კარიერაზე ფიქრი დავიწყე მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასში, როცა უკვე კონკრეტულად უნდა ამერჩია, რისი გაკეთება მომანიჭებდა სიამოვნებას მთელი ცხოვრების განმავლობაში. დადგა ყველაზე რთული და საპასუხიმგებლო ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. ოჯახიდან დასაქმებული იმ დროს იყო მხოლოდ დედაჩემი, რომელიც მუშაობდა ერაყში საკმაოდ რთულ პირობებში იმისათვის, რომ ვყოფილიყავი უზრუნველყოფილი ყველაფრით.
სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი მოტივატორი, რომ მე სწორი გადაწყვეტილება მიმეღო. თითქოს მარტივად მივიღე გადაწყვეტილება, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა, თუმცა, ამავდროულად, შინაგანად ძალიან ვნერვიულობდი. პირველ რიგში, ფიქრობ იმაზე, რამდენად მალე „შედგები“, რომ შეძლო ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა , მერე უკვე საკუთარ განვითარებაზე – ყოველ შემთხვევაში, პირადად მე ასე ვფიქრობდი.
არჩევანი გავაკეთე ბიზნესის მიმართულებაზე , უფრო კონკრეტულად, წავედი ფინანსების განხრით. უნივერსიტეტში ჩაბარებიდან მალევე დავინტერესდი საბანკო საქმით და დავიწყე სტაჟირება „თიბისი“ ბანკში – 2015 წელს , მას შემდეგ არაერთი პოზიცია შევიცვალე ამ სექტორში და დღესაც, 23 წლის ასაკში, „თიბისის“ თანამშრომელი ვარ ხუთწლიანი გამოცდილებით.
ვხვდები, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო და, ასე თუ ისე, საწყისი ნაბიჯები გამოვიარე იმ დიდი და რთული გზისა, რომელიც მიზნად დავისახე აბიტურიენტობის წლებში. როდესაც სწავლობ და, პარალელურად, სამსახურში ხედავ, რომ შენი ცოდნა გეხმარება, ეს არის ყველაზე დიდი სიამაყის შეგრძნება. ხვდები, რომ არ უნდა გაჩერდე, უნდა ისწავლო – პირველ რიგში, იმიტომ, რომ იყო საკუთარი თავით ამაყი. მიუხედავად ბევრი სირთულისა როგორც უნივერსიტეტში, ასევე სამსახურში , არასდროს დამიკარგავს რწმენა, რომ, ადრე თუ გვიან, ჩემი შრომა დაფასდებოდა.
როდესაც 19 წლის ასაკში ხედავ, რომ შენი თანატოლები ერთობიან, თავისუფლად ატარებენ დროს, შენ კი სამსახურში ზიხარ, ეს საკუთარ თავთან კონფლიქტს იწვევს , თუმცა ესეც ერთ-ერთი დაბრკოლებაა, რომელიც უნდა გადალახოს ყველამ. ამ პრობლემის გარდა, მრავალი სხვაც იქნება სტუდენტობის დროს, როდესაც საკუთარი შემოსავალიც გინდა და, ამავდროულად, სწავლაც უნდა მოასწრო, თუმცა მთავარია, მიზანი იყოს მყარი, კონკრეტული და არ შეწყდეს ამ მიზნისკენ სწრაფვა. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიტყვი , რომ რაც უფრო რთულია სტუნდეტური წლები, მით უფრო დიდი გამოცდილებით იწყებ ასპარეზს კარიერულ ცხოვრებაში. კარიერული არჩევანი უნდა გააკეთოს ყველამ საკუთარი შეხედულებების მიხედვით და არა ვინმეს გადაწყვეტილებით. ყველაზე კარგად თავად იცის ადამიანმა, რა გადაწყვეტილება იქნება მისთვისა და გარშემომყოფთათვის სასარგებლო.