ძირითადი შეცდომები, რასაც უშვებენ მოზარდები პროფესიის არჩევისას ანუ როგორ არ უნდა აირჩიო პროფესია

“ეცადე მიიღო ის, რაც გიყვარს, სხვა შემთხვევაში მოგიწევს შეიყვარო ის, რაც მიიღე! “ – ბერნარდ შოუ

ის, რომ პროფესიის არჩევა ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებისეულ გზას, ჩვენი ცხოვრების ძირითად საქმიანობას, არახალია! თუმცა, პროფესიის არჩევის პროცესი არცთუ იშვიათად გაუცნობიერებლად და მთელი რიგი შეცდომების დაშვებით ხდება.

ერთ-ერთი ხშირი შეცდომა რასაც მოზარდები უშვებენ არის განწყობა – სადაც მიმიღებენ, იქ ვისწავლი!

სწორედ ამ მიდგომას მივყავართ ძალიან სევდიან სტატისტიკამდე: ადამიანების უმრავლესობა არ მუშაობს არჩეული პროფესიით. ასეთ დროს სამუშაოსგან მიღებული ფრუსტრაცია უფრო დიდია, ვიდრე სიამოვნება. როგორ უნდა ვიფიქროთ პროფესიულ განვითარებაზე, თუ ყოველდღიური საქმიანობა მხოლოდ ნეგატიურ ემოციებს იწვევს? პროფესიის და შესაბამისი სასწავლებლის არასწორად შერჩევა საბოლოო ჯამში სრულდება გაფლანგული წლებით, რომელიც დაეთმო არასაჭირო კომპეტენციების შეძენას.

აუცილებელია გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიის შერჩევა მოხდეს გაცნობიერებულად, რადგან ამ დროს ცხოვრების ძირითად ნაწილს ვაგეგმარებთ, ხოლო, ასეთ დროს დაშვებული შეცდომა, დროთა განმავლობაში ძვირად გვიჯდება.

კარიერულად წარუმატებელი ადამიანების ნაწილს სწორედ ისინი წარმოადგენენ, ვისაც ძალიან ეშინია გამოცდების – ინჟინერი მინდა ვიყო, მაგრამ ფიზიკა უნდა ჩავაბარო. მაგრამ როგორ ფიქრობ, ფიზიკის გამოცდის ჩაბარებაზე ადვილი იქნება შენობების დაპროექტება? დაიმახსოვრე, სასკოლო პროგრამა სინამდვილეში არც ისე რთულია. თუ რომელიმე საგანს მაინც ვერ იგებ, ეს შეიძლება არასწორი გადმოცემის ბრალია. მოიძიე მასწავლებელი, რომელიც უკეთ მოგერგება და დაგეხმარება მასალის სწორად ათვისებაში. მაგრამ თუ საქმე ნაკლებ თავდაჯერებულობაშია, გაიარე კონსულტაცია ფსიქოლოგთან ან – თემატური ტრენინგი. გამოცდა არ არის განაჩენი, გამოცდა მხოლოდ ტესტია. გადავლახო თუ დავნებდე და მივყვე დინებას? – აი ეს უკვე არჩევანია. არ თქვა უარი საოცნებო პროფესიაზე გამოცდების შიშის გამო!

