მოზარდების გამოწვევები პროფესიული არჩევანის გზაჯვარედინზე

პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ პიროვნების პროფესიულ ტრაექტორიას და საარსებო წყაროს მოპოვების შესაძლებლობას, არამედ გადამწყვეტ როლს თამაშობს ინდივიდის იდენტობის ფორმირებაში. პროფესიული თვითგამორკვევა, ადამიანის თვითრეალიზაციის უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რომელიც მოზარდობის ეტაპზე იწყება და მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტუალური რჩება.

მოზარდობიდან სრულწლოვანებაზე გადასვლა  მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და სოციალური ცვლილებებით ხასიათდება, რომელსაც თან ახლავს სწრაფი ფიზიკური, ემოციური და კოგნიტური განვითარება. მოზარდებს ამ ეტაპზე უჭირთ თავიანთი ინტერესების, შესაძლებლობების, პიროვნული მახასიათებლების, მისწრაფებების შეჯერება, რაც ხშირად იწვევს შინაგან კონფლიქტებსა და ამბივალენტობას კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებით. ამას თან ერთვის გარემო ფაქტორები- ოჯახის მოლოდინები, სოციალური და კულტურული კონტექსტი, რომელშიც მოზარდები იზდებიან, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროფესიებისა და კარიერის შესახებ მათი ხედვების ჩამოყალიბებაში. სტერეოტიპების და სტიგმების ფონზე, მოზარდებმა შეიძლება იგრძნონ ზეწოლა, დაემორჩილონ ამ მოლოდინებს, მაშინაც კი, თუ ისინი არ შეესაბამება მათ პირად ინტერესებსა და ძლიერ მხარეებს. ამ დისონანსმა კი თავის მხრივ შეიძლება  გამოიწვიოს პროფესიული საქმინობის მიმართ უკმაყოფილება და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პროფორიენტაციული და პროფკონსულტაციური სამუშაოების ჩატარება მოზარდებთან მინიმუმ დამამთავრებელ კლასებში, სადაც პროფორიენტაციული მომსახურებით ახალგაზრდებს მიეწოდებათ ცნობები პროფესიათა ფსიქოლოგიური, სამედიცინო, სოციალური, კვალიფიკაციის, განათლების მიღების, ანაზღაურების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ, ხოლო პროფორიენტაციული ტესტირების შედეგების  პროფესიის მოთხოვნებთან შეჯერების საფუძველზე, ახალგაზრდებს ეძლევათ რეკომენდაცია მათთვის მიზანშეწონილი შრომითი საქმიანობის შესახებ.

პროფორიენტაციული სამუშაოების შემდგომ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფორიენტაცია-კონსულტაციის საშუალებით მიღებული ინფორმაცია,  მოზარდს აძლევს შესაძლებლობას გაიფართოვოს ცოდნა  როგორც პროფესიული სამყაროს, ასევე საკუთარი თავის, პროფესიული ინტერესებისა და ინდივიდუალური პიროვნული მახასიათებლების შესახებ, რაც ზრდის ადამიანის შესაძლებლობას მიიღოს ადექვატური კარიერული გადაწყვეტილება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა და მათი მხარდაჭერა.

მოზარდობის ასაკიდან ზრდასრულ ასაკში გადასვლა რთული და გარდამტეხი მოგზაურობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კარიერულ არჩევანს. იმისთვის, რომ მოზარდებმა შეძლონ ინფორმირებული, დამოუკიდებელი და გაცნობიერებული პროფესიული გადაწყვეტილების მიღება, საჭიროა მათი მხარდაჭერა, პროფესიული თვითგამორკვევის ინსტრუმენტებით აღჭურვა და გადაწყვეტილების მიღების მოდელის სწავლება, რომელსაც დღევანდელი მოზარდები გამოიყენებენ როგორც პროფესიის არჩევის და კარიერის დაგეგმვის, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი პროფესიული ცხოვრების მართვისას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.

სრულად ნახვა

პროფესიის არჩევის მნიშვნელოვანი ფაქტორები

თანამედროვე სამყაროში პროფესიის არჩევა განსაკუთრებით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე სულ უფრო აქტუალური ხდება პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის საკითხი, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ დგას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რადგან პროფესიული თვითგამორკვევას არ ეთმობა სათანადო ყურადღება სკოლის სივრცეში. მოზარდებს მწირი ინფორმაცია აქვთ პროფესიების და საგანმანათლებლო რესურსების შესახებ. ამასთან,  გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საქართველოში ჯერ ისევ აქტუალურია პროფესიას არჩევა ოჯახის წევრების, ახლობლების რჩევით ან პროფესიის „პრესტიჟულობიდან“ გამომდინარე. ეს ტენდენცია ჯერჯერობით შენარჩუნებულია და  რისკებთან  არის დაკავშირებული, რადგან ასეთ დროს მოზარდები არ ან ვერ აცნობიერებენ, რომ სხვის მიერ შერჩეულ  პროფესიებში საკუთარი თავის წარმატებულად რეალიზაციისათვის, მათ მოუწევთ მათთვის უინტერესო  ან  „არარომანტიული“  სამუშაოების შესრულება. გარდა ამის, არსებობს იმის დიდი რისკიც, რომ „მოდური” და „პრესტიჟული” პროფესია სულაც არ შეესატყვისება კონკრეტული ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს. პროფესიის არჩევისას ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, სანამ შევჩერდებით იმ ერთ პროფესიაზე ან მიმართულებაზე, რაც ყველაზე მეტად შეგვესაბამება და სადაც კარიერული წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი შანსები გვაქვს.

პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა კომპლექსურ ხასიათს ატარებს. მნიშვნელოვანია მოზარდს შეექმნას წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ და მაქსიმალურად ამომწურავად გასცეს პასუხები ისეთ მნიშვნელოვან შეკითხვებს, როგორიცაა: ვინ ვარ მე? რა ინდივიდუალური პიროვნული თვისებების მატარებელი ვარ? რა მაინტერესებს? რა შესაძლებლობები მაქვს? რა არის ჩემი ღირებულებები?

პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრი სწორედ ის  ორგანიზაციაა, რომელიც კომპლექსურად უდგება პროფესიულ ორიენტაციას  და  რამდენიმე საფეხურს მოიცავს:

  1. პირველი საფეხური ეს არის – უნიკალური, ციფრული პროფესიული ორიენტაციის ტესტირება ქართულ ენაზე, რომელიც იკვლევს მოზარდის ინტერესებს, უნარებს, შესაძლებლობებს და ინდივიდუალურ პიროვნულ მახასიათებლებს.
  2. მეორე საფეხურზე – ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით ტარდება კარიერული კონსულტაცია, გამოიკვეთება მოზარდის პროფესიული შესაბამისობა მის ინდივიდუალურ მახასიათებლებთან, განისაზღვრება ის პროფესიული მიმართულება, საქმიანობის სფერო და პროფესიები, სადაც ახალგაზრდა წარმატებული და ბედნიერი იქნება.
  3. მესამე საფეხურზე – კონსულტირების ფარგლებში დაინტერესებულ პირს მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსების, უნივერსიტეტების, ეროვნულ საგამოცდო ცნობართან მუშაობის, შრომის ბაზრის, მოსალოდნელი ანაზღაურების შესახებ -ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება მას საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად.

რატომ არის მნიშვნელოვანი ინტერესების, შესაძლებლობების და პიროვნული მახასიათებლების კვლევა?

შესაძლებელია, მოზარდს რომელიმე პროფესია აინტერესებს და ამ მოტივით მიიღის გადაწყვეტილება. აქ აუცილებლად გასაანალიზებელია, რამდენად კარგად აქვს განვითარებული ამ პროფესიისთვის მნიშვნელოვანი უნარები და შესაძლებლობები. მაგალითად, შეიძლება მოზარდს მოწონს არქიტექტურა, თუმცა მას არ აქვს კარგად განვითარებული სივრცითი და ტექნიკური უნარები, რაც გადამწყვეტია ამ პროფესიისთვის. შესაბამისად, უნდა შეირჩეს ის სფერო, რომელიც ინტერესების,  უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პროფესიის არჩევისას, ინტერესებთან ერთად, საკუთარი უნარების და შესაძლებლობების ანალიზი და შეფასება.

პროფესიის არჩევისას მოზარდმა მნიშვნელოვანია იცოდეს, რა პიროვნული ინდივიდუალური მახასიათებლების მატარებელია და როგორ შეესაბამება მისი ხასიათის თვისებები კონკრეტულ პროფესიას. მაგალითისთვის, ინტროვერტი ადამიანისთვის რთული იქნება მომსახურების სფეროში მუშაობა, რადგან ეს სამსახური მოითხოვს მისგან ბევრ ადამიანთან კომუნიკაციას, რაც გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მას.

ასევე მნიშვნელოვანია მოზარდის ღირებულებები, ანუ მან უნდა შეაფასოს საკუთარი შრომითი ღირებულებები. ზოგიერთი ადამიანისთვის ღირებულია მატერიალური ანაზღაურება, ზოგისთვის –  ადამიანებისთვის დახმარების გაწევა და ა.შ. უნდა განისაზღვროს, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული, ყველაზე ღირებული და შემდეგ უნდა მოვძებნოთ ის პროფესია, სადაც საკუთარი ღირებულებების დაკმაყოფილებას ყველაზე უკეთ შევძლებთ. მაგალითად თუ მოზარდს ადამიანების დახმარება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა ამოძრავებს, მისთვის საინტერესო იქნება მედიცინის და სოციალური მომსახურების სფეროები, მაგრამ თუ მხოლოდ მატერიალური მოტივით ხელმძღვანელობს, არჩვანი უნდა შეაჩეროს იმ სფეროზე, რომელიც ამ მოთხოვნას დაუკმაყოფილებს.

