მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც სავარცხლით სარკის წინ ვდგებოდი და თავს ჟურნალისტად წარმოვიდგენდი. სავარცხელი მიკროფონის ფუნქციას ასრულებდა. მინდოდა სასწრაფოდ გავზრდილიყავი, რომ ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა და მიზნისთვის მიმეღწია. მიზანი კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მუშაობა იყო. ამ გადასახედიდან, მართლაც, ძალიან სწრაფად გავიდა დრო და ჩავაბარე კიდეც ჟურნალისტიკაზე. ბედნიერი ვიყავი, რომ იმ უნივერსიტეტში მოვხვდი, სადაც მინდოდა და ვთვლიდი, რომ აი, სადაც არის, სავარცხელი ნამდვილ მიკროფონად გადაიქცევა თქო.

ვერ ვიტყვი, რომ მარტივი აღმოჩნდა… ბევრი სწავლა და შრომა დამჭირდა ტელევიზიაში მოსახვედრად, თუმცა, ვფიქრობ, თუკი მონდომება არსებობს, შესაძლებლობებიც არ აყოვნებს… და აღმოვჩნდი ერთ-ერთ ტელევიზიაში სტაჟიორ-ჟურნალისტად, სადაც პირველად დავიჭირე ნამდვილი მიკროფონი. არასდროს დამავიწყდება შეგრძნება, როდესაც ტელევიზიით ჩემ მიერ მომზადებულ სიუჟეტს აჩვენებდნენ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემი საოცნებო ტელევიზია „რუსთავი 2“ იყო, სადაც მოხვედრა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.. თუმცა ოცნებები ზუსტად იმ დროს ხდება, როდესაც არ ელოდები. მახსოვს ჩემს ტელეფონზე ზარი და ხმა, რომელიც მეუბნებოდა, რომ „რუსთავი 2“-ის პროდაქშენი ახალ, საერთაშორისო პროექტს „The doctors”-ის ქართულ ანალოგს  („ექიმები“) აკეთებდა და ეს ხმა მეუბნებოდა, რომ ორთვიანი გამოსაცდელი ვადით ამიყვანდნენ, თუკი მეორე დღესვე მივიდოდი მათთან შეხვედრაზე…  დავიბენი, არ ვიცოდი, რა მეთქვა და ჩემს იმდროინდელ პროდიუსერს ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი, მან კი მითხრა, როგორც პროდიუსერს, არ მინდა, წახვიდე, ხოლო, როგორც მეგობარი, გეუბნები, ახლავე აალაგე შენი ნივთები და აქედან დაიკარგეო…  ჰოდა, ასეც მოვიქეცი…

შემდეგ იყო „რუსთავი 2“-ის შენობა, რომელიც პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდა. ორთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ, იქ ზუსტად 7 წელი გავატარე… „რუსთავი 2“ ჩემი მეორე სახლი გახდა. იმ 7 წლის განმავლობაში უამრავი რამ ვისწავლე! უამრავი ადამიანი გავიცანი, უამრავი ადამიანის პრობლემები თუ სიხარული მოვისმინე და მაყურებლამდე მივიტანე. იყო პროექტები: „ექიმები“, „ნიჭიერი“, „X ფაქტორი“, „საქართველოს ვარსკვლავი“, „რენოვაცია“, სადაც თავიდან როგორც ჟურნალისტმა, შემდეგ კი – როგორც პროდიუსერმა ვიმუშავე. ახლა ტელეკომპანია „ფორმულას“ პროდაქშენის პროდიუსერი ვარ. ეს ტელევიზია სულ რაღაც ერთი წლისაა და ძალიან მიხარია, რომ მის „გაზრდაში“ მცირე წვლილი მეც შემაქვს.

ახლა მე ვარ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ჩემნაირ მეოცნებე გოგო-ბიჭებს ნამდვილი მიკროფონის გამოყენებას ვასწავლი და სავარცხელს თავის ფუნქციას ვუბრუნებ. ტელევიზიას და, კონკრეტულად კი, პროდაქშენს მაგიური ძალა აქვს ჩემთვის! იქ მისული უკან ვეღარ იხევ, წამოსვლა აღარ შეგიძლია… ალბათ, იმიტომ, რომ თავს ვერასდროს ამოწურავ, მუდმივად რაღაც ახალს სწავლობ, არასდროს ხარ „საკმარისად პროფესიონალი“, მუდმივად გიწევს საკუთარ თავზე მუშაობა, მუდმივად ახალი შესაძლებლობები გეხსნება, რისი დათმობაც არ ძალგიძს. მერე რა, რომ ხშირად, 24 საათიანი მუშაობის შემდეგ, სამონტაჟოში ჩამძინებია?!  მერე რა, რომ მინუს „რაღაც“ გრადუსზე 12 საათიანი გადაღების შემდეგ თითები მომყინვია?! მერე რა, რომ საჭმელს ბოლო 8 წელია, გადაღებიდან-გადაღებამდე, მანქანაში ვჭამ? მერე რა, რომ კოვიდ კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, გადაღების დროს უჰაერობისგან გონება დამიკარგავს?! მერე რა, რომ 8 წელია, ახალ წელს შინ არ შევხვედრივარ?! ეს ხომ ჩემი ოცნება იყო! ჰოდა, ოცნებები ხდება, მთავარია, არ დაგვეზაროს ჩვენი მიზნებისთვის ბრძოლა, რაც არ უნდა დამღლელი იყოს ეს!