლასთან ერთად იაზრებენ, რომ ეს არ არის ის, რაც უნდოდათ, უნდა დაფიქრდნენ, აწონ-დაწონონ და ცივი გონებით, სწორად დასახონ საყვარელი პროფესიისა და საქმიანობის სამომავლო გეგმები. რთულია, წინასწარ განსაზღვრო, ესა თუ ის პროფესია როგორ აგვიწყობს მომავალს, იქნება თუ არა იგი ღირსეული ცხოვრების გარანტი, მაგრამ ის უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც შენი არჩევანი იყო, რადგან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ,  ეს შენი ოჯახია. დავძენდი იმასაც, რომ ნებისმიერ ასაკსა თუ პოზიციაზე  არ უნდა გაჩერდე, უნდა განაგრძო და ფეხი აუწყო განვითარებას, წინ – დასახული მიზნისკენ, რათა გამოადგე ქვეყანას, შენს ხალხსა და ოჯახს.

    უნდა გავაცნობიეროთ, რომ მთავარი არაა პროფესიის დაუფლება მხოლოდ პროფესიითვის, დიპლომისთვის, არამედ აუცილებელია პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტი, რადგან გარემო დღითი დღე სულ უფრო კონკურენტული ხდება.

    ამ პრინციპებით დავზარდე შვილები, არასოდეს მოქცეულან  სხვისი სურვილების გავლენის ქვეშ და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ორივე საყვარელ პროფესიას ეუფლება და მიიწევს წინ – დასახული მიზნებისკენ.

    მინდა ვუსურვო მომავალ თაობებს წარმატებები, კეთილი და ბედნიერი მომავალი.

     

    სრულად ნახვა

    ბავშვობაში არჩეული პროფესია – თათა ბარამია

    ბავშვობიდან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, რამაც, ვფიქრობ, განაპირობა ჩემი პროფესიის არჩევაც. ყოველი დღე, რომელსაც ადამიანებთან კომუნიკაციის გარეშე ვატარებ, არის უფუნქციო და უინტერესო. პატარა რომ ვიყავი, მახსოვს, სოფელში ვაწყობდი ხოლმე კონცერტებს, გავთვლიდი ყველა დეტალს  და ვმართავდი წარმოდგენებს.  მაშინ ეს ყველაფერი ბავშვური გართობა იყო, თუმცა მახსოვს პასუხისმგებლობის გრძნობა, რასაც იმ დროს განვიცდიდი.  იმთავითვე მქონდა გათავისებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია  სტრატეგიული კომუნიკაცია, ანუ სწორი მესიჯის მიწოდება საზოგადოებისათვის.

    სკოლა დავამთავრე ევროპაში, კერძოდ, საბერძნეთში,  რაც ძალიან დიდ კულტურულ გარდატეხასთან იყო დაკავშირებული. თბილისის საჯარო სკოლიდან უცებ თავი ამოვყავი ამერიკულ აკადემიაში, სადაც კლასელები სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ. ამას ისიც დაერთო, რომ მეგონა, ინგლისური კარგად ვიცოდი, მაგრამ პირველ დღეს, მე 9 კლასში, ბიოლოგიის გაკვეთილზე რომ აღმოვჩნდი, მივხვდი, თურმე ისე კარგადაც არ მცოდნია, როგორც მეგონა.

    იყო ბევრი სირთულე, თუმცა ცხოვრებისეული გამოცდილება – ძალიან დიდი. პროფესიის არჩევას რაც შეეხება, ვფიქრობ, გამონაკლისი ვიყავი თანატოლებში, რადგან ზუსტად ვიცოდი, რა სფერო მაინტერესებდა – ეს იყო მარკეტინგი და კომუნიკაციები. საქართველოში რომ დავბრუნდი, მარკეტინგის ფაკულტეტი მხოლოდ ერთი-ორ უნივერსიტეტში არსებობდა და მეც დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტი. სწორედ იმ პერიოდში, საქართველოს ბანკში იყო კამპანია „სეკრეტ სანტა“, რაც ძალიან შთამბეჭდავი მეჩვენა, ვფიქრობდი, რომ ამ ორგანიზაციის კულტურა ძალიან ახლოს იყო ჩემს ბუნებასთან. ძალიან მინდოდა მუშაობა ისეთ პროექტებზე, როგორიც მაშინ სანტა იყო.

