პროფორიენტაციული ტესტირების და კარიერული კონსულტირების მნიშვნელობა
თანამედროვე დინამიურ შრომის ბაზარზე, პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბოლო წლების განმავლობაში. დაგეგმვის პროცესში, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ეტაპს და გადაწყვეტილებას აერთიანებს, პროფორიენტაციული ტესტირება და კარიერული კონსულტირება საშუალებას იძლევა ინდივიდმა ინფორმირებული, გაცნობიერებული, დამოუკიდებელი და მისთვის რელევანტური არჩევანი გააკეთოს, რადგან სწორად შერჩეული პროფესია და კარიერა გავლენას ახდენს როგორც მის პიროვნულ რეალიზებაზე, ასევე სოციალურ სტატუსზე, ეკონომიკურ მდგომარეობასა და საერთო კეთილდღეობაზე.
პროფორიენტაციული ტესტირება ის მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია კარიერის დაგეგმვის პროცესში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ინდივიდებს უფრო ღრმად შეისწავლონ საკუთარი თავი, გააცნობიერონ უნარები, ინტერესები და ინდივიდუალური პიროვნული მახასიათებლები, შეიქმნან წარმოდგენა თუ რა სახის სამუშაო აინტერესებთ და რომელ სფეროში შეიძლება მეტად წარმატებულნი იყვნენ. კარიერული კონსულტირება კი, საშუალებას აძლევს ინდივიდს გაანალიზოს და შეადაროს სხვადასხვა პროფესიული ვარიანტები, გაეცნოს პროფესიებს და მიმდინარე ტენდენციებს შრომის ბაზარზე, დაგეგმოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროფესიული მიზნები, შეარჩიოს საგანამანათლებლო დაწესებულება, განსაზღვროს იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც მას ესაჭიროება პროფესიაში წარმატების მისაღწევად.
პროფორიენტაციული ტესტირება და კარიერული კონსულტირება შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, თავიდან აირიდონ არასწორად შერჩეული პროფესიის შემთხვევაში ისეთი რისკები, როგორიცაა დროისა და ფინანსური რესურსების დანაკარგი. კარიერული კონსულტანტები შეისწავლიან თანამედროვე შრომის ბაზრის ტენდენციებს, მომავლის პროფესიებს, პროფესიების მოთხოვნას დასაქმებულის მიმართ, როგორია ამ პროფესიის განვითარების, თავად ადამიანის განვითარების პერსპექტივა ამ პროფესიაში და გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს ადამიანებისთვის კარიერის დაგეგმვის და წარმატების მიღწევის გზაზე.
.პროფორიენტაციული ტესტები და კარიერული კონსულტირება წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, რომლებიც ეხმარება ინდივიდებს მიიღონ ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილებები პროფესიულ ცხოვრებასთან მიმართებაში. ტესტირების შედეგების და კონსულტირების მეშვეობით ადამიანები უფრო ღრმად შეისწავლიან საკუთარ თავს, უნარებს, ინტერესებს და პიროვნულ თვისებებს, რაც უზრუნველყოფს უკეთესი პროფესიული არჩევანის გაკეთებას, დროისა და რესურსების დაზოგვას და წარმატებული კარიერული გზის გავლას, რაც მთლიანობაში ადამიანის ბედნიერი ცხოვრების ფუნდამენტია.