პროფესიის არჩევამდე  ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიის შინაარსის შესწავლა, რათა ახალგაზრდამ ზუსტად იცოდეს რა სამუშაოების შესრულება მოუწევს მას, რა გარემოში იმუშავებს, როგორ სოციალურ წრეში იტრიალებს ა.შ.  ვინაიდან ამ ინფორმაციის მოპოვება სტუდენტობის ან უფრო გვიან ეტაპზე  ხდება, ამიტომ ახალგაზრდები სამუშაოს დაწყების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ პროფესიაზე რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდათ, შედეგად კი ვიღებთ  არაპროდუქტულობას, კარიერულ წარუმატებულობას, მოტივაციის და შრომითი კმაყოფილების კლებას და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში ადამიანი თავს ანებებს ამ პროფესიას და სხვა სფეროში ცდილობს რეალიზებას.

უმნიშვნელოვანესია ასევე შრომის ბაზრის შესწავლა.  პროფესიული არჩევნის წინაშე მდგომი კარგად უნდა იცნობდეს შრომის ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდენციებს: იცოდეს როგორ ვითარდება ესა თუ ის პროფესია, დასაქმების რა შესაძლებლობები აქვს, იზრდება თუ მცირდება კონკრეტული პროფესიით დასაქმებულთა რაოდენობა, როგორია ამ პროფესიით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება…

სწორად შერჩეულ პროფესიაში ადამიანს აქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი უნარები და ნიჭი, სიამოვნება მიიღოს საქმიანობისგან, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ადამიანის პროფესიონალად ჩამოყალიბებას, შესაბამის მატერიალურ ანაზღაურებას და მთლიანობაში  – ადამიანის ბედნიერებას და  პროფესიული ცხოვრებით კმაყოფილებას.

 

სრულად ნახვა

როგორ შევარჩიოთ უმაღლესი სასწავლებელი -რჩევები აბიტურიენტებს

როდესაც სკოლის დასრულების შემდგომ განათლებაზე იწყებს მოზარდი  ფიქრს, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინაშე დგება. მან უნდა განსაზღვროს რა პროფესიას ირჩევს და რომელ სასწავლო დაწესებულებაში შეძლებს მის შესწავლას.

მომავალი პროფესიის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული საფეხურია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქცენტი უნდა გაკეთდეს მოზარდის ინტერესებზე, ღირებულებეზე, შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ პიროვნულ მახასიათებლებზე, მიმდინარე შრომის ბაზარსა და პროფესიული საქმიანობის პერსპექტივებზე. ყველა ამ ინფორმაციის მობილიზება რთულია მოზარდისთვის, ამიტომ მათ დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ ამ პროცესში. პროფესიულ საქმიანობაში წარმატების მიღწევის შანსები გაცილებით იზრდება, როცა ადამიანი ემსახურება საქმეს, რომელიც უყვარს და აბედნიერებს საქმიანობის ყოველდღიურობა.

მას შემდეგ, რაც აბიტურიენტი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელი პროფესიული მიმართულებით აგრძელებს განათლებას, მნიშვნელოვანია შეარჩიოს ის სასწავლო დაწესებულება, რომელსაც მიანდობს სწავლების პროცესს.

სასწავლო დაწესებულების შესარჩევად ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოზარდის მოლოდინები პროფესიის შესწავლასთან დაკავშირებით. ამ დროს ახალგაზრდებს ძალიან ბევრი კითხვა აქვთ და მათზე გაცემული პასუხები დაეხმარებათ აბიტურიენტებს და მათ მშობლებს შეადარონ მიღებული ინფორმაცია  თავიანთ მოლოდინებს და კონკრეტულ სასწავლებელზე არჩვანიც სწორედ ამის შესაბამისად გააკეთონ.

ელექტრონული სახით მოძიებული და მიღებული ინფორმაცია, დიდი ალბათობით ვერ გასცემს პასუხს ყველა თქვენს შეკითხვას, თუმცა პრაქტიკულად ყველა უმაღლეს სასწავლებელს აქვს ორგანიზებული „ღია კარის დღე“, სადაც დაწესებულებების წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას გასცემენ თქვენთვის საინტერესო თემებზე:

სასწავლო პროცესის შესახებ:

  • რამდენად კვალიფიციურია აკადემიური პერსონალი?
  • გექნებათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანახვის შესაძლებლობა?
  • რა შესაძლებლობები აქვთ სტუდენტებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის?
  • აქვს თუ არა სასწავლებელს შესაბამისი ლაბორატორიები?

დამატებითი შესაძლებლობების შესახებ:

  • აქვს თუ არა სასწავლებელს სტუდენტთა საცხოვრებელი და როგორ შეიძლება სარგებლობა?
  • რა დამატებით აქტივობას სთავაზობს სასწავლებელი სტუდენტებს სასწავლო პროგრამის მიღმა?

სწავლის საფასურის შესახებ:

  • გადახდის რა პირობებით შეგიძლიათ ისარგებლოთ?
  • აქვს თუ არა სასწავლებელს შიდა სასწავლო გრანტი? შიდა დაფინანსების პროგრამა?  სტიპენდია? სტუდენტური სესხი?

