თინათინ ქაროსანიძე
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

ბავშვობაში ალბათ ყველასთვის უკითხავთ: დიდი რომ გაიზრდები, რა უნდა გამოხვიდე? პასუხები სხვადასხვა პერიოდში იცვლებოდა: კოსმონავტი, მეხანძრე, მომღერალი, პოლიციელი, ექიმი და აშ. თუმცა არის ისეთი სასურველი პროფესიები, რომელიც ყველა დროში ერთნაირად სასურველია ბავშვისთვის. ადამიანები იზრდებიან და ბავშვობის საოცნებო პროფესია გაზრდასთან ერთად დავიწყებას მიეცემა. ადამიანები იზრდებიან და ისეთ პროფესიას ეძებენ, რომელიც მეტი ფულის გამომუშავების საშუალებას მისცემს.

რატომ ამბობენ ადამიანები უარს ბავშვობის ოცნებაზე? სტატისტიკა გვეუბნება, რომ ბავშის არჩევანზე დიდ გავლენას მშობლები ახდენენ. ძალიან ხშირად მოგისმენიათ, ალბათ, ასეთი ფრაზები: „ მე არ მინდოდა, მშობლებმა მირჩიეს, რომ ამ ფაკულტეტზე მესწავლა“, ან „ჩვენ ოჯახში ყველა ექიმია და მეც სამედიცინოზე ჩავაბარე“, „იურისტობა ყველაზე პერსპექტიულია“ და ა.შ. და თუ ამ დროს ადამიანი ჩამოყალიბებული არ არის, რა თქმა უნდა ის ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ და ასე ირჩევს მომავალ პროფესიას.

და მაინც, რა განსაზღვრავს პროფესიის პოპულარობას? მსოფლიო იცვლება და შესაბამისად პოპულარული პროფესიებიც იცვლება.

თანამედროვე ეპოქაში, სადაც სულ უფრო ხშირი ტემპით მიმდინარეობს ტექნოლოგიური განვითარება, ბევრ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს რობოტები შეცვლიან. 2015 წელს ახალგაზრდა ავსტრალიელთა ფონდმა კვლევა ჩაატარა[1], სადაც გამოიკვეთა ის პროფესიები, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა გაქრეს, თუმცა თავის დროზე განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩეოდა. კვლევის მიხედვით, მილევადი პროფესიების ჩამონათვალი ასეთია:

ბლუმბერგმა გამოაქვეყნა აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც 21-ე საუკუნეში მაღალანაზღაურებადი პროფესიების სიაა მოცემული: მონაცემთა ანალიტიკოსი, პროდუქტის მენეჯერი, პროდუქტის დიზაინერი, სისტემური მართვის ინჟინერი, პროგრამისტი, software ინჟინერი. კვლევაში ჩამოთვლილი პროფესიების დიდი ნაწილი ტექნოლოგიურ განვითარებას უკავშირდება. იაპონელი მეცნიერი მიჩიო კაკუ აღნიშნავს, რომ თანამდროვე სკოლის მოსწავლეები ისეთ პროფესიებს დაეფულებიან, რომელიც დღეს არ არსებობს. ბევრი პროფესია გაქრება და მას ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს. თუმცა ის ასევე მიუთითებს, რომ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები მომავალშიც საჭირო იქნებიან.

და მაინც, რა უნდა გამოხვიდე – ამ კითხვის შინაარსში ვალდებულება დევს, რომ უნდა გამოხვიდე. ის კი არა, შენ რა გინდა, რომ გამოხვიდე, არამედ უნდა, საჭიროა, რომ ის გამოხვიდე, რაც შენს მშობლებს უნდა, სოციუმს უნდა, გარემოს უნდა.

საკუთარი თავის გარდა, ვერავინ დაეხმარება ადამიანს გადაწყვეტილების მიღებაში. პროფესიის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის, თუ რისი ნიჭი აქვს ადამიანს და რისი კეთება ანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას. ფინანსებს რაც შეეხება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მაღალკვალიფიური პროფესიონალები ყველა სფეროში მაღალანაზღაურებადები არიან.

ხოდა, კითხეთ მხოლოდ  საკუთარ თავს რა და ვინ გინდათ რომ გამოხვიდეთ?
__________________
[1] http://www.fya.org.au/wp-content/uploads/2015/08/fya-future-of-work-report-final-lr.pdf