თქვენ შესაძლოა ბავშვობიდან ოცნებობთ ექიმობაზე ან ასტრონავტობაზე და აბიტურიენტობის პერიოდშიც არ გეპარებათ ეჭვი არჩევანის სისწორეში. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა გითხრათ მშობელმა ან უახლოესმა მეგობარმა, თქვენ მაინც ფანატიკოსის სიჯიუტით კითხულობთ ქიმიის და ბიოლოგიის სახელმძღვანელოებს ან „ახალგაზრდა ფიზიკოსთა“ კლუბში გაერთიანდით და ზუსტად იცით, რას გააკეთებთ სკოლის დასრულების შემდგომ. თუ ასეა, მაშინ ძალიან გაგიმართლათ, რადგან თქვენ იმ აბიტურიენტების რიცხვს განეკუთვნებით, რომელთაც ნათლად აქვთ წარმოდგენილი როგორი ადამიანია, რა აიტერესებს და „რა არის მისი მოწოდების საქმე“, რომლის კეთება სიამოვნებას და ბედნიერებას მოუტანს. თუმცა არიან აბიტურიენტები, რომლებსაც არ აქვთ ნათელი ხედვა იმის, თუ ვინ გამოვა, სად გააგრძელებს სწავლას მას შემდეგ, რაც სკოლის კედლებში დიდი ხნის ნანანტრი „ბოლო ზარი“ ჩამოკრავს .
კარგია, თუ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ფიქრობს პროფესიის არჩევაზე – ეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ სიმწიფეზე მიუთითებს. ცუდია, როცა ადამიანს არ აინტერესებს თავისი მომავალი ან „ამ საქმეს“ მშობელს მიანდობს, სხვადასხვა მიზეზების გამო თანხმობას მისცემს, რომ თქვენგან იურისტი ან დეველოპერი დადგეს, რადგან ეს შენც „მოგწონს“ და თან ძალიან პრესტიჟული პროფესიაა. თუმცა წლების შემდეგ აღმოჩნდება, რომ სულაც არ მოგწონს უზომო რაოდენობის ფურცლებთან მუშაობა და არც ადამიანებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოებაა შენი ძლიერი მხარე.
პროფესიული თვითგამორკვევის პროცესი, როგორც წესი, წარმოიქმენა ორი კატეგორიის მოზარდებში: პირველებმა ჯერ ვერაფერი იპოვეს საინტერესო ირგვლივ, არ დაინტერესდნენ არც ერთი სასკოლო საგნით განსაკუთრებულად, მართალია კარგად სწავლობენ, მაგრამ მათი მოსაწყენი ყოვედღიურობა აქვთ. მათ არ იციან რას გულისხმობს მათი მშობლების პროფესია, ან რას საქმიანობს აგრონომი და ზოგადად მათ ნაკლები ცოდნა აქვთ პროფესიების სამყაროს შესახებ. რადგან ის რაც მათ გარშემოა, განსაკუთრებით არაფერი იზიდავს და რა აირჩიონ? ამ მოზრდებმა არ იციან რისი გაკეთება სურთ. მეორე კატეგორიის მოზარდებს კი პირიქით, ყველაფერი აინტერესებთ, დადიან სხვადასხვა წრეებზე, ერთვებიან უამრავ აქტივობაში-საგანმანათლებლო თუ სპორტულში, მათზე ხშირად ამბობენ, რომ ისინი ნიჭიერები არიან და ყველგან მიაღწევენ წარმატებას. თუმცა…ეს მოზარდებიც ვერ ადგენენ რა მოსწონთ უფრო მეტად, რა პროფესიას უნდა დაუკავშირონ თავისი ცხოვრება.
როგორ გავიცნოთ საკუთარი თავი?
