პროფესიის არჩევა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ჯერ კიდევ 14 წლის ვიყავი, როდესაც საკუთარ თავთან ჭიდილში მომიწია ყოფნა: არასრულფასოვნების შეგრძნება, მოტივაციის გარეშე ცხოვრება და სამყაროში საკუთარი ადგილის ძებნა ძალიან რთული აღმოჩნდა. მიჩნდებოდა კითხვები: ვინ ვარ? სად ვარ? რისთვის ვარ? სად უნდა ვიყო? როგორი უნდა ვიყო?
საკუთარ თავის ძიების პროცესში გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემი მომავალი პროფესია ადამიანების მხარდაჭერასა და მათ დახმარებასთან ყოფილიყო კავშირში. გავიარე ფსიქოლოგიური ტესტირება „პროფესიული ორიენტაცია“, რომელმაც კიდევ უფრო ზუსტად გამარკვია ჩემს ინტერესებში, უნარ-ჩვევებსა და შესაძლებლობებში. ამიტომაც ავირჩიე ფსიქოლოგია, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და ასევე საპასუხისმგებლო პროფესიაა. ეს პროფესია გაძლევს შესაძლებლობას, დაეხმარო ადამიანებს საკუთარი თავის აღმოჩენაში, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, გარემოსთან ადაპტაციასა თუ სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავებაში. მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანებს დაეხმარება იყონ ღიმილიანები და ბედნიერები. ღრმად მჯერა, რომ თითოეულ ადამიანში არის მზე, რომელმაც სულ უნდა ანათოს!
2021 წლის სექტემბერში მომეცა შესაძლებლობა და ჩავერთე პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრის მოხალისეობრივ პროექტში, ხოლო შემდგომ კი, გავხდი ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში. ჩავატარე რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან პროფესიის არჩევისა და კარიერის დაგეგმვის მნიშვნელობაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი „რევულუცია“ დაიწყო სწორედ ამ პერიოდიდან და ყველა ნაბიჯი, რომელიც ამის შემდეგ ცხოვრებაში გადამიდგამს, არის ამ გადაწყვეტილების შედეგი. ეს იყო პირველი გარდამტეხი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, როცა აქტიურად დავიწყე მოქმედება: ჩავერთე არაფორმალურ განათლების მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა ტრენინგში, ვებინარსა თუ სემინარში, გავიცანი დარგის პროფესიონალები, უფრო ღრმად გავაცნობიერე ფიქოლოგიის არსი.
ამის შემდგომ დავიწყე უმაღლესი სასწავლებლების შერჩევის პროცესი. ძიების შემდგომ, უპირატესობა მივანიჭე კერძო უნივერსიტეტს. ზოგადად რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია ყველაფერი იყო და არის ალტერნატიული- ჩემი ხედვა, მოქმედება, რომელიც არ გავს სხვისას. შესაბამისად, ავირჩიე მართვისა და კომუნაკაციის უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ – განსხვავებული სასწავლო სივრცით, თანამედროვე, თბილი და სტუდენტებზე მორგებული გარემოთი. როდესაც უნივერსიტეტის შესახებ დავიწყე ინფორმაციის მოძიება, აღმოვაჩინე, რომ ჩემი მოთხოვნილებები და სურვილები, სრულ თანხვედრაში მოდიოდა უნივერსიტეტის მიზნებთან და ღირებულებებთან. აქ, ალტერბრიჯის ტრანსფორმაციულ და მრავალფეროვან გარემოში, სტუდენტს შეუძლია აღმოაჩინოს „ალტერნატიული მე“. დარწმუნებული ვარ, რომ სასწავლებლის კედლებში მიღებული ცოდნით, შემეძლება არა მხოლოდ ბაზარზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და მასზე მორგება, არამედ აქტიური წვლილის შეტანა მომავალში დარგის განვითარების პროცესში. და ბოლოს, ჩემი მომავალი რექტორის ყველაზე მამოტივირებელი სიტყვები ერთ-ერთი ინტერვიუდან „ვერასოდეს ვერ გაიგებ რა იქნებოდა, თუ ნაბიჯი არ გადადგი და ის სამი წერტილი მთელი ცხოვრება შეგაწუხებს- რა იქნებოდა, რომ გამებედა? -ამიტომ უნდა გაბედო !“
და მეც გავბედე… დღეს, როცა უკვე აბიტურიენტი ვარ, ზუსტად ვიცი, რომ ფსიქოლოგია არის ის პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით ვემსახურები!