კიდევ ერთი ხშირი შეცდომაა, როდესაც სკოლის მოსწავლეები ფიქრობენ და ირჩევენ პროფესიას, მაგრამ რეალურად არ იციან რას მოიცავს და რას მოითხოვს მათგან ეს პროფესია. Ხშირად აბიტურიენტი ფიქრობს – მე გავხდები ეკონომისტი იმიტომ, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია მიყვარს – ახალგაზრდა ადამიანები ირწმუნებიან თავიანთ სიყვარულში ეკონომისტობის მიმართ, მაგრამ ამავდროულად ვერ იტანენ მათემატიკას. ფინანსურ კონსულტანტებს, აუდიტორებს, ეკონიმისტებს – რა თქმა უნდა უწევთ კომუნიკაცია ხალხთან, თუმცა პირველ რიგში, მათი უპირველესი მოვალეობა არის კალკულაცია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პროფესია ძალიან ახლოს არის საგანთან და ძირითადი საქმიანობა მათემატიკასა და თვლაზე დგას. საპირისპირო შეგვიძლია ვთქვათ გაყიდვების მენეჯერებზე – მათი ძირითადი საქმიანობა სწორედ ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაციაა და ამასთან ერთად, მათ დროდადრო უწევთ ციფრებთან მუშაობაც. პროფესიის არჩევა წაკითხული წიგნების და ნანახი ფილმების მიხედვით, ან სულაც ბრმად არჩევა – ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და დიდი შეცდომაა.

“სადაც მეტს გადამიხდიან, იმ პროფესიაში წავალ” – ფიქრობს ზოგიერთი ახალგაზრდა მცდარად. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოდ IT სპეციალისტები მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ფსიქოლოგები, მაგრამ ვინ არის “საშუალო?!”. თითოეული ჩვენგანი, უნიკალური ინდივიდი და ცალკეული შემთხვევაა. ადამიანებს არ უხდიან ხელფასს მათი დიპლომის ან პროფესიის სახელწოდების მიხედვით, არამედ მათი კომპეტენციის და კვალიფიკაციის მიხედვით. პროგრამისტი, რომელსაც არ უყვარს თავისი საქმე, არ სწავლობს, არ ეძებს პრობლემის მოგვარების ახლებურ გზებს, არ აინტერესებთ დამსაქმებლებსაც. მაგრამ, ფსიქოლოგი, რომელიც ნამდვილად ეხმარება პაციენტებს პრობლემების მოგვარებაში, იღწვის განვითარებისთვის და ცვლილებებისთვის – ყოველთვის იქნება მოთხოვნადი, შესაბამისად – ფინანსურად მეტად უზრუნველყოფილი.

“მე კაცი ვარ და ამიტომ პოლიციელი ან ინჟინერი გამოვალ” – ასეთ რწმუნებულებებზე დაფუძნებული მცდარი შეხედულებებიც საკმაოდ ხშირია! ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ: დღეს პროფესიები აღარ არის სქესის მიხედვით დაყოფილი. წლების წინ, შუა საუკუნებში, ან ანტიკურ ხანაში, ზოგი პროფესია ხელმიუწვდომელი იყო ქალისთვის, მათი ფიზიკური სისუსტის გამო. მაგრამ დღეს, თანამედროვე ეპოქაში – რა განსხვავებაა, რამდენად ძლიერი ან სუსტი გამოკრავს ჩახმახს თითს? ისრაელის არმია ამის კარგი მაგალითია. ქალ პოლიტიკოსებს დღეს მხოლოდ თავდაჯერებული შოვინისტები და რადიკალი ისლამისტები არ აღიარებენ. და ვინ თქვა, რომ დიზაინი, ჟურნალისტიკა ან ენათმცოდნეობა კაცის საქმე არ არის? გენდერის მიუხედავად, ადამიანებს აქვთ ერთადერთი პროფესიული ვალდებულება: საქმე, რომელსაც აკეთებენ, უნდა უყვარდეთ.

“რომელი სპეციალობა ავირჩიო? სულერთია, მთავარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვისწავლო” – საბედნიეროდ, ეს მიდგომა ბოლო დროს უფრო და უფრო ნაკლებად იკვეთება. მართალია სხვადასხვა უნივერსიტეტების დიპლომები განსხვავებულად ფასეულია, მაგრამ ცოდნა და უნარები უფრო ძვირად ფასობს. უნივერსიტეტზე დაფუძნებით პროფესიის შერჩევა იგივეა, რაც “სადაც მიმიღებენ იქ ვისწავლი”-ს გადაწყვეტილება. ხშირ შემთხვევაში, რეიტინგული უნივერსიტეტის დიპლომის ქონა ვერ მოგანიჭებს უპირატესობას, როცა გასაუბრებაზე უფრო კომპეტენტურ ან კვალიფიციურ კონკურენტთან გიწევს ბრძოლა. ამიტომ, სჯობს გულით გაჰყვე იმას, რაც მოგწონს და თუ შენს არჩევანთან ერთად შეგიძლია ისწავლო სასურველ უნივერსიტეტში, ამ შემთხვევას არაფერი სჯობს!

