თამარ კაჭარავა –ICF კარიერული ქოუჩი, პროფკონსულტანტი
ყველა ადამიანი დაბადებიდან მთელი ცხოვრების მანძილზე განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს გადის: საბავშვო ბაღი, სკოლა, პროფესიული თუ უმაღლესი სასაწავლებელი, სამსახური, პროფესიული კურსები, ტრენინგები და ა.შ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური მოზარდი- ახალგაზრდებისთვის არის პროფესიის შერჩევის ეტაპი, რომელიც 16-18 წლის ასაკში აქტულური ხდება არა მხოლოდ აბიტურიენტისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის. არიან მოზარდები, რომლებმაც ზუსტად იციან რომელ პროფესიას მიუძღვნან თავი, რატომ მოსწონთ ესა თუ ის სპეციალობა და როგორ ხედავენ საკუთარ მომავალს. რთული სათქმელია ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა თუ მშობლების ან გარემოს ზეგავლენით ხდება, მაგრამ თავიანთ გადაწყვეტილებაში მოზარდები საკმაოდ მყარი არიან. ასეთებზე ამბობენ, რომ ისინი ნიჭიერები დაიბადნენ, ან უკვე პატარობიდანვე ავლენდნენ ისეთ უნარებს, რომ მათგან აუცილებლად გამოვიდოდა ექიმი/იურისტი/სამხედრო/მეზღვაური და ა.შ. თუმცა ასეთი მოზარდები გაცილებით ცოტანი არიან, ვიდრე ისინი, რომელთაც არ აქვთ იმის გაგება, თუ რომელ პროფესიაში ხედავენ თავიანთ თავს და მშობლების თუ მეგობრების შეკითხვას „ვინ გინდა გამოხვიდე?“- ერთმნიშვნელოვნად და მხრების აჩეჩვით პასუხობენ-„არ ვიცი“.
მე-11 მე-12 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები რთული გადაწყვეტილების წინაშე დგებიან. მშობლები თავიანთ შვილებს აძლევენ რჩევებს, გარემო ერთს კარნახობს მოზარდს, ხოლო შრომის ბაზარი სხვა მოთხოვნებს უყენებს. არც თუ იშვიათად, პროფესიულ არჩევანს აბიტურიენტი სწორედ მშობლების, გარემოს თუ სამეგობრო წრის ზეგავლენით აკეთებს, ხშირად გაუცნობიერებლად და უკვე უმაღლესი სასწავლებლის აუდიტორიაში, პირველივე წელიწადს ხვდება თავისი არჩევანის შეცდომას, რაც ისევ პროფესიის ძიების წინაშე აყენებს ახალგაზრდას.
რა შეიძლება ამ პერიოდში გაკეთდეს ან როგორ დაეხმარება ქოუჩინგი მოცემულ სიტუაციაში მოზარდს და მის მშობელს?
პირველ რიგში ქოუჩის მუშაობა ამ შემთხვევაში იწყება სამ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმებით – ქოუჩი, აბიტურიენტი და მშობელი, სადაც მშობელი ხდება დამკვეთი, აბიტურიენტი კლიენტი. სასურველია პირველი შეხვედრა სწორედ ამ ფორმატში ჩატარდეს, რომ სამივე მხარეს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს მოლოდინების და შედეგების თაობაზე.
როგორ მუშაობს ქოუჩინგი:
- ეხმარება აბიტურიენტს გაერკვეს სწავლების მიმართულებაში;
- ეხმარება აბიტურიენტს შეადგინოს სასურველი სასწავლებლის მოკლე სია;
- ეხმარება აბიტურიენტს დაამუშავოს ეროვნული გამოცდების მომზადების/ჩაბარების სქემა;
- ეხმარება აბიტურიენტს გააცნობიეროს პროფესიული არჩევანის სასურველობა, სამომავლო გეგმები
- და ა.შ.
