არ დააჩქაროთ შვილი პროფესიის შერჩევის დროს – ეს შეიძლება „დათვური სამსახური“ აღმოჩნდეს.
ეროვნული გამოცდების ჩაბარების დრო მოდის, მაგრამ თქვენმა შვილმა ჯერ კიდევ არ იცის რა პროფესია შეარჩიოს?  ნუ ინერვიულობთ წინასწარ. ძალიან ბევრ ადამიანს უპოვნია რეალური მოწოდება გვიან ასაკში და მიუხედავად ამისა დიდი წარმატებისთვის მიუღწევია.

დააკვირდით
თუ პროფესიის შერჩევა უგვიანდება შვილს, ხშირად აბიტურენტებზე მეტად მათი მშობლები შფოთავენ. თუ თქვენი შვილები  მე-11, მე-12 კლასში არიან და მათ ჯერ არ იციან რა პროფესია აირჩიონ, თქვენი, მშობლის ამოცანაა დაეხმაროთ თქვენ შვილს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.


პირველი ნაბიჯი  არის დაკვირვება. შეაფასეთ მისი უნარები, შესაძლებლობები  და სურვილები. დღევანდელი თინეიჯერების მშობლებისგან გამიჯვნა სულ უფრო მეტად შესამჩნევია.  ამიტომ, მშობლებისთვის ხშირად რთულია გაიგონ და გაანალიზონ შვილის ქცევა, მისი მიდრეკილებები და შესაძლებლობები.
დავუშვათ თქვენი შვილი საათობით მიჯაჭვულია კომპიუტერთან, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მისი მომავალი პროფესია პროგრამისტობაა? გაარკვიეთ, სინამდვილეში რატომ ვერ წყდება თქვენი შვილი ეკრანს, რას აკეთებს – ხატავს, ფილმებს უყურებს, ბლოგს აწარმოებს თუ უბრალოდ კომპიუტერული თამაშებით ერთობა?

არ დაატანოთ ძალა, არ მოახვიოთ თქვენი სურვილები
ესაუბრეთ თქვენს შვილს, იმსჯელეთ მის ინტერესებზე, რაზე საუბრობს, რა იზიდავს მას. მოიძიეთ პროფესიები, რომელიც თანხვედრაში მოვა მოზარდის პიროვნებასთან, ხასიათის თვისებებთან და უნარებთან. ნუ  მოახვევთ თავს თქვენს სურვილებს და გადაწყვეტილებებს. თქვენმა შვილმა შესაძლოა ანგარიში გაგიწიოთ და დათანხმდეს თქვენ მიერ შეთავაზებულ პროფესიას სხვადასხვა მიზეზის გამო (არ გაწყენინოთ, ოჯახური ტრადიცია გააგრძელოს, მოდურ ტენდენციებში ჩაერთოს და სხვ.),  მაგრამ ძალის დატანებით მიღებული გადაწყვეტილება მას სამომავლოდ  უკან დახევს. თქვენი შვილისთვის უინტერესო სფეროში მუშაობით მიღებული ფრუსტრაცია ხშირად იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ავადმყოფობასაც კი.

ყველაზე დიდი პრობლემაა,  როცა მშობლები ცდილობენ საკუთარი იდეები მოახვიონ თავს შვილებს.   თუ  მშობელმა  თავად ვერ მიაღწია წარმატებას რომელიმე სფეროში, სურს რომ შვილმა გააკეთოს ეს  მის ნაცვლად. თქვენმა შვილმა შეიძლება  4 წელი ისწავლოს უნივერსიტეტში, მაგრამ მხოლოდ პრაქტიკაში მიხვდეს რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა.

ვარდისფერი სათვალეები
ასევე საყურადღებოა, რომ პროფესიის შერჩევისას მოზარდები ხშირად ვარდისფერი სათვალის პრიზმიდან უყურებენ პროფესიას. მათ არ აქვთ ნათელი წარმოდგენა რას სამუშაოსთან ექნებათ საქმე, როცა რაიმე მიმართულებას ირჩევენ.  ნაწილობრივ ეს განათლების სისტემის ბრალია, რადგან სკოლაში არ აწვდიან მოსწავლეებს საკმარის ინფორმაციას ამა თუ იმ პროფესიის შესახებ. ხშირად  მაღალი კურსის სტუდენტებმაც კი არ იციან, რით დაკავდებიან უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ.

ფსიქოლოგები მოზარდებს ურჩევენ – სიღრმისეულად გამოიკვლიონ და გაეცნონ იმ პროფესიას, რომლის არჩევასაც გეგმავენ. თუ ექნება საშუალება, გაიაროს პრაქტიკა მისთვის საინტერესო  სფეროში, ან გაესაუბროს დარგის სპეციალისტებს, გაიარონ პროფესიული ტესტირება, მიმართონ პროფკონსულტანტს, ქოუჩს, ფსიქოლოგს.  

მოუყვანეთ რეალური მაგალითები: ვინ, რატომ და რისთვის მუშაობს ამა თუ იმ ადგილზე. განიხილეთ პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ესაუბრეთ შვილს, როგორც თანასწორს, პატივი ეცით მის აზრს, შეიკავეთ თავი მანიპულაციებისგან. თქვენი, როგორც მშობლის ამოცანაა, შვილს დაეხმაროთ და მხარი დაუჭიროთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ გადაწყვეტილება მოზარდმა თვითონ მიიღოს.  

ნუ შეგეშინდებათ ცვლილების
არავინ არის დაცული პროფესიის შეცდომით არჩევისგან, თუ ადამიანმა მრავალი წელი დაუთმო რაიმე სპეციალობის შესწავლას და მდიდარი სამუშაო გამოცდილება აქვს, გაცილებით რთულია თავი დაანებოს მას და საყვარელ საქმეს მოკიდოს ხელი. და მაინც, თუ ადამიანმა მტკიცედ გადაწყვიტა შეცვალოს პროფესია, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.  როგორც წესი, ადამიანები პროფესიას ძალიან ადრეულ, 17-18 წლის ასაკში ირჩევენ, შემდეგ კი ცხოვრების მანძილზე შესაძლოა რამდენჯერმე დააკორექტირონ.


ძალიან ბევრმა წარმატებულმა და ცნობილმა ადამიანმა, სწორედ გვიან ასაკში მიაგნო სასურველ პროფესიას, რასაც ხელი არ შეუშლია მათთვის შთამბეჭდავი შედეგებისთვის მიეღწიათ. თუ თქვენს შვილს აქვს სურვილი, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯები მისი ოცნებების ასასრულებლად, ნუ შეაჩერებთ მათ.

ეს ყველას ემართება

ძირითადად, ცხოვრების რადიკალურად ცვლილების სურვილი, პროფესიის ჩათვლით, ადამიანთან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ასაკობრივ კრიზისებზე მოდის: 20, 30, 40 წლის ასაკში ადამიანები აჯამებენ განვლილ ცხოვრებას და საჭიროდ მიიჩნევენ ცვლილებებს. სინამდვილეში ასაკობრივი კრიზისი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა რაღაც არასწორად გააკეთა. ნებისმიერი ასაკობრივი კრიზისი პიროვნების განვითარების და ჩამოყალიბების ნორმალური და ჯანსაღი პროცესია. მთავარია ახალ ეტაპზე გადასვლა და რაიმეს ცვლილება იყოს გაცნობიერებულად მიღებული გადაწყვეტილება და არა საკუთარი თავიდან გაქცევის მცდელობა.

ცენტრის ადმინისტრაცია