რაც თავი მახსოვს, შინ მუდმივად ვცეკვავდი. „გააჩერეთ ეს ბავშვი!” „როდემდე უნდა იტრიალო?!” „თავბრუ არ გეხვევა?” – სულ მსგავსი ფრაზები ტრიალებდა ჩემთან ერთად. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, ეს თავბრუდამხვევი ცხოვრება ჩემს პროფესიად თუ გადაიქცეოდა.
18 წლის ასაკში იურიდიულზე ჩავაბარე, პროკურორობა მინდოდა. ძალიან მაინტერესებდა და კარგადაც ვსწავლობდი. იმ დროს უკვე მყარად მქონდა გადაწყვეტილი, ცეკვა ჩემთვის უბრალო ჰობი ყოფილიყო. სისხლის სამართლის კოდექსით ხელში უნივერსტეტის ეზოში ვიდექი, როდესაც ჩემი ცხოვრების ახალმა ეტაპმა ტელეფონზე დამირეკა და დიახ, შეცვალა ჩემი მომავალი.
სუხიშვილები… მათი არც ერთი კონცერტი არ გამომიტოვებია – ახალი, ძველი, ყველაფერი ზეპირად ვიცოდი. კონცერტების მერე შინ მოსულს ემოციებისგან ღამე არ მეძინა ხოლმე, მისტიური პერსონაჟები იყვნენ ჩემთვის სცენაზე მონარნარე გოგონები და ძლიერი ბიჭები, არარეალური გმირები. სწორედ ამიტომაც , მეგონა ჩვეულებრივი ადამიანები „სუხიშვილები“ ვერ ხდებოდნენ. ოცნებად მქონდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, ოცნებასაც ვერ გავბედავდი. არც მიზნად დამისახავს მათ რიგებში მოხვედრა. ვიყავი მე, სულ რომ ვცეკვავდი, და ისინი – არამიწიერი სუხიშვილები.
ჰოდა, ერთ დღესაც, ასე – პროკურორობისთვის გამზადებული, ცეკვით მოვიწამლე და მთელი ჩემი ცხოვრება ამ პროფესიას დავუკავშირე. ოცნებას ვერ ვბედავდი, მაგრამ იქ მოხვედრილმა მიზნად დავისახე, ღირსეული ადგილი დამეკავებინა სუხიშვილების რიგებში. აქ გავიზარდე, ჩამოვყალიბდი, დამოუკიდებლობა ვისწავლე, განვვითარდი. ცეკვა როგორც პროფესია? უფრო მეტიც – ცეკვა როგორც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი!
პარალელურად ვსწავლობდი, რეპეტიციებსა და კონცერტს შორის გამოცდებს ვაბარებდი, ხანდახან გრიმით , ხანდახან სხვა ქვეყნიდან ონლაინ ვერთვებოდი ლექციებზე, ლექტორებს შინ ვაკითხავდი, ვწვალობდი, მაგრამ ღირდა! უფრო მეტიც, მერე მაგისტრატურაზეც კი ჩავაბარე და ისიც წარმატებით დავამთავრე. ახლა რომ ვფიქრობ, ყველაფერს ცეკვის გამო ვაკეთებდი. არაფრის გამოტოვება არ მინდოდა, თან ჩემს თავს ვუმტკიცებდი, რომ შემეძლო ბევრი საქმე ერთად მეკეთებინა. დღემდე ასეა, მთავარი სუხიშვილებია, მერე – ყველაფერი დანარჩენი. წარმატებული კონცერტის ბოლოს, როდესაც ოვაციებისგან დარბაზი ინგრევა, წამით დამიხუჭავს თვალები და გამხსენებია ის პატარა გოგო, სახლში გამუდმებით რომ ტრიალებდა. ოცნება ყოველთვის ღირს, მთავარია, მთელი გულით გინდოდეს.
ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც თავისი პროფესია აბედნიერებს. ცეკვა ჩემი პროფესიაა, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. გზა წარმატებისგენ მუდმივი ბრძოლაა – საკუთარ თავთან, დაბრკოლებებთან ბრძოლა. მთავარია, არ დავნებდეთ, მივაღწიოთ მიზნებს და შევიყვაროთ საკუთარი ოცნებები.