დასაქმების შესახებ:

  • სასწავლებლის დასრულების შემდგომ როგორია დასაქმების ალბათობა?
  • აქვთ თუ არა დასაქმების ან სტაჟირების პროგრამები?

ინფორმაციის მიღება სტუდენტების ან/და კურსდამთავრებულებისგან:

  • მათი შთაბეჭდილებების გაზიარება -რა იყო მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი და სარგებლიანი?
  • რისი გათვალისინება იქნებოდა კარგი თქვენთვის? 

შეკთხვების ჩამონათვალი რასაკვირველია, არასრულია  და თითოეულ ადამიანს თავისი, ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს სწავლასთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროთ რა გსურთ და რა მოლოდინები გაქვთ უმაღლეს სასწავლებელთან მიმართებაში. რეალისტურად შეაფასოთ ალტერნატივების სუსტი და ძლიერი მხარეები, განსაზღვროთ პრიორიტეტები. კითხვებზე მიღებული პასუხები გაგიმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებას და შეძლებთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული უმაღლესი სასწავლებლის შერჩევას.

სრულად ნახვა

პროფესიის არჩევა და შრომითი კმაყოფილება -კვლევის შედეგები

„პროფესიის არჩევა გარკვეულწილად ცხოვრების პარტნიორის არჩევას უტოლდება

დ. კარნეგი

21-ე საუკუნის სწრაფად ცვალებად სამყაროში, განუზომლად დიდია ადამიანური რესურსების განვითარების და რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობა. შრომის ბაზარი გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს როგორც პროფესიული მომზადების, ისე პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის სისტემებს. ადამიანებს სჭირდებათ დახმარება პროფესიის არჩევის, შეცვლის, კომპეტენციების ათვისების, განვითარების და კარიერული ცხოვრების დაგეგმვის საკითხებზე, რათა სამუშაო პროცესი საინტერესო და სასიამოვნო იყოს, რაც  ადამიანის ბედნიერების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

პროფესიული ორიენტაცია გულისხმობს სისტემურ პროცესს, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს გაიაზრონ საკუთარი ინტერესები, უნარები და შესაძლებლობები, საკუთარი პოტენციალი სწავლის და განვითარების კუთხით. პროფორიენტაცია ასევე გულისხმობს პროფესიის მაძიებლის ინფორმირებას პროფესიის შინაარსის, პროფესიაში არსებული სპეციალობებისა და სპეციალიზაციების, საგანმანათლებლო რესურსების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. ამის შემდგომ, კი საკუთარი უნარების, ინტერესების, პიროვნული მახასიათებლების და შრომითი ღირებულებების პროფესიასთან შესაბამისობის დადგენას,  პროფესიის შერჩევას და კარიერის დაგეგმვას.

 პროფესიული ორიენტაცია – ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც გულისხმობს არა ერთჯერადად გადაწყვეტილების მიღებას და არჩევანის გაკეთებას, არამედ კარიერის მართვის უნარების შეძენას და გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებას, რომლის გამოყენებასაც პიროვნება მთელი ცხოვრების მანძილზე შეძლებს.

პროფესიული ორიენტაციის აქტუალობას და მნიშვნელობას მრავალი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს.  დარგის პროფესიონალები ერთხმად აღიარებენ, რომ პროფორიენტაცია ხელს უწყობს შრომითი ეფექტიანობის ზრდას, უმუშევრობის დონის შემცირებასა და სამსახურის თვითნებურად მიტოვების შემთხვევებს.

„პროფესიული ორიენტაციის და განვითარების ცენტრმა“, რომელიც უკვე ორი წელია პროფორიენტაციულ საქმიანობას ეწევა, ჩაატარა კვლევა თემაზე „ხართ თუ არა დასაქმებული თქვენი პროფესიით?“. კვლევის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რამდენად არიან ადამიანები დასაქმებული პირველადად არჩეული პროფესიით, შეიცვალეს თუ არა პროფესია ცხოვრების განმავლობაში და რამ განაპირობა მათი პროფესიული არჩევანი, რაც კიდევ უფრო მეტად ნათელს გახდიდა ჩვენთვის, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ადამიანები საქართველოში პროფესიის არჩევის დროს.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 18-დან 60 წლამდე 636 ადამიანმა. აქედან მონაწილეთა 11/2%-ი რესპოდენტი 18-დან 25 წლამდეა, 80,6% 26-55 წლამდე; 7.4% -ი -55+ ასაკისაა. უმაღლესი განათლება აქვს რესპოდენტთა 96,5%-ს; პროფესიული განათლება -2%-ს; საშუალო განათლება -1,4%-ს;

კვლევაში დასმული იყო სულ რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:

    არიან თუ არა დასაქმებული ადამიანები პირველადად არჩეული პროფესიით, რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგებით:

