მთავარი აქტორი თავად ხარ! – ბექა დადეშქელიანი

ცნობისმოყვარეობა მთავარი „ძრავაა“ შეუქცევადი პიროვნული განვითარებისთვის. მართალია, რომ რაც მეტს ცდილობ შეიმეცნო, უფრო და უფრო იშლება საზღვრები იმ საოცნებო მდგომარეობის, რომლისკენაც მიიწევ და რომელზეც ვოცნებობთ – ვიყოთ პიროვნულად დივერსიფიცირებულები. ეს ნიშნავს ფლობდე კომპეტენციებს სხვადასხვა სფეროში, ავსებდე შენი შესაძლებლობების მარაგს ახლის სწავლით, მოძრაობით და ფლობდე ლაიტმოტივს – გახდე იმაზე უკეთესი, ვიდრე იყავი გუშინ. ამისათვის აუცილებელია სწორი საზომი შეარჩიო, ანუ ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდა შეედარო, არის შენივე თავი, რომელიც შენვე უნდა გეკუთვნოდეს. სამწუხაროდ, ამას ეტაპობრივად ვხვდებით – ცდისა და შეცდომების გზით ან, საუკეთესო შემთხვევაში, დროულად, პროფესიონალი ადამიანების დახმარებით, რომლებიც დღეს ნამდვილად არსებობენ. მათ აქვთ გამოცდილება, უპირველესად, აღმოგაჩენინონ საკუთარი თავი და მოგცენ ბიძგი სწორი პრიორიტეტების დასახვით მუდმივი, შეუქცევადი განვითარებისკენ (ასეთი პროფესიონალების ერთობას წარმოადგენს „პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრი“).

იმისათვის, რომ იქცე პროფესიონალად, უმნიშვნელოვანესია საწყის ეტაპზევე მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აირჩიო სწორი პროფესია, რადგან პროფესიის შერჩევიდან პროფესიონალად ჩამოყალიბებამდე ბეწვის ხიდი არჩევნის სისწორეზე გადის. ოპტიმალური არჩევანი ზურგის ქარია, უშრეტი ენერგიაა ემსახურებოდე იმ საქმეს, რომელიც გიყვარს, სიამოვნებას განიჭებს და არასდროს გათქმევინებს უარს შესაძლებლობებზე.

აუცილებელია, რეალობას გავუსწოროთ თვალი. ირგვლილ მრავლადაა არჩევანში დაკარგული ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ძიებაში არიან იმ საქმის, რომელიც მათ სიამოვნებას მიანიჭებს. ხშირად მართლდება პოპულარული მოსაზრება მცურავ გემზე, რომელმაც არ იცის დანიშნულების ადგილი და იძირება. პერსპექტივაში, ადამიანებსაც ასე გვემართება, მცდარი საზომებით და არასწორი პრიორიტეტებით განსაზღვრულ პროფესიულ გზაზე მარცხს განვიცდით და ერთადერთი მექანიზმი, რაც ხელში გვრჩება, არჩევნის სისწორის გადახედვაა. საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, ვინც მარცხს უყურებს, როგორც შესაძლებლობას და იღებს, როგორც კონსტრუქციულ უკუკავშირს; თვითრეფლექსიის გზით უღრმავდება საკუთარ თავს და ახალ ვექტორს სახავს; ამჯერად, წარმატების მიღწევის მეტი შანსით, რაც მათ მენტალურ სიჯანსაღეზე მეტყველებს.

აქედან გამომდინარე, შენს ხელშია, რომელ გზას აირჩევ. როგორც ზევით აღვნიშნე – ქაოტურს, ცდისა და შეცდომის გზით მიმავალს, თუ ორგანიზებულს, პროფესიონალი ადამიანების დახმარებით. ორივე შემთხვევაში, უნდა გახსოვდეს, რომ მთავარი აქტორი თავად ხარ!

სრულად ნახვა

როგორ მივედი ჟურნალისტიკიდან ჯანდაცვის მენეჯმენტამდე -მარიამ მამულაშვილი

 ბავშვობიდან ვიცოდი, „დიდი რომ გავიზრდებოდი, ჟურნალისტი გამოვიდოდი.“ მომწონდა ყველაფერი, ამ პროფესიასთან დაკავშირებული, ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ჩემი აბიტურიენტობის დრო, როდის შემოვხაზავდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტს და როდის მექნებოდა პირველი ლექცია ჟურნალისტური ეთიკის შესახებ.

