ბავშვობიდან ვიცოდი, „დიდი რომ გავიზრდებოდი, ჟურნალისტი გამოვიდოდი.“ მომწონდა ყველაფერი, ამ პროფესიასთან დაკავშირებული, ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ჩემი აბიტურიენტობის დრო, როდის შემოვხაზავდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტს და როდის მექნებოდა პირველი ლექცია ჟურნალისტური ეთიკის შესახებ.

როდესაც ეს დღე, ბოლოს და ბოლოს, დადგა, გამოცდებზე რეგისტრაციის დროს შემოვხაზე ყველა უნივერსიტეტი და ყველა ფაკულტეტი, გარდა ჟურნალისტიკისა. მახსოვს, ბიოქიმიის ფაკულტეტიც კი მქონდა შემოხაზული…

მოკლედ რომ მოვყვე, რა მოხდა ჩემს თავს, როდესაც დადგა რეალურად ფიქრის დრო, თუ სად უნდა ჩამებარებინა და უკან მომეტოვებინა ბავშვური ოცნებები –  „მინდა გავხდე ცნობილი მსახიობი.“ დავიწყე მოკვლევა უამრავი უნივერსიტეტის, სად რას ასწავლიდნენ, რომელ ფაკულტეტზე რა საგნები ისწავლებოდა და ა.შ. 

ამ პერიოდში გავაანალიზე, რომ ჟურნალისტიკა იმდენად აღარ მიზიდავდა, ამას თან ერთვოდა ფაქტი, რომ გავიცანი ბევრი ჟურნალისტი, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს არის ურთულესი პროფესია და ძალიან კარგად დავფიქრებულიყავი, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი. საბოლოოდ, კონსულტაცია გავიარე განათლების მრჩეველთან (counselor-თან) რომელიც ზუსტად მიხვდა, რა სიტყვების მოსმენა მჭირდებოდა, დამაკვალიანა და დამარიგა. შინ რომ მივედი, ჩამოვწერე ის სფეროები, რაც მაინტერესებდა, რაც მიზიდავდა. ის ადგილები, სადაც მომწონდა ყოფნა. ყველაფერი შევაჯერე, გავაანალიზე და მივხვდი, რომ უნდა ჩამებარებინა ჯანდაცვის მენეჯმენტის ფაკულტეტზე.

როგორ მივედი ჟურნალისტიკიდან ჯანდაცვის მენეჯმენტამდე? ეს იყო ახალი, ძალიან მიმზიდველი პროგრამა, რომელიც სულ რამდენიმე უნივერსიტეტს ჰქონდა. ჯანდაცვის სფერო არის უკიდეგანოდ დიდი და მუდმივად მზარდი.

 საქართველოში ნამდვილად ძალიან საჭირო იყო ამ საქმის პროფესიონალები. ყოველთვის მიზიდავდა თეთრი ხალათები და სამედიცინო ტერმინოლოგია, მისტიური – თითქოს ექიმებს თავისი ენა ჰქონდათ, არავის რომ არ გაეგო მათი. მომწონდა მენეჯმენტი, მართვა – ძალიან ფართო და საინტერესო პროგრამა, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, რაც ნებისმიერ პროფესიაში გამოგადგება, დიასახლისობაშიც კი.  რა თქმა უნდა, როდესაც ეს „იდეა გავაჟღერე“ და ხალხის აღტაცება მოვისმინე („რა საინტერესოა!“ „ნამდვილად საჭირო პროფესიაა!“ „რა კარგია, ახალი პროგრამაა?“ გადაჭრით მივიღე გადაწყვეტილება და შემოვხაზე ჯანდაცვის ფაკულტეტი კავკასიის უნივერსიტეტში.

 უნივერსიტეტის არჩევაში დიდი როლი ითამაშა ჩემმა იმდროინდელმა დეკანმა, რომელიც ღია კარის დღეზე გავიცანი და ნახევარ საათში ვიცოდი, რომ ამ ადამიანთან მოხვედრა, გამოცდილების გაზიარება და მისგან ყველაფრის სწავლა მინდოდა.

საბედნიეროდ, პირველივე არჩეულ პროგრამაზე მოვხვდი და დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპი. გამოცხადებული ადგილების რაოდენობა მცირე იყო, შესაბამისად, ჯგუფში შედარებით ცოტა სტუდენტი ვიყავით. ამან განაპირობა უშუალოდ ყველა ჯგუფელთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება  და ინტერაქციული, საინტერესო ლექციები. პირველი კურსი რთული იყო – ყველაფერი ახალი და უცხო. ვსწავლობდი უამრავ ზოგად საგანს, სხვადასხვა დარგიდან. ვფიქრობდი, რომ სულ ასეთი რთული იქნებოდა უნივერსიტეტში სწავლა. თუმცა მეორე, მესამე და მეოთხე კურსზე ბევრად იოლი გახდა ყველაფერი. ალბათ, იმიტომ გამიმარტივდა სწავლა, რომ უშუალოდ ჯანდაცვისა და ბიზნესის მოდულის საგნებს ვსწავლობდით, რაც ძალიან საინტერესო იყო და სირთულეებზე ნაკლებად მეფიქრებოდა. გარდა ამისა, ყველანი დავმეგობრდით და ერთად მეცადინეობა ბევრად უფრო მარტივი და სახალისო იყო.

ხშირად მიფიქრია, სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა, რომ ბავშვობის ოცნებას არ გავყევი და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე არ ჩავაბარე, თუმცა პანდემიამ ასივე პროცენტით დამარწმუნა, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ჯანდაცვის სფეროში ცოდნის მიღება. დასაწყისში განათლების მრჩეველი ვახსენე, რომელმაც დამაკვალიანა აბიტურიენტობის დროს. მან მითხრა, რომ 18 წლის ასაკში მიღებული გადაწყვეტილება კარიერასთან დაკავშირებით არ არის სამუდამო. ჩვენ მთელი ცხოვრება შეგვიძლია ვისწავლოთ, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ პროგრამაზე, რადგან ხვალ შეგვიძლია იმ სხვაგანაც ვისწავლოთ. განათლება – ეს არის ჩვენი უსასრულო, უკიდეგანო შესაძლებლობა…სულ ვფიქრობ, „შემდეგი რა ვისწავლო?“