„პროფესიის არჩევა გარკვეულწილად ცხოვრების პარტნიორის არჩევას უტოლდება”
დ. კარნეგი
21-ე საუკუნის სწრაფად ცვალებად სამყაროში, განუზომლად დიდია ადამიანური რესურსების განვითარების და რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობა. შრომის ბაზარი გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს როგორც პროფესიული მომზადების, ისე პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სისტემებს. ადამიანებს სჭირდებათ დახმარება პროფესიის არჩევის, შეცვლის, კომპეტენციების ათვისების, განვითარების და კარიერული ცხოვრების დაგეგმვის საკითხებზე, რათა სამუშაო პროცესი საინტერესო და სასიამოვნო იყოს, რაც ადამიანის ბედნიერების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
პროფესიული ორიენტაცია გულისხმობს სისტემურ პროცესს, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს გაიაზრონ საკუთარი ინტერესები, უნარები და შესაძლებლობები, საკუთარი პოტენციალი სწავლის და განვითარების კუთხით. პროფორიენტაცია ასევე გულისხმობს პროფესიის მაძიებლის ინფორმირებას პროფესიის შინაარსის, პროფესიაში არსებული სპეციალობებისა და სპეციალიზაციების, საგანმანათლებლო რესურსების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ამის შემდგომ, კი საკუთარი უნარების, ინტერესების, პიროვნული მახასიათებლების და შრომითი ღირებულებების პროფესიასთან შესაბამისობის დადგენას, პროფესიის შერჩევას და კარიერის დაგეგმვას.
პროფესიული ორიენტაცია – ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც გულისხმობს არა ერთჯერადად გადაწყვეტილების მიღებას და არჩევანის გაკეთებას, არამედ კარიერის მართვის უნარების შეძენას და გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებას, რომლის გამოყენებასაც პიროვნება მთელი ცხოვრების მანძილზე შეძლებს.
პროფესიული ორიენტაციის აქტუალობას და მნიშვნელობას მრავალი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს. დარგის პროფესიონალები ერთხმად აღიარებენ, რომ პროფორიენტაცია ხელს უწყობს შრომითი ეფექტიანობის ზრდას, უმუშევრობის დონის შემცირებასა და სამსახურის თვითნებურად მიტოვების შემთხვევებს.
„პროფესიული ორიენტაციის და განვითარების ცენტრმა“, რომელიც უკვე ორი წელია პროფორიენტაციულ საქმიანობას ეწევა, ჩაატარა კვლევა თემაზე „ხართ თუ არა დასაქმებული თქვენი პროფესიით?“. კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რამდენად არიან ადამიანები დასაქმებული პირველადად არჩეული პროფესიით, შეიცვალეს თუ არა პროფესია ცხოვრების განმავლობაში და რამ განაპირობა მათი პროფესიული არჩევანი, რაც კიდევ უფრო მეტად ნათელს გახდიდა ჩვენთვის, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ადამიანები საქართველოში პროფესიის არჩევის დროს.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 18-დან 60 წლამდე 636 ადამიანმა. აქედან მონაწილეთა 11/2%-ი რესპოდენტი 18-დან 25 წლამდეა, 80,6% 26-55 წლამდე; 7.4% -ი -55+ ასაკისაა. უმაღლესი განათლება აქვს რესპოდენტთა 96,5%-ს; პროფესიული განათლება -2%-ს; საშუალო განათლება -1,4%-ს;
კვლევაში დასმული იყო სულ რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
არიან თუ არა დასაქმებული ადამიანები პირველადად არჩეული პროფესიით, რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგებით:
51,9% – 324 ადამიანია დასაქმებული პირველადად არჩეული პროფესიით, მათგან
- 233 რესპოდენტი – კმაყოფილია საკუთარი არჩევანით
- 91 რესპოდენტი -უკმაყოფილო ან ნაწილობრივ კმაყოფილია
რამ განსაზღვრა პროფესიული არჩევანი,რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგებით:
ის რესპოდენტები, (233 გამოკითხული), რომლებიც დასაქმებული და კმაყოფილები არიან იმ პროფესიით, რაც პირველად აირჩიეს, პროფესიის არჩევა განსაზღვრა:
- ინტერესებმა -58% -135 რესპოდენტი ;
- უნარებმა და შესაძლებლობებმა -23,2% -54 რესპოდენტი;
- პიროვნულმა მახასიათებლებმა – 8.1% -19 რესპოდენტი
ჯამში 89,3%, ხოლო 10,7%-ის პროფესიულ არჩევანზე იმოქმედა:
- მშობლების გავლენამ -7 რესპოდენტი;
- პროფესიის პრესტიჟულობამ -6 რესპოდენტი;
- სხვა-6 რესპოდენტი
- შრომის ბაზრის მოთხოვნილება-4 რესპოდენტი
- მაღალი ანაზღაურება – 2 რესპოდენტი;
შეიცვალეს თუ არა პროფესია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგებით:
- 636 რესპოდენტიდან 49,1% – 312 ადამიანმა შეიცვალა პროფესია, ვინაიდან არ იყვნენ კმაყოფილები პირველადი არჩევანით, მათგან:
- 51,7% – 161 რესპოდენტი კვლავ უკმაყოფილო, ან ნაწილობრივ კმაყოფილია არჩეული პროფესიით,
- 48,4%- 151 რესპოდენტი კმაყოფილია შეცვლილი პროფესიით.
თუ რამ განსაზღვრა პროფესიის შეცვლა, პროფესიული არჩევანით უკმაყოფილო რესპოდენტების 39,6% -ი ძირითად მიზეზად ასახელებენ, რომ:
- გავაცნობიერე, რომ პროფესია არ ავირჩიე სწორად
- არ მქონდა რეალისტური მოლოდინები პროფესიასთან მიმართებაში
- არჩეულ პროფესიაში ვერ დავსაქმდი სამუშაო ადგილების სიმცირის გამო
- არჩეულ პროფესიაში მუშაობა დისკომფორტს მიქმნიდა
- ვერ მოვერგე იმ მოთხოვნებს, რასაც პროფესია მიყენებდა
შეკითხვას, შეუძლია თუ არა ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიცვალოს პროფესია, რესპონდენტების 93,4%-მა დადებითად უპასუხა.
ამდენად, გამოკითხული 636 ადამიანიდან, პირველადად არჩეული პროფესიით დასაქმებული და კმაყოფილია მხოლოდ 233 ადამიანი, რაც გამოკითხულთა 36,7%-ია. სხვადასხვა ეტაპზე პროფესიის შეცვლის შემდგომ, დასაქმებულების კმაყოფილების საერთო მაჩვენებელი 60,4%-ს შეადგენს.
ადამიანებს ერთმანეთისგან განსხვავებული უნარები, შესაძლებლობები და ინტერესები აქვთ, შესაბამისად განსხვავდება ის მიმართულებები და პროფესიები, სადაც ისინი საკუთარი თავის რეალიზებას და წარმატების მიღწევას შეძლებენ. პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში, პროფკონსულტანტის დახმარებით პროფესიის მაძიებელს საშუალება ეძლევა მიიღოს კომპეტენტური პასუხები კითხვებზე, მიიღოს სტრუქტურირებული, ჩამოყალიბებული ინფორმაცია საკუთარი თავის, პროფესიების, მათი თავისებურებების და დაუფლების გზების, პროფესიებზე მოთხოვნის და საგანმანათლებლო რესურსების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროფესიის მაძიებლის მზაობას გაცნობიერებული, ინფორმირებული და დამოუკიდებელი არჩევანის გასაკეთებლად.