    51,9% – 324 ადამიანია დასაქმებული პირველადად არჩეული პროფესიით, მათგან

    • 233 რესპოდენტი – კმაყოფილია საკუთარი არჩევანით
    • 91 რესპოდენტი -უკმაყოფილო ან ნაწილობრივ კმაყოფილია

    რამ განსაზღვრა პროფესიული არჩევანი,რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგებით:

    ის რესპოდენტები, (233 გამოკითხული), რომლებიც დასაქმებული და კმაყოფილები არიან იმ პროფესიით, რაც პირველად აირჩიეს, პროფესიის არჩევა განსაზღვრა:

    • ინტერესებმა -58% -135 რესპოდენტი ;
    • უნარებმა და შესაძლებლობებმა -23,2% -54 რესპოდენტი;
    • პიროვნულმა მახასიათებლებმა – 8.1% -19 რესპოდენტი

    ჯამში 89,3%, ხოლო 10,7%-ის პროფესიულ არჩევანზე იმოქმედა:

    • მშობლების გავლენამ -7 რესპოდენტი;
    • პროფესიის პრესტიჟულობამ -6 რესპოდენტი;
    • სხვა-6 რესპოდენტი
    • შრომის ბაზრის მოთხოვნილება-4 რესპოდენტი
    • მაღალი ანაზღაურება – 2 რესპოდენტი;

     შეიცვალეს თუ არა პროფესია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგებით:

    • 636 რესპოდენტიდან 49,1% – 312 ადამიანმა შეიცვალა პროფესია, ვინაიდან არ იყვნენ კმაყოფილები პირველადი არჩევანით, მათგან:
    • 51,7% – 161 რესპოდენტი კვლავ უკმაყოფილო, ან ნაწილობრივ კმაყოფილია არჩეული პროფესიით,
    • 48,4%- 151 რესპოდენტი კმაყოფილია შეცვლილი პროფესიით.

    თუ რამ განსაზღვრა პროფესიის შეცვლა,  პროფესიული არჩევანით უკმაყოფილო რესპოდენტების 39,6% -ი ძირითად მიზეზად ასახელებენ, რომ:

    • გავაცნობიერე, რომ პროფესია არ ავირჩიე სწორად
    • არ მქონდა რეალისტური მოლოდინები პროფესიასთან მიმართებაში
    • არჩეულ პროფესიაში ვერ დავსაქმდი სამუშაო ადგილების სიმცირის გამო
    • არჩეულ პროფესიაში მუშაობა დისკომფორტს მიქმნიდა
    • ვერ მოვერგე იმ მოთხოვნებს, რასაც პროფესია მიყენებდა

    შეკითხვას, შეუძლია თუ არა ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიცვალოს პროფესია, რესპონდენტების 93,4%-მა დადებითად უპასუხა.

    ამდენად, გამოკითხული 636 ადამიანიდან, პირველადად არჩეული პროფესიით დასაქმებული და კმაყოფილია მხოლოდ 233 ადამიანი, რაც გამოკითხულთა 36,7%-ია. სხვადასხვა ეტაპზე პროფესიის შეცვლის შემდგომ, დასაქმებულების კმაყოფილების საერთო მაჩვენებელი 60,4%-ს შეადგენს.

    ადამიანებს ერთმანეთისგან განსხვავებული უნარები, შესაძლებლობები და ინტერესები აქვთ, შესაბამისად განსხვავდება ის მიმართულებები და პროფესიები, სადაც ისინი საკუთარი თავის რეალიზებას და წარმატების მიღწევას შეძლებენ. პროფესიული ორიენტაციის ფარგლებში, პროფკონსულტანტის დახმარებით პროფესიის მაძიებელს საშუალება ეძლევა მიიღოს კომპეტენტური პასუხები კითხვებზე, მიიღოს სტრუქტურირებული, ჩამოყალიბებული ინფორმაცია საკუთარი თავის, პროფესიების, მათი თავისებურებების და დაუფლების გზების, პროფესიებზე მოთხოვნის და საგანმანათლებლო რესურსების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროფესიის მაძიებლის მზაობას გაცნობიერებული, ინფორმირებული  და დამოუკიდებელი არჩევანის გასაკეთებლად.

     

     

    სრულად ნახვა

    როგორ ავირჩიო პროფესია?

    თქვენ შესაძლოა ბავშვობიდან ოცნებობთ ექიმობაზე ან ასტრონავტობაზე და აბიტურიენტობის პერიოდშიც არ გეპარებათ ეჭვი არჩევანის სისწორეში. მიუხედავად იმისა,  რაც არ უნდა გითხრათ მშობელმა ან უახლოესმა მეგობარმა, თქვენ მაინც ფანატიკოსის სიჯიუტით კითხულობთ ქიმიის და ბიოლოგიის სახელმძღვანელოებს ან „ახალგაზრდა ფიზიკოსთა“ კლუბში გაერთიანდით და ზუსტად იცით, რას გააკეთებთ სკოლის დასრულების შემდგომ. თუ ასეა, მაშინ ძალიან გაგიმართლათ, რადგან თქვენ იმ აბიტურიენტების რიცხვს განეკუთვნებით, რომელთაც ნათლად აქვთ წარმოდგენილი როგორი ადამიანია, რა აიტერესებს და „რა არის მისი მოწოდების საქმე“, რომლის კეთება სიამოვნებას და ბედნიერებას მოუტანს. თუმცა არიან აბიტურიენტები, რომლებსაც არ აქვთ ნათელი ხედვა იმის, თუ ვინ გამოვა, სად გააგრძელებს სწავლას მას შემდეგ, რაც სკოლის კედლებში დიდი ხნის ნანანტრი  „ბოლო ზარი“ ჩამოკრავს .