ფსიქოლოგები თვლიან, რომ პროფესიის არჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ფსიქოლოგიური მახასიათებლებსა და პროფესიის შესაბამის მახასიათებლებს შორის შესაბამისობა არსებობდეს. პროფესია აუცილებლად უნდა იყოს საინტერესო. თუ მოგწონთ ტექნიკასთან ჩხირკედელაობა, ეს ინტერესი დაგეხმარებათ მოძებნოთ საკუთარი თავი ინჟინერიაში, თუ ბუნება, მცენარეები და ცხოველები გიყვართ, თქვენი ინტერესები ვეტერინარიას, კონოლოგიას ან ეკოლოგიას შეგიძლიათ დაუკავშიროთ.
ნებისმიერი საქმიანობა მოითხოვს, რომ ადამიანს ჰქონდეს ე.წ. „პროფესიულად მნიშვნელოვანი თვისებები“ – თუ ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია წარმოსახვითი აზროვნება, კორექტორისთვის-ყურადღებაა აუცილებელი. ამიტომ პროფესიის არჩევისას უნდა გააცნობიეროთ გაქვთ თუ არა პროფესიისთვის მნიშვნელოვანი უნარები.
ასევე აუცილებელია პროფესიული საქმიანობის ტიპი შეესაბამებოდეს თქვენ ინდივიდუალურ მახასიათებლებს: თუ თქვენ კომუნიკაბელური ხართ და სიამოვნებას განიჭებთ ბევრი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა, კონტაქტებთან დაკავშირებული პროფესიები უფრო შეგეფერებათ, ხოლო თუ ემოციურად არასტაბილური ხართ, დიდხანს ვერ შეძლებთ რუტინული აქტივობების შესრულებას, რომლებიც საჭიროებენ კონცენტრაციას.
თუ თქვენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ხართ, თქვენ ახლა გადიხართ პროფესიული თვითგამორკვევის პროცესს, არ არის საჭირო რაიმე სახის იარლიყების მიწებება საკუთარი თავისთვის და ოცნების პროფესიაზე უარის თქმა იმის გამო, რომ რაიმე უნარი გაკლიათ მის შესასრულებლად. თუ თქვენი ოცნებაა გახდეთ გიდი, მაგრამ თვლით, რომ „მორცხვი“ ხართ და აუდიტორიასტან კონტაქტი გაგიჭირდებათ, არ უნდა დანებდეთ და სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით გამოიმუშავოთ საჯარო გამოსვლის ტექნიკები. უნარები დამუშავებადი და სწავლებადია. რთულია იმის გაგება ფსიქოლოგია მოგწონს თუ ეკონომიკა, მაშინ როცა, სკოლის კედლებში არც ერთი საგანი არ გისწავლია, ამიტომ მნიშვნელოვანია თვალსაწიერის გაფართოება და პროფესიონლების მხარდაჭერაც სასარგებლო იქნება პროფესიული არჩევანის გზისგასაყარზე.
მას შემდეგ რაც გაერკვევით თქვენს შესაძლებლობებში, ინტერესებსა და პიროვნულ თვისებებში, გესაჭიროებათ ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსების შესახებ : რომელ უმაღლეს სასწავლებელში დაეუფლოთ ამ პროფესიას, რა რეპუტაცია აქვს უნივერსიტეტს. როგორია სწავლის გადასახადი, რა მოთხოვნებს აყენებს პროფესია მაძიებლის მიმართ, რამდენი საგანმანათლებლო საფეხურის გავლა ესაჭიროება ამ პროფესიას. გაანალიზეთ მონაცემები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც თქვენზეა, რადგან პროფესიის არჩევისას თქვენ ირჩევთ მომავალს. პროფესიამ უნდა მოგიტანოთ სიამოვნება და უზრუნველყოს თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია.
მომავალი პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბევრი ძალიან საინტერესო პროფესია შესაძლოა არ იყოს მოდურ და პრესტიჟულ პროფესიათა რიცხვში. მხოლოდ ის საქმე, რომელიც არჩეულია თქვენი ინტერესების, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების თანხვედრით აუცილებლად მოგიტანთ სიამოვნებას, კეთილდღეობას და წარმატებას პროფესიულ გზაზე.