თანამედროვე სამყაროში პროფესიის არჩევა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე სულ უფრო აქტუალური ხდება პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის საკითხი, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ დგას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რადგან პროფესიული თვითგამორკვევას არ ეთმობა სათანადო ყურადღება სკოლის სივრცეში. მოზარდებს მწირი ინფორმაცია აქვთ პროფესიების და საგანმანათლებლო რესურსების შესახებ. ამასთან,  გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საქართველოში ჯერ ისევ აქტუალურია პროფესიას არჩევა ოჯახის წევრების, ახლობლების რჩევით ან პროფესიის „პრესტიჟულობიდან“ გამომდინარე. ეს ტენდენცია ჯერჯერობით შენარჩუნებულია და  რისკებთან  არის დაკავშირებული, რადგან ასეთ დროს მოზარდები არ ან ვერ აცნობიერებენ, რომ სხვის მიერ შერჩეულ  პროფესიებში საკუთარი თავის წარმატებულად რეალიზაციისათვის, მათ მოუწევთ მათთვის უინტერესო  ან  „არარომანტიული“  სამუშაოების შესრულება. გარდა ამის, არსებობს იმის დიდი რისკიც, რომ „მოდური” და „პრესტიჟული” პროფესია სულაც არ შეესატყვისება კონკრეტული ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს. პროფესიის არჩევისას ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, სანამ შევჩერდებით იმ ერთ პროფესიაზე ან მიმართულებაზე, რაც ყველაზე მეტად შეგვესაბამება და სადაც კარიერული წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი შანსები გვაქვს.

პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა კომპლექსურ ხასიათს ატარებს. მნიშვნელოვანია მოზარდს შეექმნას წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ და მაქსიმალურად ამომწურავად გასცეს პასუხები ისეთ მნიშვნელოვან შეკითხვებს, როგორიცაა: ვინ ვარ მე? რა ინდივიდუალური პიროვნული თვისებების მატარებელი ვარ? რა მაინტერესებს? რა შესაძლებლობები მაქვს? რა არის ჩემი ღირებულებები?

პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრი სწორედ ის  ორგანიზაციაა, რომელიც კომპლექსურად უდგება პროფესიულ ორიენტაციას  და  რამდენიმე საფეხურს მოიცავს:

  1. პირველი საფეხური ეს არის – უნიკალური, ციფრული პროფესიული ორიენტაციის ტესტირება ქართულ ენაზე, რომელიც იკვლევს მოზარდის ინტერესებს, უნარებს, შესაძლებლობებს და ინდივიდუალურ პიროვნულ მახასიათებლებს.
  2. მეორე საფეხურზე – ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით ტარდება კარიერული კონსულტაცია, გამოიკვეთება მოზარდის პროფესიული შესაბამისობა მის ინდივიდუალურ მახასიათებლებთან, განისაზღვრება ის პროფესიული მიმართულება, საქმიანობის სფერო და პროფესიები, სადაც ახალგაზრდა წარმატებული და ბედნიერი იქნება.
  3. მესამე საფეხურზე – კონსულტირების ფარგლებში დაინტერესებულ პირს მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსების, უნივერსიტეტების, ეროვნულ საგამოცდო ცნობართან მუშაობის, შრომის ბაზრის, მოსალოდნელი ანაზღაურების შესახებ -ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება მას საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად.

რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერესების, შესაძლებლობების და პიროვნული მახასიათებლების კვლევა?

შესაძლებელია, მოზარდს რომელიმე პროფესია აინტერესებს და ამ მოტივით მიიღის გადაწყვეტილება. აქ აუცილებლად გასაანალიზებელია, რამდენად კარგად აქვს განვითარებული ამ პროფესიისთვის მნიშვნელოვანი უნარები და შესაძლებლობები. მაგალითად, შეიძლება მოზარდს მოწონს არქიტექტურა, თუმცა მას არ აქვს კარგად განვითარებული სივრცითი და ტექნიკური უნარები, რაც გადამწყვეტია ამ პროფესიისთვის. შესაბამისად, უნდა შეირჩეს ის სფერო, რომელიც ინტერესების,  უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პროფესიის არჩევისას, ინტერესებთან ერთად, საკუთარი უნარების და შესაძლებლობების ანალიზი და შეფასება.

პროფესიის არჩევისას მოზარდმა მნიშვნელოვანია იცოდეს, რა პიროვნული ინდივიდუალური მახასიათებლების მატარებელია და როგორ შეესაბამება მისი ხასიათის თვისებები კონკრეტულ პროფესიას. მაგალითისთვის, ინტროვერტი ადამიანისთვის რთული იქნება მომსახურების სფეროში მუშაობა, რადგან ეს სამსახური მოითხოვს მისგან ბევრ ადამიანთან კომუნიკაციას, რაც გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მას.

ასევე მნიშვნელოვანია მოზარდის ღირებულებები, ანუ მან უნდა შეაფასოს საკუთარი შრომითი ღირებულებები. ზოგიერთი ადამიანისთვის ღირებულია მატერიალური ანაზღაურება, ზოგისთვის –  ადამიანებისთვის დახმარების გაწევა და ა.შ. უნდა განისაზღვროს, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული, ყველაზე ღირებული და შემდეგ უნდა მოვძებნოთ ის პროფესია, სადაც საკუთარი ღირებულებების დაკმაყოფილებას ყველაზე უკეთ შევძლებთ. მაგალითად თუ მოზარდს ადამიანების დახმარება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა ამოძრავებს, მისთვის საინტერესო იქნება მედიცინის და სოციალური მომსახურების სფეროები, მაგრამ თუ მხოლოდ მატერიალური მოტივით ხელმძღვანელობს, არჩვანი უნდა შეაჩეროს იმ სფეროზე, რომელიც ამ მოთხოვნას დაუკმაყოფილებს.

პროფესიის არჩევამდე  ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიის შინაარსის შესწავლა, რათა ახალგაზრდამ ზუსტად იცოდეს რა სამუშაოების შესრულება მოუწევს მას, რა გარემოში იმუშავებს, როგორ სოციალურ წრეში იტრიალებს ა.შ.  ვინაიდან ამ ინფორმაციის მოპოვება სტუდენტობის ან უფრო გვიან ეტაპზე  ხდება, ამიტომ ახალგაზრდები სამუშაოს დაწყების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ პროფესიაზე რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდათ, შედეგად კი ვიღებთ  არაპროდუქტულობას, კარიერულ წარუმატებულობას, მოტივაციის და შრომითი კმაყოფილების კლებას და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში ადამიანი თავს ანებებს ამ პროფესიას და სხვა სფეროში ცდილობს რეალიზებას.

უმნიშვნელოვანესია ასევე შრომის ბაზრის შესწავლა.  პროფესიული არჩევნის წინაშე მდგომი კარგად უნდა იცნობდეს შრომის ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდენციებს: იცოდეს როგორ ვითარდება ესა თუ ის პროფესია, დასაქმების რა შესაძლებლობები აქვს, იზრდება თუ მცირდება კონკრეტული პროფესიით დასაქმებულთა რაოდენობა, როგორია ამ პროფესიით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება…

სწორად შერჩეულ პროფესიაში ადამიანს აქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი უნარები და ნიჭი, სიამოვნება მიიღოს საქმიანობისგან, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ადამიანის პროფესიონალად ჩამოყალიბებას, შესაბამის მატერიალურ ანაზღაურებას და მთლიანობაში  – ადამიანის ბედნიერებას და  პროფესიული ცხოვრებით კმაყოფილებას.