    კარგია, თუ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ფიქრობს პროფესიის არჩევაზე – ეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ სიმწიფეზე მიუთითებს. ცუდია, როცა ადამიანს არ აინტერესებს თავისი მომავალი ან  „ამ საქმეს“ მშობელს მიანდობს, სხვადასხვა მიზეზების გამო თანხმობას მისცემს, რომ თქვენგან იურისტი ან დეველოპერი დადგეს, რადგან ეს შენც „მოგწონს“ და თან ძალიან პრესტიჟული პროფესიაა. თუმცა წლების შემდეგ აღმოჩნდება, რომ სულაც არ მოგწონს უზომო რაოდენობის ფურცლებთან მუშაობა და არც ადამიანებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოებაა შენი ძლიერი მხარე.

    პროფესიული თვითგამორკვევის პროცესი, როგორც წესი, წარმოიქმენა ორი კატეგორიის მოზარდებში: პირველებმა ჯერ ვერაფერი იპოვეს საინტერესო ირგვლივ, არ დაინტერესდნენ არც ერთი სასკოლო საგნით განსაკუთრებულად, მართალია კარგად სწავლობენ, მაგრამ მათი მოსაწყენი ყოვედღიურობა აქვთ. მათ არ იციან რას გულისხმობს მათი მშობლების პროფესია, ან რას საქმიანობს აგრონომი და ზოგადად მათ ნაკლები ცოდნა აქვთ პროფესიების სამყაროს შესახებ.  რადგან ის რაც მათ გარშემოა, განსაკუთრებით არაფერი იზიდავს და რა აირჩიონ? ამ მოზრდებმა არ იციან რისი გაკეთება სურთ. მეორე კატეგორიის მოზარდებს კი პირიქით, ყველაფერი აინტერესებთ, დადიან სხვადასხვა წრეებზე, ერთვებიან უამრავ აქტივობაში-საგანმანათლებლო თუ სპორტულში, მათზე ხშირად ამბობენ, რომ ისინი ნიჭიერები არიან და ყველგან მიაღწევენ წარმატებას. თუმცა…ეს მოზარდებიც ვერ ადგენენ რა მოსწონთ უფრო მეტად, რა პროფესიას უნდა დაუკავშირონ თავისი ცხოვრება.

    როგორ გავიცნოთ საკუთარი თავი?

    ფსიქოლოგები თვლიან, რომ პროფესიის არჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ფსიქოლოგიური მახასიათებლებსა და პროფესიის შესაბამის მახასიათებლებს შორის შესაბამისობა არსებობდეს.  პროფესია აუცილებლად უნდა იყოს საინტერესო. თუ მოგწონთ ტექნიკასთან ჩხირკედელაობა, ეს ინტერესი დაგეხმარებათ მოძებნოთ საკუთარი თავი ინჟინერიაში, თუ ბუნება, მცენარეები და ცხოველები გიყვართ, თქვენი ინტერესები ვეტერინარიას, კონოლოგიას ან ეკოლოგიას შეგიძლიათ დაუკავშიროთ.

    ნებისმიერი საქმიანობა მოითხოვს, რომ ადამიანს ჰქონდეს ე.წ. „პროფესიულად მნიშვნელოვანი თვისებები“ – თუ ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია წარმოსახვითი აზროვნება, კორექტორისთვის-ყურადღებაა აუცილებელი. ამიტომ პროფესიის არჩევისას უნდა გააცნობიეროთ გაქვთ თუ არა პროფესიისთვის მნიშვნელოვანი უნარები.

    ასევე აუცილებელია პროფესიული საქმიანობის ტიპი შეესაბამებოდეს თქვენ ინდივიდუალურ მახასიათებლებს: თუ თქვენ კომუნიკაბელური ხართ და სიამოვნებას განიჭებთ ბევრი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა, კონტაქტებთან დაკავშირებული პროფესიები უფრო შეგეფერებათ, ხოლო თუ ემოციურად არასტაბილური ხართ, დიდხანს ვერ შეძლებთ რუტინული აქტივობების შესრულებას, რომლებიც საჭიროებენ კონცენტრაციას.