როდესაც ეს დღე, ბოლოს და ბოლოს, დადგა, გამოცდებზე რეგისტრაციის დროს შემოვხაზე ყველა უნივერსიტეტი და ყველა ფაკულტეტი, გარდა ჟურნალისტიკისა. მახსოვს, ბიოქიმიის ფაკულტეტიც კი მქონდა შემოხაზული…

მოკლედ რომ მოვყვე, რა მოხდა ჩემს თავს, როდესაც დადგა რეალურად ფიქრის დრო, თუ სად უნდა ჩამებარებინა და უკან მომეტოვებინა ბავშვური ოცნებები –  „მინდა გავხდე ცნობილი მსახიობი.“ დავიწყე მოკვლევა უამრავი უნივერსიტეტის, სად რას ასწავლიდნენ, რომელ ფაკულტეტზე რა საგნები ისწავლებოდა და ა.შ. 

ამ პერიოდში გავაანალიზე, რომ ჟურნალისტიკა იმდენად აღარ მიზიდავდა, ამას თან ერთვოდა ფაქტი, რომ გავიცანი ბევრი ჟურნალისტი, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს არის ურთულესი პროფესია და ძალიან კარგად დავფიქრებულიყავი, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი. საბოლოოდ, კონსულტაცია გავიარე განათლების მრჩეველთან (counselor-თან) რომელიც ზუსტად მიხვდა, რა სიტყვების მოსმენა მჭირდებოდა, დამაკვალიანა და დამარიგა. შინ რომ მივედი, ჩამოვწერე ის სფეროები, რაც მაინტერესებდა, რაც მიზიდავდა. ის ადგილები, სადაც მომწონდა ყოფნა. ყველაფერი შევაჯერე, გავაანალიზე და მივხვდი, რომ უნდა ჩამებარებინა ჯანდაცვის მენეჯმენტის ფაკულტეტზე.

როგორ მივედი ჟურნალისტიკიდან ჯანდაცვის მენეჯმენტამდე? ეს იყო ახალი, ძალიან მიმზიდველი პროგრამა, რომელიც სულ რამდენიმე უნივერსიტეტს ჰქონდა. ჯანდაცვის სფერო არის უკიდეგანოდ დიდი და მუდმივად მზარდი.

 საქართველოში ნამდვილად ძალიან საჭირო იყო ამ საქმის პროფესიონალები. ყოველთვის მიზიდავდა თეთრი ხალათები და სამედიცინო ტერმინოლოგია, მისტიური – თითქოს ექიმებს თავისი ენა ჰქონდათ, არავის რომ არ გაეგო მათი. მომწონდა მენეჯმენტი, მართვა – ძალიან ფართო და საინტერესო პროგრამა, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, რაც ნებისმიერ პროფესიაში გამოგადგება, დიასახლისობაშიც კი.  რა თქმა უნდა, როდესაც ეს „იდეა გავაჟღერე“ და ხალხის აღტაცება მოვისმინე („რა საინტერესოა!“ „ნამდვილად საჭირო პროფესიაა!“ „რა კარგია, ახალი პროგრამაა?“ გადაჭრით მივიღე გადაწყვეტილება და შემოვხაზე ჯანდაცვის ფაკულტეტი კავკასიის უნივერსიტეტში.

 უნივერსიტეტის არჩევაში დიდი როლი ითამაშა ჩემმა იმდროინდელმა დეკანმა, რომელიც ღია კარის დღეზე გავიცანი და ნახევარ საათში ვიცოდი, რომ ამ ადამიანთან მოხვედრა, გამოცდილების გაზიარება და მისგან ყველაფრის სწავლა მინდოდა.

საბედნიეროდ, პირველივე არჩეულ პროგრამაზე მოვხვდი და დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპი. გამოცხადებული ადგილების რაოდენობა მცირე იყო, შესაბამისად, ჯგუფში შედარებით ცოტა სტუდენტი ვიყავით. ამან განაპირობა უშუალოდ ყველა ჯგუფელთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება  და ინტერაქციული, საინტერესო ლექციები. პირველი კურსი რთული იყო – ყველაფერი ახალი და უცხო. ვსწავლობდი უამრავ ზოგად საგანს, სხვადასხვა დარგიდან. ვფიქრობდი, რომ სულ ასეთი რთული იქნებოდა უნივერსიტეტში სწავლა. თუმცა მეორე, მესამე და მეოთხე კურსზე ბევრად იოლი გახდა ყველაფერი. ალბათ, იმიტომ გამიმარტივდა სწავლა, რომ უშუალოდ ჯანდაცვისა და ბიზნესის მოდულის საგნებს ვსწავლობდით, რაც ძალიან საინტერესო იყო და სირთულეებზე ნაკლებად მეფიქრებოდა. გარდა ამისა, ყველანი დავმეგობრდით და ერთად მეცადინეობა ბევრად უფრო მარტივი და სახალისო იყო.