კლასიკური პროფორიენტაციული მოდელი შედგება რამდენიმე ბლოკისგან:
მინდა+შემიძლია+ საჭიროა=არჩევანს
- მინდა – ქოუჩი სვამს შეკითხვებს აბიტურიენტების ინეტერესების და მისი შინაგანი კომფორტის ზონის გამოსაკვლევად;
- შემიძლია – ქოუჩი იკვლევს აბიტურიენტის უნარებისა და ცოდნის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობების და განწყობის შესაბამისობას;
- საჭიროა – ქოუჩი ურთიერთობს კლიენტთან ქოუჩინგის ფორმატში – როგორი ხედვა აქვს აბიტურიენტს დასაქმების ბაზრის თაობაზე, რა პროფესიები იქნება მოთხოვნადი და რომელი მათგანი მოუტანს მას, როგორც სპეციალისტს სიამოვნებას და ფინანსურ კეთილდღეობას. როგორია მისი ფიქრები და იდეები;
- არჩევანი – ქოუჩი ეხმარება კლიენტს გეგმის შედგენაში – რა ნაბიჯით იწყებს სვლას აბიტურიენტი მიზნისკენ, როგორ გეგმავს უახლოეს ერთ(ორ) წელიწადს, როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯი და რა შედეგებს ელოდება საკუთარი თავისგან. ქოუჩი აჯამებს შედეგებს, იკვლევს თუ რა შედეგზე გავიდა აბიტურიენტი, რა იყო ახალი და მნიშვნელოვანი, რა მიაქვს მას ქოუჩინგული სესიიდან;
პროფორიენტაციული კვადრატი – სამუშაო სქემა აბიტურიენტთან
აბიტურიენტი – ვიკვლევთ თვისებებს, ნიჭს, შეხედულებას საკუთარ თავზე, თვითშეფასებას, შესაძლებლობებს, ჰობის, ინტერესებს, ღირებულებებს, მოლოდინებს და ა.შ. ასევე ვინტერესდებით, რას მოაქვს მოზარდისთვის სიამოვნება და რისი გაკეთება სურს ყველაზე მეტად. ვიკვლევთ იმას, რაც უკვე აქვს მოზარდს, რა იცის საკუთარი თავის შესახებ. რომელ საგნებს სწავლობს იოლად, რომელს ნაკლებად. ამ ეტაპის შედეგი იქნება მოზარდის ძლიერი მხარეების გამოკვეთა, რომელსაც დაეყრდნობა მოზარდი პროფესიის შერჩევის დროს, ასევე გამოიკვეთება ის საგნები, რომლის ჩაბარების დროს აბიტურიენტი ვერ დააგროვებს სასურველ ქულებს.
პროფესიები – ვსვამთ შეკითხვებს იმის თაობაზე, თუ რა პროფესიები იცის, რომელი პროფესიები მოსწონს და რატომ, რის გაკეთება სურს სხვა ადამიანებისთვის (ტექნოლოგიებში, მედიცინაში და ა.შ.) იმ პროფესიებში, რომელიც მას მოსწონს, როგორ შეძლებს საკუთარი პიროვნული თვისებების რეალიზებას. ამ ეტაპის შედეგი იმ პროფესიების ჩამონათვალი იქნება, სადაც აბიტურიენტს განსაკუთრებით სურს მოსინჯოს საკუთარი თავი.
უმაღლესი სასწავლებლები – პირველი შეკითხვა ამ ბლოკში დაკავშირებულია მიმართულებასთან. რა მიმართულებებია ახლოს მოზარდთან – ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ტექნიკური, სამედიცინო, სამხედრო და ა.შ. შემდეგი შეკითხვები მიმართულია იმის გამოსაკვლევად, რომელი უმაღლესი სასწავლებლების თაობაზე სმენია, სად ისურვებდა სწავლას, რატომ, რა წამოდგენა აქვს მას უმაღლეს სასწავლებელზე. ამ ბლოკის შედეგი იმ უმაღლესი სასწავლების შესახებ ინფორმაციის შეჯამება და არჩევანის გაკეთებაა, სადაც ისურვებდა სწავლის გაგრძელებას აბიტურიენტი.
მხარდამჭერი გარემო – ერთ -ერთი უმნიშვნელოვანესი ბლოკია. ამ ბლოკში ქოუჩი ეხმარება აბიტურიენტს ჩამოაყალიბოს თავისი უნიკალური მხარდამჭერი სისტემა ვინ, რა და როგორ. სხვა სიტყვებით რომ ვთაქვათ, რა იქნება ამ სისტემის შემადგენელი ნაწილი (დამატებითი მეცადინეობები, სპორტი, პირობების დადება, უკუკავშირი და ა.შ.) ვინ იქნება ამ სისტემაში (კუმირები, ნათესავები, მასწავლებლები, მშობლები, რეპეტიტორები, მეგობრები), რა სახის დახმარების მიღებაა მათგან შესაძლებელი და კონკრეტულად როგორ იმუშავებს და რა შედეგს მოუტანს აბიტურიენტს მხარდამჭერი სისტემა.
“პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრი” პროფესიის მაძიებელს სთავაზობს უნიკალურ ინსტრუმენტს – “პროფორიენტაციულ ტესტირებას”, რომელიც იკვლევს ადამიანის ინტერესებს, უნარებსა და შესაძლებლობებს და ინდივიდუალურ პიროვნულ მახასიათებლებს, რაც მოზარდებს, აბიტურიენტებს და სტუდენტებს ეხმარება საკუთარი თავის შეცნობასა და პროფესიულ თვითგამორკვევაში.
მუშაობის ბოლოს მოხდება შედეგების შეჯამება. ამ ინსტრუმენტების მეშვეობით ქოუჩი დაეხმარება აბიტურიენტს – შეხედოს საკუთარ თავს მომავალი პროფესიული მახასიათებლების პრიზმიდან, გაიაროს მისთვის საინტერესო ყველა საკითხი საკუთარი პროფესიული გზის თაობაზე, შეარჩიოს უმაღლესი სასწავლებელი, დაგეგმოს ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები და თავისი მომავალი პროფესიული და კარიერული განვითარების გზა.