    თუ თქვენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ხართ, თქვენ ახლა გადიხართ პროფესიული თვითგამორკვევის პროცესს, არ არის საჭირო რაიმე სახის იარლიყების მიწებება საკუთარი თავისთვის და ოცნების პროფესიაზე უარის თქმა იმის გამო, რომ რაიმე უნარი გაკლიათ მის შესასრულებლად. თუ თქვენი ოცნებაა გახდეთ გიდი, მაგრამ თვლით, რომ „მორცხვი“ ხართ და აუდიტორიასტან კონტაქტი გაგიჭირდებათ, არ უნდა დანებდეთ და სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით გამოიმუშავოთ საჯარო გამოსვლის ტექნიკები. უნარები დამუშავებადი და სწავლებადია. რთულია იმის გაგება ფსიქოლოგია მოგწონს თუ ეკონომიკა, მაშინ როცა, სკოლის კედლებში არც ერთი საგანი არ გისწავლია, ამიტომ მნიშვნელოვანია თვალსაწიერის გაფართოება და პროფესიონლების მხარდაჭერაც სასარგებლო იქნება პროფესიული არჩევანის გზისგასაყარზე.

    მას შემდეგ რაც გაერკვევით თქვენს შესაძლებლობებში, ინტერესებსა და პიროვნულ თვისებებში,  გესაჭიროებათ ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსების შესახებ : რომელ უმაღლეს სასწავლებელში დაეუფლოთ ამ პროფესიას, რა რეპუტაცია აქვს უნივერსიტეტს. როგორია სწავლის გადასახადი, რა მოთხოვნებს აყენებს პროფესია მაძიებლის მიმართ, რამდენი საგანმანათლებლო საფეხურის გავლა ესაჭიროება ამ პროფესიას. გაანალიზეთ მონაცემები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც თქვენზეა, რადგან პროფესიის არჩევისას თქვენ ირჩევთ მომავალს. პროფესიამ უნდა მოგიტანოთ სიამოვნება და უზრუნველყოს თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია.

    მომავალი პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბევრი ძალიან საინტერესო პროფესია  შესაძლოა არ იყოს მოდურ და პრესტიჟულ პროფესიათა რიცხვში. მხოლოდ ის საქმე, რომელიც არჩეულია თქვენი ინტერესების, შესაძლებლობების, პიროვნული თვისებების თანხვედრით აუცილებლად მოგიტანთ სიამოვნებას, კეთილდღეობას და წარმატებას პროფესიულ გზაზე.

    სრულად ნახვა

    მე ვირჩევ პროფესიას -მოზარდი და მშობელი

    არ დააჩქაროთ შვილი პროფესიის შერჩევის დროს – ეს შეიძლება „დათვური სამსახური“ აღმოჩნდეს.
    ეროვნული გამოცდების ჩაბარების დრო მოდის, მაგრამ თქვენმა შვილმა ჯერ კიდევ არ იცის რა პროფესია შეარჩიოს?  ნუ ინერვიულობთ წინასწარ. ძალიან ბევრ ადამიანს უპოვნია რეალური მოწოდება გვიან ასაკში და მიუხედავად ამისა დიდი წარმატებისთვის მიუღწევია.

    დააკვირდით
    თუ პროფესიის შერჩევა უგვიანდება შვილს, ხშირად აბიტურენტებზე მეტად მათი მშობლები შფოთავენ. თუ თქვენი შვილები  მე-11, მე-12 კლასში არიან და მათ ჯერ არ იციან რა პროფესია აირჩიონ, თქვენი, მშობლის ამოცანაა დაეხმაროთ თქვენ შვილს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.


    პირველი ნაბიჯი  არის დაკვირვება. შეაფასეთ მისი უნარები, შესაძლებლობები  და სურვილები. დღევანდელი თინეიჯერების მშობლებისგან გამიჯვნა სულ უფრო მეტად შესამჩნევია.  ამიტომ, მშობლებისთვის ხშირად რთულია გაიგონ და გაანალიზონ შვილის ქცევა, მისი მიდრეკილებები და შესაძლებლობები.
    დავუშვათ თქვენი შვილი საათობით მიჯაჭვულია კომპიუტერთან, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მისი მომავალი პროფესია პროგრამისტობაა? გაარკვიეთ, სინამდვილეში რატომ ვერ წყდება თქვენი შვილი ეკრანს, რას აკეთებს – ხატავს, ფილმებს უყურებს, ბლოგს აწარმოებს თუ უბრალოდ კომპიუტერული თამაშებით ერთობა?

    არ დაატანოთ ძალა, არ მოახვიოთ თქვენი სურვილები
    ესაუბრეთ თქვენს შვილს, იმსჯელეთ მის ინტერესებზე, რაზე საუბრობს, რა იზიდავს მას. მოიძიეთ პროფესიები, რომელიც თანხვედრაში მოვა მოზარდის პიროვნებასთან, ხასიათის თვისებებთან და უნარებთან. ნუ  მოახვევთ თავს თქვენს სურვილებს და გადაწყვეტილებებს. თქვენმა შვილმა შესაძლოა ანგარიში გაგიწიოთ და დათანხმდეს თქვენ მიერ შეთავაზებულ პროფესიას სხვადასხვა მიზეზის გამო (არ გაწყენინოთ, ოჯახური ტრადიცია გააგრძელოს, მოდურ ტენდენციებში ჩაერთოს და სხვ.),  მაგრამ ძალის დატანებით მიღებული გადაწყვეტილება მას სამომავლოდ  უკან დახევს. თქვენი შვილისთვის უინტერესო სფეროში მუშაობით მიღებული ფრუსტრაცია ხშირად იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს და ავადმყოფობასაც კი.