ხშირად მიფიქრია, სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა, რომ ბავშვობის ოცნებას არ გავყევი და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე არ ჩავაბარე, თუმცა პანდემიამ ასივე პროცენტით დამარწმუნა, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ჯანდაცვის სფეროში ცოდნის მიღება. დასაწყისში განათლების მრჩეველი ვახსენე, რომელმაც დამაკვალიანა აბიტურიენტობის დროს. მან მითხრა, რომ 18 წლის ასაკში მიღებული გადაწყვეტილება კარიერასთან დაკავშირებით არ არის სამუდამო. ჩვენ მთელი ცხოვრება შეგვიძლია ვისწავლოთ, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ პროგრამაზე, რადგან ხვალ შეგვიძლია იმ სხვაგანაც ვისწავლოთ. განათლება – ეს არის ჩვენი უსასრულო, უკიდეგანო შესაძლებლობა…სულ ვფიქრობ, „შემდეგი რა ვისწავლო?“

სრულად ნახვა

არჩევანის წინაშე – ასტროფიზიკა თუ მათემატიკა ?! – ალექსანდრე აპლაკოვი

ვისაც სოხუმში ზაფხულის ღამის ცისათვის ერთხელ მაინც შეუვლია თვალი, უსათუოდ მოინუსხებოდა მოკიაფე უთვალავი ვარსკვლავის სილამაზით.

მეც მოვინუსხე… ალბათ, 11-12 წლის ვიქნებოდი. „ცაში ახედვის“  შემდეგ ჩემი გული და გონება მთლიანად რომ დაიპყრო კოსმოსმა. ვეცნობოდი სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას პლანეტების, ვარსკვლავებისა და გალაქტიკების შესახებ. ტელესკოპის აწყობაც კი ვცადე. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ (სკოლის დამთავრებამდე 2-3 წლით ადრე), როდესაც ვცადე ცოტა უფრო სერიოზული თემების გარჩევა, მივხვდი, რომ მთელი ჩვენი უსასრულო სამყაროს კანონზომიერებების აღწერა შესაძლებელია მხოლოდ მათემატიკის საშუალებით, რომ სწორედ მათემატიკა გაძლევს საშუალებას, გაიხედო წარსულშიც და მომავალშიც.

და დავდექი არჩევნის წინაშე:-  ასტროფიზიკა თუ მათემატიკა?! 

 ამ – „TO BE OR NOT TO BE?!“  კითხვის დარ კითხვაზე პასუხს, არსებითად, უნდა განესაზღვრა ჩემი მომავალი პროფესია.

…მათემატიკამ აჯობა! – და აგერ, უკვე თითქმის ოთხი ათეული წელია, ჩემი განუყრელი თანამგზავრია.  თანაც როგორი! უერთგულესი მეგობარი, ცხოვრების რთულ პერიოდებში ყოველთვის რომ გიწვდის დახმარების ხელს და შენგანაც ყოველთვის ზუსტ ქმედებებს ელის.   „ხარი ხართან რომ დააბაო…“  ხომ გაგიგიათ ანდაზა, ჰოდა, მეც შესაბამისი ხასიათი ჩამომიყალიბდა: მიყვარს სიმკაცრე (საქმეში), წესრიგი, პუნქტუალურობა, სიზუსტე (ამიტომაც ხშირად ვსვამ კითხვას „რატომ?“), პოეზია, სენტიმენტები.   

 რა შემიძლია ვურჩიო მათ, ვინც ახლა იწყებს ფიქრს მომავალ პროფესიაზე და გარკვეული სიმპათიები გააჩნია საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების მიმართ?