    გავიდა რამდენიმე წელი და სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი საქართველოს ბანკის კომუნიკაციების გუნდში, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ  მთლად შემთხვევით! ღრმად მწამს, რომ ადამიანი მუდმივად ილტვის საოცნებო მიზნისაკენ! უკვე შვიდი  წელია ვმუშაობ საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდში, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე და მიხარია, რომ არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს ,  რომ ყოველი სამუშაო დღე უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს და მაბედნიერებს. ვფიქრობ, რომ სწორედ ასე უნდა შეარჩიო პროფესია -საქმე რომელიც გაინტერესებს და გამოგდის, სიამოვნებით აკეთებ, ბედნიერებას განიჭებს და შენი საქმიანობით მცირე წვლილი შეგაქვს სხვა ადამიანების კეთილდღეობაში.

    სრულად ნახვა

    როგორ ავირჩიო პროფესია?

    თქვენ შესაძლოა ბავშვობიდან ოცნებობთ ექიმობაზე ან ასტრონავტობაზე და აბიტურიენტობის პერიოდშიც არ გეპარებათ ეჭვი არჩევანის სისწორეში. მიუხედავად იმისა,  რაც არ უნდა გითხრათ მშობელმა ან უახლოესმა მეგობარმა, თქვენ მაინც ფანატიკოსის სიჯიუტით კითხულობთ ქიმიის და ბიოლოგიის სახელმძღვანელოებს ან „ახალგაზრდა ფიზიკოსთა“ კლუბში გაერთიანდით და ზუსტად იცით, რას გააკეთებთ სკოლის დასრულების შემდგომ. თუ ასეა, მაშინ ძალიან გაგიმართლათ, რადგან თქვენ იმ აბიტურიენტების რიცხვს განეკუთვნებით, რომელთაც ნათლად აქვთ წარმოდგენილი როგორი ადამიანია, რა აიტერესებს და „რა არის მისი მოწოდების საქმე“, რომლის კეთება სიამოვნებას და ბედნიერებას მოუტანს. თუმცა არიან აბიტურიენტები, რომლებსაც არ აქვთ ნათელი ხედვა იმის, თუ ვინ გამოვა, სად გააგრძელებს სწავლას მას შემდეგ, რაც სკოლის კედლებში დიდი ხნის ნანანტრი  „ბოლო ზარი“ ჩამოკრავს .

    კარგია, თუ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ფიქრობს პროფესიის არჩევაზე – ეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ სიმწიფეზე მიუთითებს. ცუდია, როცა ადამიანს არ აინტერესებს თავისი მომავალი ან  „ამ საქმეს“ მშობელს მიანდობს, სხვადასხვა მიზეზების გამო თანხმობას მისცემს, რომ თქვენგან იურისტი ან დეველოპერი დადგეს, რადგან ეს შენც „მოგწონს“ და თან ძალიან პრესტიჟული პროფესიაა. თუმცა წლების შემდეგ აღმოჩნდება, რომ სულაც არ მოგწონს უზომო რაოდენობის ფურცლებთან მუშაობა და არც ადამიანებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოებაა შენი ძლიერი მხარე.

    პროფესიული თვითგამორკვევის პროცესი, როგორც წესი, წარმოიქმენა ორი კატეგორიის მოზარდებში: პირველებმა ჯერ ვერაფერი იპოვეს საინტერესო ირგვლივ, არ დაინტერესდნენ არც ერთი სასკოლო საგნით განსაკუთრებულად, მართალია კარგად სწავლობენ, მაგრამ მათი მოსაწყენი ყოვედღიურობა აქვთ. მათ არ იციან რას გულისხმობს მათი მშობლების პროფესია, ან რას საქმიანობს აგრონომი და ზოგადად მათ ნაკლები ცოდნა აქვთ პროფესიების სამყაროს შესახებ.  რადგან ის რაც მათ გარშემოა, განსაკუთრებით არაფერი იზიდავს და რა აირჩიონ? ამ მოზრდებმა არ იციან რისი გაკეთება სურთ. მეორე კატეგორიის მოზარდებს კი პირიქით, ყველაფერი აინტერესებთ, დადიან სხვადასხვა წრეებზე, ერთვებიან უამრავ აქტივობაში-საგანმანათლებლო თუ სპორტულში, მათზე ხშირად ამბობენ, რომ ისინი ნიჭიერები არიან და ყველგან მიაღწევენ წარმატებას. თუმცა…ეს მოზარდებიც ვერ ადგენენ რა მოსწონთ უფრო მეტად, რა პროფესიას უნდა დაუკავშირონ თავისი ცხოვრება.

