პროფესიის არჩევამდე, სადღაც 2-3 წლის განმავლობაში, მტკიცედ ვამბობდი, რომ დიპლომატი უნდა გამოვსულიყავი. ვფიქრომ, რომ გარემომ იმოქმედა მაშინ ჩემს არჩევანზე. დიპლომატიურად მომიგვარებია უამრავი კონფლიქტი, ხალხთან ურთიერთობაში იშვიათად ვუშვებდი შეცდომებს და, თუ ვუშვებდი, დიპლომატიურად ვაგვარებდი.

ვფიქრობდი, რომ საერთაშორისო ურთიერთობები იყო მხოლოდ „დიპლომატია.“ ახლა მეცინება ჩემს თავზე. ოჯახის წევრები, საკმაოდ კომპეტენტურნი  ამ საკითხში, მიმტკიცებდნენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები არ იყო ის, რაზეც მე ვლაპარაკობდი. თან საკმაოდ კარგად ვიცოდი ტექნიკური საგნები და მირჩევდნენ ამ განხრით წასვლას.

სამწუხაროდ, ჯიუტად გადავწყვიტე, არჩევანი თავად გამეკეთებინა. არასდროს დამავიწყდება პირველი დღის პირველი ლექცია, როდესაც ერთ-ერთმა ცნობილმა ლექტორმა გვითხრა სტუდენტებს, დაიმახსოვრეთ, საერთაშორისო ურთიერთობები არ არის დიპლომატია, არ გეგონოთ, დიპლომატები გამოხვალთო.

სწავლის დაწყების დღიდან მივხვდი, რომ სხვაგან მოვხვდი. ლექციების თითქმის მთელი ნაწილი მოიცავდა ისტორიას, ისტორიას და კიდევ ისტორიას. ალბათ, ხვდებით, მე (ტექნიკური საგნებისკენ მიდრეკილი ) რა სიტუაციაში აღმოვჩნდი…

რა მექნა, სხვა გამოსავალი აღარ იყო… შევეგუე ბედს, არ დავნებდი და 4 წელი ვისწავლე ისტორია, ავიღე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის დიპლომი. აი, როდესაც მოვიდა მაგისტრატურის დრო, გავაანალიზე, რომ იგივე შეცდომა არ უნდა დამეშვა ცხოვრებაში თავიდან, უნდა ამერჩია პროფესია, რაშიც  თავს ვხედავდი რეალურად და არა რაღაც გამოგონილ ფანტაზიებში…

ამიტომ ჩავაბარე ეკონომიკის ფაკულტეტზე ერთ-ერთ ძლიერ უნივერსიტეტში (ISET ). აქ მივხვდი, თუ როგორ მომნატრებია უბრალოდ „ამოცანების ამოხსნა.“

ახლა კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევნით. არ ვფიქრობ, რომ დრო დავკარგე საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლის პერიოდში. სწორედ იმ ოთხმა წელმა მაპოვნინა თავი, საქმე, რაც მინდა, რომ მთელი ცხოვრება ვაკეთო და სიამოვნება მივიღი საქმიანობისგან.

აბიტურიენტებს და მომავალ სტუდენტებს ვურჩევ, არ გაუკეთონ იგნორირება იმ უნარებს, რომელიც საკუთარ თავში აქვთ აღმოჩენილი, მოიძიონ ინფორმაცია პროფესიების შესახებ, გაანალიზონ თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები, მიმართონ პროფესიონალებს, რომლებიც ფასდაუდებელ რჩევებს მისცემენ, რაც უცილოდ დაეხმარება მათ მოწოდების პროფესიის შერჩევაში.