 მათემატიკა აზროვნების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. აზროვნების მათემატიკური სტილი არც ისე რთულია, როგორც ბევრს ჰგონია. სავსებით შესაძლებელია, ბავშვი საკმაოდ ადრე, ყოველგვარი სირთულის გარეშე დაეუფლოს მათემატიკურ აზროვნებას, მათემატიკა ისეთივე ახლობელი და მიმზიდველი გახდეს მისთვის, როგორც სამეტყველო ენაა. ამას, რასაკვირველია, ბევრი მუშაობა სჭირდება. არ შეუშინდეთ სიძნელეებს და წინააღმდეგობებს! წინააღმდეგობების დაძლევის პროცესში გამოგიმუშავდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც მათემატიკაში (და, ზოგადად, ცხოვრებაშიც) წარმატების საფუძველთა საფუძველია! ეს ყველაფერი აკეთეთ გულით, გონებით და… ფაქიზად – მათემატიკა ხომ მეცნიერებათა დედოფალია! მოექეცით მას, როგორც დედოფალს!

ელემენტარული მათემატიკური ცოდნის გარეშე ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ პრობლემას შეიძლება შევეჯახოთ. რაც მთავარია, მათემატიკის გარეშე შეუძლებელია რაიმე ტექნიკური აღმოჩენის გაკეთება.  როგორც დიდი ფილოსოფოსი კანტი ამბობდა, ყოველ მეცნიერებაში „იმდენი წილი“  ჭეშმარიტებაა, რამდენი  წილიც – მათემატიკაო. ამა თუ იმ მეცნიერების „მოწიფულობა“ ჩვეულებრივ იმით განისაზღვრება, რა ზომით იყენებს ის მათემატიკას.

კარგი იქნება, თუ ყოველთვის გეხსომებათ, რომ  თუ მომავალში ისეთ პროფესიას აირჩევთ, რომელიც მათემატიკასთან არ იქნება დაკავშირებული, მათემატიკური აზროვნება და უნარები აუცილებლად გაგიადვილებთ წარმატებას როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე – პროფესიულ საქმიანობაში.

ალექსანდრე  აპლაკოვი

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი,

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი.

სრულად ნახვა

ჩემი ოცნების “კაცური” პროფესია- მარიამ დადუნაშვილი

ხელოვნებასთან ახლოს, ან სულაც მისით გავიზარდე. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე იყო ხელოვნება – თვითგამოხატვა ყველაზე კარგად ასე გამომდიოდა, ახლაც ასეა. თავიდან იყო ბალეტი, მერე – მუსიკა, ძერწვა, დაბოლოს – ხატვა. ასე მივედი ლოგიკურ დასასრულამდე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანის დასაწყისთან – არქიტექტურასთან და საკუთარ თავთან.

        დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია, რომ ძალიან გამიმართლა ჩემს „კაცურ” პროფესიაში. ხშირად მესმის კითხვები: არ გიჭირს უცხო გარემოში? მამაკაცთა კოლექტივში? მუდმივად ტექნიკური ტერმინები, ამდენი „ბეტონი“, „არმატურა“ და ა.შ მიხარია, რომ არ შევუშინდი ამ გამოწვევას და დღეს მშენებლობაში აქტიურად ჩართული ადამიანი ვარ, ვის სქესსაც მნიშვნელობა ეკარგება, როდესაც ლოგიკური ჯაჭვის სრულფასოვანი წევრი ხდები. მშენებლობა ესტაფეტასავითაა, ყველამ ჩვენი ჩირაღდანი უნდა მივიტანოთ ფინიშამდე. რაც შეეხება კომუნიკაციას, სიკეთის ენა საერთაშორისოა და მრავალპროფილური, ყველა პროფესიას მოიცავს. უცხო გარემოდ ვერც სხვა ქვეყანას, ქალაქსა თუ ლოკაციას აღვიქვამ. რადგან ყველაფერს საერთო აქვს, ჩემი პროფესია, ჯადოსნური შემოქმედებითი გარემო, ყოველთვის მშობლიური და ნაცნობი, რასთანაც მხოლოდ კომპიუტერის ჩართვა მაშორებს, უბრალოდ, ერთი ღილაკი და მე სახლში ვარ. ყველაფერთან ერთად, პროექტებსა და შენობებს სულიერებად, ადამიანებად აღვიქვამ, ყველას თავის ხასიათი აქვს სხვადასხვა ჭრილით, სხვადასხვა ფასადით. ალბათ, ძალიან ცოტა რამ მეგულება უფრო ლამაზი და აღმაფრთოვანებელი ვიდრე შენობის ზრდის და განვითარების ყურებაა. ემბრიონის ანუ ნახაზის ეტაპიდან რომ იწყებ და მიგყავს სასრულ მდგომარეობამდე. როგორც ადამიანი, ისიც ინდივიდია თავისი დამოუკიდებელი ორგანიზმით, სტილით, ცხოვრების რიტმითა და ხასიათით. ცხოვრებაც არქიტექტურასავითაა, ძნელია წარმოიდგინო პერსპექტივა, როდესაც მონახაზი არ გაქვს, ან დღეს უყურადღებოდ მიტოვებული დეტალი მომავალში უკვე დასრულებულ პროექტზე შეგიქმნის პრობლემას. ჰოდა, ამ გარემოში, სადაც ყველაფერი ასეთი ორგანული და ნაცნობია, რთულია, თავი უცხოდ იგრძნო ან ზედმეტად. მგონია, რომ ეს სფერო და პროფესია ამოუწურავია, ყოველდღიურად ვითარდება და, თუ გინდა, იყო წარმატებული, დროს და ცვლილებებს ფეხი უნდა აუწყო. და მაინც, რა არის ჩემთვის არქიტექტურა? უწყვეტი პროგრესი კომფორტისა და ჰარმონიის ძიებაში. მე თუ მკითხავთ, ცხოვრების აზრიც და ამოცანაც ესაა!

