ხელოვნებასთან ახლოს, ან სულაც მისით გავიზარდე. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე იყო ხელოვნება – თვითგამოხატვა ყველაზე კარგად ასე გამომდიოდა, ახლაც ასეა. თავიდან იყო ბალეტი, მერე – მუსიკა, ძერწვა, დაბოლოს – ხატვა. ასე მივედი ლოგიკურ დასასრულამდე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანის დასაწყისთან – არქიტექტურასთან და საკუთარ თავთან.

        დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია, რომ ძალიან გამიმართლა ჩემს „კაცურ” პროფესიაში. ხშირად მესმის კითხვები: არ გიჭირს უცხო გარემოში? მამაკაცთა კოლექტივში? მუდმივად ტექნიკური ტერმინები, ამდენი „ბეტონი“, „არმატურა“ და ა.შ მიხარია, რომ არ შევუშინდი ამ გამოწვევას და დღეს მშენებლობაში აქტიურად ჩართული ადამიანი ვარ, ვის სქესსაც მნიშვნელობა ეკარგება, როდესაც ლოგიკური ჯაჭვის სრულფასოვანი წევრი ხდები. მშენებლობა ესტაფეტასავითაა, ყველამ ჩვენი ჩირაღდანი უნდა მივიტანოთ ფინიშამდე. რაც შეეხება კომუნიკაციას, სიკეთის ენა საერთაშორისოა და მრავალპროფილური, ყველა პროფესიას მოიცავს. უცხო გარემოდ ვერც სხვა ქვეყანას, ქალაქსა თუ ლოკაციას აღვიქვამ. რადგან ყველაფერს საერთო აქვს, ჩემი პროფესია, ჯადოსნური შემოქმედებითი გარემო, ყოველთვის მშობლიური და ნაცნობი, რასთანაც მხოლოდ კომპიუტერის ჩართვა მაშორებს, უბრალოდ, ერთი ღილაკი და მე სახლში ვარ. ყველაფერთან ერთად, პროექტებსა და შენობებს სულიერებად, ადამიანებად აღვიქვამ, ყველას თავის ხასიათი აქვს სხვადასხვა ჭრილით, სხვადასხვა ფასადით. ალბათ, ძალიან ცოტა რამ მეგულება უფრო ლამაზი და აღმაფრთოვანებელი ვიდრე შენობის ზრდის და განვითარების ყურებაა. ემბრიონის ანუ ნახაზის ეტაპიდან რომ იწყებ და მიგყავს სასრულ მდგომარეობამდე. როგორც ადამიანი, ისიც ინდივიდია თავისი დამოუკიდებელი ორგანიზმით, სტილით, ცხოვრების რიტმითა და ხასიათით. ცხოვრებაც არქიტექტურასავითაა, ძნელია წარმოიდგინო პერსპექტივა, როდესაც მონახაზი არ გაქვს, ან დღეს უყურადღებოდ მიტოვებული დეტალი მომავალში უკვე დასრულებულ პროექტზე შეგიქმნის პრობლემას. ჰოდა, ამ გარემოში, სადაც ყველაფერი ასეთი ორგანული და ნაცნობია, რთულია, თავი უცხოდ იგრძნო ან ზედმეტად. მგონია, რომ ეს სფერო და პროფესია ამოუწურავია, ყოველდღიურად ვითარდება და, თუ გინდა, იყო წარმატებული, დროს და ცვლილებებს ფეხი უნდა აუწყო. და მაინც, რა არის ჩემთვის არქიტექტურა? უწყვეტი პროგრესი კომფორტისა და ჰარმონიის ძიებაში. მე თუ მკითხავთ, ცხოვრების აზრიც და ამოცანაც ესაა!