თავდაპირველად, როდესაც უნივერსიტეტში ვაბარებდი ბაკალავრიატზე, სამწუხაროდ, ზუსტად არ ვიცოდი,  კონკრეტულად რომელ ფაკულტეტზე ან რომელ სასწავლებელში მინდოდა ჩამებარებინა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მეც მშობლების გავლენის ქვეშ აღმოვჩნდი და ჩავაბარე ბიზნესის ადმინისტრირებაზე. მოკლე დროში მივხვდი, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე. სხვა საგნებთან ერთად, თავისუფალ საგნად ავირჩიე ფსიქოლოგიის საფუძვლები და, როდესაც დავინახე განსხვავება ამ ორ დარგს შორის, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე რთული და არასწორი გზაა ისწავლო იქ, სადაც საკუთარ თავს ვერ ხედავ და ვერ იხარჯები. ამიტომაც მალე, პირველი კურსის მეორე სემესტრშივე გადავედი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და იმ დღიდან უფრო და უფრო მიყვარდება ეს სფერო.

ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის დაწყების შემდეგ დავიწყე აქტიური ძიება სხვადასხვა ტრენინგის, სტაჟირების პროგრამების, გავეცანი ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებებს,  რათა უკეთ დავრწმუნებულიყავი საკუთარ არჩევანში, შესაბამისად, ამერჩია სწორი განხრა, შემდეგ კი გამეღრმავებინა ცოდნა.

ჩემთვის ძალიან საინტერესო და დიდი გამოცდილების შემძენი იყო  სასწავლო პრაქტიკა ონკოლოგიურ კლინიკაში, სადაც ფსიქოლოგი-სტაჟიორი ვიყავი და ბევრ გასხვავებულ პაციენტთან მქონდა შეხება;

ვიმუშავე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ასისტენტად ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში, მივიღე გამოცდილება მსხვილ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ კომპანიაში რეკრუტერის და ადამიანური რესურსების მენეჯერის განხრით.

ამჟამად კი მაქვს საკუთარი ორგანიზაცია – “GRA-Georgian Retailers Association”-ქართულ მაღაზიათა ასოციაცია, სადაც ვარ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის კარგად გაცნობა, საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების და ღირებულებების ცოდნა იმისთვის, რომ პროფესიული მიმართულება სწორად აირჩიო. როდესაც ადამიანი ამას თავად ვერ ახერხებს, უჭირს პრიორიტეტების დალაგება ან უბრალოდ არ ფლობს საკმარისს ინფორმაციას საკუთარი ნიჭის, პიროვნული თვისებების ან საგანმანათლებლო რესურსების შესახებ,  ჩემი აზრით, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება პროფესიონალის დახმარება, რომელიც მეგზურობას და მხარდაჭერას გაგიწევს პროფესიული არჩევანის არც თუ მარტივ გზაზე, რითაც თავად დაზოგავ უმიზნოდ დახარჯულ დროს და რესურსებს.