სრულად ნახვა

მე ვირჩევ პროფესიას -მოზარდი და მშობელი

არ დააჩქაროთ შვილი პროფესიის შერჩევის დროს – ეს შეიძლება „დათვური სამსახური“ აღმოჩნდეს.
ეროვნული გამოცდების ჩაბარების დრო მოდის, მაგრამ თქვენმა შვილმა ჯერ კიდევ არ იცის რა პროფესია შეარჩიოს?  ნუ ინერვიულობთ წინასწარ. ძალიან ბევრ ადამიანს უპოვნია რეალური მოწოდება გვიან ასაკში და მიუხედავად ამისა დიდი წარმატებისთვის მიუღწევია.

დააკვირდით
თუ პროფესიის შერჩევა უგვიანდება შვილს, ხშირად აბიტურენტებზე მეტად მათი მშობლები შფოთავენ. თუ თქვენი შვილები  მე-11, მე-12 კლასში არიან და მათ ჯერ არ იციან რა პროფესია აირჩიონ, თქვენი, მშობლის ამოცანაა დაეხმაროთ თქვენ შვილს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.


პირველი ნაბიჯი  არის დაკვირვება. შეაფასეთ მისი უნარები, შესაძლებლობები  და სურვილები. დღევანდელი თინეიჯერების მშობლებისგან გამიჯვნა სულ უფრო მეტად შესამჩნევია.  ამიტომ, მშობლებისთვის ხშირად რთულია გაიგონ და გაანალიზონ შვილის ქცევა, მისი მიდრეკილებები და შესაძლებლობები.
დავუშვათ თქვენი შვილი საათობით მიჯაჭვულია კომპიუტერთან, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მისი მომავალი პროფესია პროგრამისტობაა? გაარკვიეთ, სინამდვილეში რატომ ვერ წყდება თქვენი შვილი ეკრანს, რას აკეთებს – ხატავს, ფილმებს უყურებს, ბლოგს აწარმოებს თუ უბრალოდ კომპიუტერული თამაშებით ერთობა?

არ დაატანოთ ძალა, არ მოახვიოთ თქვენი სურვილები
ესაუბრეთ თქვენს შვილს, იმსჯელეთ მის ინტერესებზე, რაზე საუბრობს, რა იზიდავს მას. მოიძიეთ პროფესიები, რომელიც თანხვედრაში მოვა მოზარდის პიროვნებასთან, ხასიათის თვისებებთან და უნარებთან. ნუ  მოახვევთ თავს თქვენს სურვილებს და გადაწყვეტილებებს. თქვენმა შვილმა შესაძლოა ანგარიში გაგიწიოთ და დათანხმდეს თქვენ მიერ შეთავაზებულ პროფესიას სხვადასხვა მიზეზის გამო (არ გაწყენინოთ, ოჯახური ტრადიცია გააგრძელოს, მოდურ ტენდენციებში ჩაერთოს და სხვ.),  მაგრამ ძალის დატანებით მიღებული გადაწყვეტილება მას სამომავლოდ  უკან დახევს. თქვენი შვილისთვის უინტერესო სფეროში მუშაობით მიღებული ფრუსტრაცია ხშირად იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ავადმყოფობასაც კი.