“პოლიტიკურ მეცნიერებებზე უნდა ჩავაბარო, რადგან პოლიტიკოსობა მინდა!” – ეს შეცდომა დაახლოებით რიგით მესამე ვარიანტის მსგავსია. მართალია, პოლიტიკოსები ასოცირდებიან პოლიტიკურ მეცნიერებებეთან, დიპლომატები – უცხო ენებთან, მაგრამ პოლიტიკოსობისთვის მხოლოდ პოლიტოლოგიის ცოდნა საკმარისი არ არის. უფრო მეტად საჭიროა ჩაერთო პოლიტიკურ მოძრაობებში, ღია კომიტეტებში, გაზარდო კონტაქტები და სანაცნობო წრე. ამ თემებზე კითხვისა და ინფორმაციის მიღებასთან ერთად, აუცილებელია უშუალოდ ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში. ასევე, გაითვალისწინე, რომ თუ მენეჯმენტის მიმართულებით ფიქრობ პროფესიულ განვითარებას, ეს კიდევ სხვა საჭირო უნარებს მოითხოვს. Მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი, რომ კარიერა ზედმიწევნით არ უნდა მიუსადაგო განათლების კონკრეტულ მიმართულებას. გაეცანი სხვადასხვა წარმატებული ადამიანის ბიოგრაფიას იმ სფეროში, რომელიც შენთვის არის საინტერესო. დააკვირდი რა ნაბიჯები გადადგეს, რა უნარები დაეხმარა მათ და ისწავლე რეალური პროფესიონალებისგან.

“მე ვისწავლი ფსიქოლოგიას იმისთვის, რომ ჩემს თავს გავუგო” – ასეთ მოზარდებს პატარა რჩევა ფსიქოლოგისგან: თუ გინდა უკეთ გაიცნო შენი თავი, ფსიქოლოგიის სწავლის ნაცვლად, ესტუმრე თავად ფსიქოლოგს. მერწმუნე, ასეთ შემთხვევაში, პირადი პრობლემები ბევრად სწრაფად, მარტივად, სწორად და ნაკლები ხარჯით მოგიგვარდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მრავალი სეანსი დაგჭირდეს, ფსიქოლოგიის სწავლა მეტ ფინანსურ რესურსს მოითხოვს და ბევრად მეტ დროს, რადგან მხოლოდ ბაკალავრის ხარისხისთვის საჭიროა 8 სემესტრი. ეს ეხება სხვა პროფესიებსაც, არ არის საჭირო ისწავლო იურისპრუდენცია საოჯახო იურიდიული პრობლემების მოსაგვარებლად, ან გახდე მშენებელი საკუთარი სახლის ასაშენებლად.

პროფესიის არჩევისას ეცადე არ მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოვრებისეული პარტნიორის არჩევა. პროფესიის შერჩევა იმის მიხედვით – თუ რა გხვდება გამოცდაზე ან რას გვაჩვენებენ ფილმებში, იგივეა რაც ცხოვრება დაუკავშირო ადამიანს მისი თმის ფერის, ან თუნდაც სახელის ჟღერადობის მიხედვით. შენი სამომავლო საქმიანობის ასარჩევად, აწონ-დაწონე ყველაფერი, გაიარე პროფესიული ორიენტაციის ტესტი, რეალურად შეაფასე გარემოებები, მოთხოვნილებები და შესაძლებლობები – ასეთ შემთხვევაში, შენი სამომავლო ნაბიჯები ბედნიერებას მოგანიჭებს.