    როგორ გავიცნოთ საკუთარი თავი?

    ფსიქოლოგები თვლიან, რომ პროფესიის არჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ფსიქოლოგიური მახასიათებლებსა და პროფესიის შესაბამის მახასიათებლებს შორის შესაბამისობა არსებობდეს.  პროფესია აუცილებლად უნდა იყოს საინტერესო. თუ მოგწონთ ტექნიკასთან ჩხირკედელაობა, ეს ინტერესი დაგეხმარებათ მოძებნოთ საკუთარი თავი ინჟინერიაში, თუ ბუნება, მცენარეები და ცხოველები გიყვართ, თქვენი ინტერესები ვეტერინარიას, კონოლოგიას ან ეკოლოგიას შეგიძლიათ დაუკავშიროთ.

    ნებისმიერი საქმიანობა მოითხოვს, რომ ადამიანს ჰქონდეს ე.წ. „პროფესიულად მნიშვნელოვანი თვისებები“ – თუ ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია წარმოსახვითი აზროვნება, კორექტორისთვის-ყურადღებაა აუცილებელი. ამიტომ პროფესიის არჩევისას უნდა გააცნობიეროთ გაქვთ თუ არა პროფესიისთვის მნიშვნელოვანი უნარები.

    ასევე აუცილებელია პროფესიული საქმიანობის ტიპი შეესაბამებოდეს თქვენ ინდივიდუალურ მახასიათებლებს: თუ თქვენ კომუნიკაბელური ხართ და სიამოვნებას განიჭებთ ბევრი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა, კონტაქტებთან დაკავშირებული პროფესიები უფრო შეგეფერებათ, ხოლო თუ ემოციურად არასტაბილური ხართ, დიდხანს ვერ შეძლებთ რუტინული აქტივობების შესრულებას, რომლებიც საჭიროებენ კონცენტრაციას.

    თუ თქვენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ხართ, თქვენ ახლა გადიხართ პროფესიული თვითგამორკვევის პროცესს, არ არის საჭირო რაიმე სახის იარლიყების მიწებება საკუთარი თავისთვის და ოცნების პროფესიაზე უარის თქმა იმის გამო, რომ რაიმე უნარი გაკლიათ მის შესასრულებლად. თუ თქვენი ოცნებაა გახდეთ გიდი, მაგრამ თვლით, რომ „მორცხვი“ ხართ და აუდიტორიასტან კონტაქტი გაგიჭირდებათ, არ უნდა დანებდეთ და სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით გამოიმუშავოთ საჯარო გამოსვლის ტექნიკები. უნარები დამუშავებადი და სწავლებადია. რთულია იმის გაგება ფსიქოლოგია მოგწონს თუ ეკონომიკა, მაშინ როცა, სკოლის კედლებში არც ერთი საგანი არ გისწავლია, ამიტომ მნიშვნელოვანია თვალსაწიერის გაფართოება და პროფესიონლების მხარდაჭერაც სასარგებლო იქნება პროფესიული არჩევანის გზისგასაყარზე.

    მას შემდეგ რაც გაერკვევით თქვენს შესაძლებლობებში, ინტერესებსა და პიროვნულ თვისებებში,  გესაჭიროებათ ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსების შესახებ : რომელ უმაღლეს სასწავლებელში დაეუფლოთ ამ პროფესიას, რა რეპუტაცია აქვს უნივერსიტეტს. როგორია სწავლის გადასახადი, რა მოთხოვნებს აყენებს პროფესია მაძიებლის მიმართ, რამდენი საგანმანათლებლო საფეხურის გავლა ესაჭიროება ამ პროფესიას. გაანალიზეთ მონაცემები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც თქვენზეა, რადგან პროფესიის არჩევისას თქვენ ირჩევთ მომავალს. პროფესიამ უნდა მოგიტანოთ სიამოვნება და უზრუნველყოს თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია.