ყველაზე დიდი პრობლემაა,  როცა მშობლები ცდილობენ საკუთარი იდეები მოახვიონ თავს შვილებს.   თუ  მშობელმა  თავად ვერ მიაღწია წარმატებას რომელიმე სფეროში, სურს რომ შვილმა გააკეთოს ეს  მის ნაცვლად. თქვენმა შვილმა შეიძლება  4 წელი ისწავლოს უნივერსიტეტში, მაგრამ მხოლოდ პრაქტიკაში მიხვდეს რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა.

ვარდისფერი სათვალეები
ასევე საყურადღებოა, რომ პროფესიის შერჩევისას მოზარდები ხშირად ვარდისფერი სათვალის პრიზმიდან უყურებენ პროფესიას. მათ არ აქვთ ნათელი წარმოდგენა რას სამუშაოსთან ექნებათ საქმე, როცა რაიმე მიმართულებას ირჩევენ.  ნაწილობრივ ეს განათლების სისტემის ბრალია, რადგან სკოლაში არ აწვდიან მოსწავლეებს საკმარის ინფორმაციას ამა თუ იმ პროფესიის შესახებ. ხშირად  მაღალი კურსის სტუდენტებმაც კი არ იციან, რით დაკავდებიან უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ.

ფსიქოლოგები მოზარდებს ურჩევენ – სიღრმისეულად გამოიკვლიონ და გაეცნონ იმ პროფესიას, რომლის არჩევასაც გეგმავენ. თუ ექნება საშუალება, გაიაროს პრაქტიკა მისთვის საინტერესო  სფეროში, ან გაესაუბროს დარგის სპეციალისტებს, გაიარონ პროფესიული ტესტირება, მიმართონ პროფკონსულტანტს, ქოუჩს, ფსიქოლოგს.  

მოუყვანეთ რეალური მაგალითები: ვინ, რატომ და რისთვის მუშაობს ამა თუ იმ ადგილზე. განიხილეთ პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ესაუბრეთ შვილს, როგორც თანასწორს, პატივი ეცით მის აზრს, შეიკავეთ თავი მანიპულაციებისგან. თქვენი, როგორც მშობლის ამოცანაა, შვილს დაეხმაროთ და მხარი დაუჭიროთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ გადაწყვეტილება მოზარდმა თვითონ მიიღოს.  

ნუ შეგეშინდებათ ცვლილების
არავინ არის დაცული პროფესიის შეცდომით არჩევისგან, თუ ადამიანმა მრავალი წელი დაუთმო რაიმე სპეციალობის შესწავლას და მდიდარი სამუშაო გამოცდილება აქვს, გაცილებით რთულია თავი დაანებოს მას და საყვარელ საქმეს მოკიდოს ხელი. და მაინც, თუ ადამიანმა მტკიცედ გადაწყვიტა შეცვალოს პროფესია, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.  როგორც წესი, ადამიანები პროფესიას ძალიან ადრეულ, 17-18 წლის ასაკში ირჩევენ, შემდეგ კი ცხოვრების მანძილზე შესაძლოა რამდენჯერმე დააკორექტირონ.


ძალიან ბევრმა წარმატებულმა და ცნობილმა ადამიანმა, სწორედ გვიან ასაკში მიაგნო სასურველ პროფესიას, რასაც ხელი არ შეუშლია მათთვის შთამბეჭდავი შედეგებისთვის მიეღწიათ. თუ თქვენს შვილს აქვს სურვილი, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯები მისი ოცნებების ასასრულებლად, ნუ შეაჩერებთ მათ.

ეს ყველას ემართება

ძირითადად, ცხოვრების რადიკალურად ცვლილების სურვილი, პროფესიის ჩათვლით, ადამიანთან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ასაკობრივ კრიზისებზე მოდის: 20, 30, 40 წლის ასაკში ადამიანები აჯამებენ განვლილ ცხოვრებას და საჭიროდ მიიჩნევენ ცვლილებებს. სინამდვილეში ასაკობრივი კრიზისი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა რაღაც არასწორად გააკეთა. ნებისმიერი ასაკობრივი კრიზისი პიროვნების განვითარების და ჩამოყალიბების ნორმალური და ჯანსაღი პროცესია. მთავარია ახალ ეტაპზე გადასვლა და რაიმეს ცვლილება იყოს გაცნობიერებულად მიღებული გადაწყვეტილება და არა საკუთარი თავიდან გაქცევის მცდელობა.

ცენტრის ადმინისტრაცია  

სრულად ნახვა