ბავშვობის ულამაზესი წლები, სიცელქითა და ბედნიერი ნათელი დღეებით აღსავსე, დახუნძლულია ვალდებულებებითაც, რასაც სკოლის კედლებში სწავლა-განათლების მიღება ჰქვია. უმნიშვნელოვანესია სკოლის როლი ჩვენი ცნობიერების ჩამოყალიბებაში, რადგან ჩვენი მიზნებსა და სურვილებზე უდიდესი დიდი გავლენას ახდენს პედაგოგი, რომელმაც უნდა შეგვაყვაროს საგანი, რომელსაც ძალუძს შეგვიცვალოს შეხედულებები, რაც მოგვცემს ჩვენი მომავალი პროფესიის სიყვარულით (და არა სოციალური თუ ცხოვრებისეული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად) დაუფლების შესაძლებლობას.
სკოლაში სწავლის წლები ჩემთვის გახლდათ დატვირთული თბილი, ხალისიანი და ბედნიერი ემოციებით. ვიზრდებოდით ლაღ და მშვიდ გარემოში. საზრუნავი მხოლოდ სწავლა გახლდათ ნეგატიური სოციალური ფაქტორებისაგან დაცლილ გარემოში. პედაგოგებიც რუდუნებით გვაწვდიდნენ ცოდნას, რაც მომავალი პროფესიისა თუ ცხოვრების დაგეგმვის პრინციპულ საფუძვლებს შეგვიქმნიდა.
რთულია იყო მოზარდი და, ამავე დროს, კონცენტრირებული მხოლოდ სწავლაზე, მომავალი პროფესიიის დაგეგმვის რეჟიმზე მაშინ, როდესაც შენში იღვიძებს რაღაც სხვა, აუხსნელი. ორგანიზმი განიცდის ტრანსფორმაციას და უნებურად ეჯახები სრულიად ახალ გარემოს. ეს ის ულამაზესი წლებია, როდესაც გულიც სხვაგვარად ფეთქვავს, გრძნობ, თუ როგორ იცვლება შენ ირგვლივ ბუნებაც. ოცნებობ რაღაც სხვაზე, გაურკვეველზე, მაგრამ მაინც იაზრებ, რომ აუცილებელია იფიქრო შენი მომავალი პერსპექტივებისა და ცხოვრების დაგეგმვაზე, რადგან ცხოვრება მიიწევს წინ და შენც, როგორც ინდივიდი, დაიჩაგრები განვითარებისა და პერსპექტივის გარეშე.
მოზარდისთვის ეს ის პერიოდია, როდესაც მშობელი გიყვარს, მაგრამ, ამავე დროს, შენი საზომი, ზოგ შემთხვევაში, არა მშობელი, არამედ სულ სხვა ინდივიდი შეიძლება გახდეს! ცდილობ მიუახლოვო შენი მომავალი პოზიციები იმ ადამიანის ხედვებსა და იდეალებს, ვინც მოგწონს. პირადად ჩემთვის მშობლები გახლდათ საზომი ადამიანობის, პროფესიული წინსვლისა და პატრიოტიზმის, მაგრამ, ასევე, ირგვლივ მყავდა ისეთი ადამიანებიც, რომელთა რუტინაც ძალიან საინტერესო იყო.
პროფესია, რომელსაც ვირჩევთ, უნდა გვიყვარდეს, რადგან, თუ არ გიყვარს, ვერ რეალიზდები სამყაროში იმ ხარისხით, რასაც მოითხოვს კონკურენტული გარემო. ჩვენ უნდა გავითავსოთ და მომავალ თაობასაც ჩავაგონოთ, რომ განათლებაც შენი ოჯახია, შენი ცხოვრების თანამგზავრია და, სწორედ მასთან ხელიხელჩაკიდებულმა, უნდა იღვაწო შენი ქვეყნისა და ოჯახის კეთილდღეობისათვის.
პროფესიის შერჩევისას მუდმივად ვფიქრობდი, თუ რატომ მიზიდავდა იურისპრუდენცია და არა სხვა პროფესიები, მიუხედავად ასაკისა, ვაანალიზებდი ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაძლო სამომავლო შედეგებს. ასაკისთვის უჩვეულოდ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი სამართლის რომელ მიმართულებასთან მინდოდა დამეკავშირებინა ჩემი მომავალი და, დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, არჩევანი წარმატებული გახლდათ, რადგან დავეუფლე იურისტის პროფესიას, სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით. ჩემი სურვილისა და მიზნის შესაბამისად, გავხდი ნოტარიუსი და მოცემული საქმე მაბედნიერებს დღემდე. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის ჩემი სითბოსა და გამოცდილების გაზიარება, ასევე მაბედნიერებს მოქალაქეთა სითბო და სიყვარული, რითაც ისინი მანებივრებენ ჩემს სანოტარო ბიუროში ვიზიტის დროს. მაბედნიერებს თითოეული კოლეგა და ბიუროს თანამშრომელი, და ემოციებით დახუნძლული, ბედნიერ გარემოს ნაზიარები, კიდევ უფრო ბედნიერად გადავინაცვლებ ოჯახურ გარემოსა თუ მეგობრების გარემოცვაში.
აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ გადაწყვეტილების მიღებისას არანაირ ზეგავლენას ადგილი არ ჰქონია პირადად ჩემზე, რადგან ვერც სოციუმი და ვერც უახლოეს ადამიანთა წრე ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი ჩემი შესრულებული საქმიანობის ხარისხზე. შესაბამისად, გავაცნობიერე რა ჩემი მომავალი მიზნები და მისწრაფებები, გავანდე ჩემს ოჯახს, მივიღე სრული მხარდაჭერა და ვიყავი აბსოლუტურად დამოუკიდებელი არჩევანში.
ვფიქრობ, თაობებმა, რომლებიც გადიან ულამაზეს ასაკს და აქვთ ფუფუნება იფიქრონ სამომავლო არჩევანზე ეხლა, არიან სტუდენტები და სწავლასთან ერთად იაზრებენ, რომ ეს არ არის ის, რაც უნდოდათ, უნდა დაფიქრდნენ, აწონ-დაწონონ და ცივი გონებით, სწორად დასახონ საყვარელი პროფესიისა და საქმიანობის სამომავლო გეგმები. რთულია, წინასწარ განსაზღვრო, ესა თუ ის პროფესია როგორ აგვიწყობს მომავალს, იქნება თუ არა იგი ღირსეული ცხოვრების გარანტი, მაგრამ ის უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც შენი არჩევანი იყო, რადგან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს შენი ოჯახია. დავძენდი იმასაც, რომ ნებისმიერ ასაკსა თუ პოზიციაზე არ უნდა გაჩერდე, უნდა განაგრძო და ფეხი აუწყო განვითარებას, წინ – დასახული მიზნისკენ, რათა გამოადგე ქვეყანას, შენს ხალხსა და ოჯახს.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ მთავარი არაა პროფესიის დაუფლება მხოლოდ პროფესიითვის, დიპლომისთვის, არამედ აუცილებელია პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტი, რადგან გარემო დღითი დღე სულ უფრო კონკურენტული ხდება.
ამ პრინციპებით დავზარდე შვილები, არასოდეს მოქცეულან სხვისი სურვილების გავლენის ქვეშ და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ორივე საყვარელ პროფესიას ეუფლება და მიიწევს წინ – დასახული მიზნებისკენ.
მინდა ვუსურვო მომავალ თაობებს წარმატებები, კეთილი და ბედნიერი მომავალი.