    მომავალი პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბევრი ძალიან საინტერესო პროფესია  შესაძლოა არ იყოს მოდურ და პრესტიჟულ პროფესიათა რიცხვში. მხოლოდ ის საქმე, რომელიც არჩეულია თქვენი ინტერესების, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების თანხვედრით აუცილებლად მოგიტანთ სიამოვნებას, კეთილდღეობას და წარმატებას პროფესიულ გზაზე.

    სრულად ნახვა

    პროფესიული არჩევანი – წარმატებული მომავლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება -მარიამ გალდავა

    პროფესიის არჩევამდე, სადღაც 2-3 წლის განმავლობაში, მტკიცედ ვამბობდი, რომ დიპლომატი უნდა გამოვსულიყავი. ვფიქრომ, რომ გარემომ იმოქმედა მაშინ ჩემს არჩევანზე. დიპლომატიურად მომიგვარებია უამრავი კონფლიქტი, ხალხთან ურთიერთობაში იშვიათად ვუშვებდი შეცდომებს და, თუ ვუშვებდი, დიპლომატიურად ვაგვარებდი.

    ვფიქრობდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობები იყო მხოლოდ „დიპლომატია.“ ახლა მეცინება ჩემს თავზე. ოჯახის წევრები, საკმაოდ კომპეტენტურნი  ამ საკითხში, მიმტკიცებდნენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები არ იყო ის, რაზეც მე ვლაპარაკობდი. თან საკმაოდ კარგად ვიცოდი ტექნიკური საგნები და მირჩევდნენ ამ განხრით წასვლას.

    სამწუხაროდ, ჯიუტად გადავწყვიტე, არჩევანი თავად გამეკეთებინა. არასდროს დამავიწყდება პირველი დღის პირველი ლექცია, როდესაც ერთ-ერთმა ცნობილმა ლექტორმა გვითხრა სტუდენტებს, დაიმახსოვრეთ, საერთაშორისო ურთიერთობები არ არის დიპლომატია, არ გეგონოთ, დიპლომატები გამოხვალთო.

    სწავლის დაწყების დღიდან მივხვდი, რომ სხვაგან მოვხვდი. ლექციების თითქმის მთელი ნაწილი მოიცავდა ისტორიას, ისტორიას და კიდევ ისტორიას. ალბათ, ხვდებით, მე (ტექნიკური საგნებისკენ მიდრეკილი ) რა სიტუაციაში აღმოვჩნდი…

    რა მექნა, სხვა გამოსავალი აღარ იყო… შევეგუე ბედს, არ დავნებდი და 4 წელი ვისწავლე ისტორია, ავიღე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის დიპლომი. აი, როდესაც მოვიდა მაგისტრატურის დრო, გავაანალიზე, რომ იგივე შეცდომა არ უნდა დამეშვა ცხოვრებაში თავიდან, უნდა ამერჩია პროფესია, რაშიც  თავს ვხედავდი რეალურად და არა რაღაც გამოგონილ ფანტაზიებში…

    ამიტომ ჩავაბარე ეკონომიკის ფაკულტეტზე ერთ-ერთ ძლიერ უნივერსიტეტში (ISET ). აქ მივხვდი, თუ როგორ მომნატრებია უბრალოდ „ამოცანების ამოხსნა.“

    ახლა კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევნით. არ ვფიქრობ, რომ დრო დავკარგე საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლის პერიოდში. სწორედ იმ ოთხმა წელმა მაპოვნინა თავი, საქმე, რაც მინდა, რომ მთელი ცხოვრება ვაკეთო და სიამოვნება მივიღი საქმიანობისგან.

    აბიტურიენტებს და მომავალ სტუდენტებს ვურჩევ, არ გაუკეთონ იგნორირება იმ უნარებს, რომელიც საკუთარ თავში აქვთ აღმოჩენილი, მოიძიონ ინფორმაცია პროფესიების შესახებ, გაანალიზონ თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები, მიმართონ პროფესიონალებს, რომლებიც ფასდაუდებელ რჩევებს მისცემენ, რაც უცილოდ დაეხმარება მათ მოწოდების პროფესიის შერჩევაში.

    სრულად ნახვა