პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ პიროვნების პროფესიულ ტრაექტორიას და საარსებო წყაროს მოპოვების შესაძლებლობას, არამედ გადამწყვეტ როლს თამაშობს ინდივიდის იდენტობის ფორმირებაში. პროფესიული თვითგამორკვევა, ადამიანის თვითრეალიზაციის უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რომელიც მოზარდობის ეტაპზე იწყება და მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტუალური რჩება.
მოზარდობიდან სრულწლოვანებაზე გადასვლა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და სოციალური ცვლილებებით ხასიათდება, რომელსაც თან ახლავს სწრაფი ფიზიკური, ემოციური და კოგნიტური განვითარება. მოზარდებს ამ ეტაპზე უჭირთ თავიანთი ინტერესების, შესაძლებლობების, პიროვნული მახასიათებლების, მისწრაფებების შეჯერება, რაც ხშირად იწვევს შინაგან კონფლიქტებსა და ამბივალენტობას კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებით. ამას თან ერთვის გარემო ფაქტორები- ოჯახის მოლოდინები, სოციალური და კულტურული კონტექსტი, რომელშიც მოზარდები იზდებიან, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროფესიებისა და კარიერის შესახებ მათი ხედვების ჩამოყალიბებაში. სტერეოტიპების და სტიგმების ფონზე, მოზარდებმა შეიძლება იგრძნონ ზეწოლა, დაემორჩილონ ამ მოლოდინებს, მაშინაც კი, თუ ისინი არ შეესაბამება მათ პირად ინტერესებსა და ძლიერ მხარეებს. ამ დისონანსმა კი თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს პროფესიული საქმინობის მიმართ უკმაყოფილება და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.
ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პროფორიენტაციული და პროფკონსულტაციური სამუშაოების ჩატარება მოზარდებთან მინიმუმ დამამთავრებელ კლასებში, სადაც პროფორიენტაციული მომსახურებით ახალგაზრდებს მიეწოდებათ ცნობები პროფესიათა ფსიქოლოგიური, სამედიცინო, სოციალური, კვალიფიკაციის, განათლების მიღების, ანაზღაურების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ, ხოლო პროფორიენტაციული ტესტირების შედეგების პროფესიის მოთხოვნებთან შეჯერების საფუძველზე, ახალგაზრდებს ეძლევათ რეკომენდაცია მათთვის მიზანშეწონილი შრომითი საქმიანობის შესახებ.
პროფორიენტაციული სამუშაოების შემდგომ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფორიენტაცია-კონსულტაციის საშუალებით მიღებული ინფორმაცია, მოზარდს აძლევს შესაძლებლობას გაიფართოვოს ცოდნა როგორც პროფესიული სამყაროს, ასევე საკუთარი თავის, პროფესიული ინტერესებისა და ინდივიდუალური პიროვნული მახასიათებლების შესახებ, რაც ზრდის ადამიანის შესაძლებლობას მიიღოს ადექვატური კარიერული გადაწყვეტილება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა და მათი მხარდაჭერა.
მოზარდობის ასაკიდან ზრდასრულ ასაკში გადასვლა რთული და გარდამტეხი მოგზაურობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კარიერულ არჩევანს. იმისთვის, რომ მოზარდებმა შეძლონ ინფორმირებული, დამოუკიდებელი და გაცნობიერებული პროფესიული გადაწყვეტილების მიღება, საჭიროა მათი მხარდაჭერა, პროფესიული თვითგამორკვევის ინსტრუმენტებით აღჭურვა და გადაწყვეტილების მიღების მოდელის სწავლება, რომელსაც დღევანდელი მოზარდები გამოიყენებენ როგორც პროფესიის არჩევის და კარიერის დაგეგმვის, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი პროფესიული ცხოვრების მართვისას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.