    ყველაზე დიდი პრობლემაა,  როცა მშობლები ცდილობენ საკუთარი იდეები მოახვიონ თავს შვილებს.   თუ  მშობელმა  თავად ვერ მიაღწია წარმატებას რომელიმე სფეროში, სურს რომ შვილმა გააკეთოს ეს  მის ნაცვლად. თქვენმა შვილმა შეიძლება  4 წელი ისწავლოს უნივერსიტეტში, მაგრამ მხოლოდ პრაქტიკაში მიხვდეს რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა.

    ვარდისფერი სათვალეები
    ასევე საყურადღებოა, რომ პროფესიის შერჩევისას მოზარდები ხშირად ვარდისფერი სათვალის პრიზმიდან უყურებენ პროფესიას. მათ არ აქვთ ნათელი წარმოდგენა რას სამუშაოსთან ექნებათ საქმე, როცა რაიმე მიმართულებას ირჩევენ.  ნაწილობრივ ეს განათლების სისტემის ბრალია, რადგან სკოლაში არ აწვდიან მოსწავლეებს საკმარის ინფორმაციას ამა თუ იმ პროფესიის შესახებ. ხშირად  მაღალი კურსის სტუდენტებმაც კი არ იციან, რით დაკავდებიან უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ.

    ფსიქოლოგები მოზარდებს ურჩევენ – სიღრმისეულად გამოიკვლიონ და გაეცნონ იმ პროფესიას, რომლის არჩევასაც გეგმავენ. თუ ექნება საშუალება, გაიაროს პრაქტიკა მისთვის საინტერესო  სფეროში, ან გაესაუბროს დარგის სპეციალისტებს, გაიარონ პროფესიული ტესტირება, მიმართონ პროფკონსულტანტს, ქოუჩს, ფსიქოლოგს.  

    მოუყვანეთ რეალური მაგალითები: ვინ, რატომ და რისთვის მუშაობს ამა თუ იმ ადგილზე. განიხილეთ პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ესაუბრეთ შვილს, როგორც თანასწორს, პატივი ეცით მის აზრს, შეიკავეთ თავი მანიპულაციებისგან. თქვენი, როგორც მშობლის ამოცანაა, შვილს დაეხმაროთ და მხარი დაუჭიროთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ გადაწყვეტილება მოზარდმა თვითონ მიიღოს.  

    ნუ შეგეშინდებათ ცვლილების
    არავინ არის დაცული პროფესიის შეცდომით არჩევისგან, თუ ადამიანმა მრავალი წელი დაუთმო რაიმე სპეციალობის შესწავლას და მდიდარი სამუშაო გამოცდილება აქვს, გაცილებით რთულია თავი დაანებოს მას და საყვარელ საქმეს მოკიდოს ხელი. და მაინც, თუ ადამიანმა მტკიცედ გადაწყვიტა შეცვალოს პროფესია, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.  როგორც წესი, ადამიანები პროფესიას ძალიან ადრეულ, 17-18 წლის ასაკში ირჩევენ, შემდეგ კი ცხოვრების მანძილზე შესაძლოა რამდენჯერმე დააკორექტირონ.


    ძალიან ბევრმა წარმატებულმა და ცნობილმა ადამიანმა, სწორედ გვიან ასაკში მიაგნო სასურველ პროფესიას, რასაც ხელი არ შეუშლია მათთვის შთამბეჭდავი შედეგებისთვის მიეღწიათ. თუ თქვენს შვილს აქვს სურვილი, შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯები მისი ოცნებების ასასრულებლად, ნუ შეაჩერებთ მათ.

    ეს ყველას ემართება

    ძირითადად, ცხოვრების რადიკალურად ცვლილების სურვილი, პროფესიის ჩათვლით, ადამიანთან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ასაკობრივ კრიზისებზე მოდის: 20, 30, 40 წლის ასაკში ადამიანები აჯამებენ განვლილ ცხოვრებას და საჭიროდ მიიჩნევენ ცვლილებებს. სინამდვილეში ასაკობრივი კრიზისი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა რაღაც არასწორად გააკეთა. ნებისმიერი ასაკობრივი კრიზისი პიროვნების განვითარების და ჩამოყალიბების ნორმალური და ჯანსაღი პროცესია. მთავარია ახალ ეტაპზე გადასვლა და რაიმეს ცვლილება იყოს გაცნობიერებულად მიღებული გადაწყვეტილება და არა საკუთარი თავიდან გაქცევის მცდელობა.

    ცენტრის ადმინისტრაცია  

    სრულად ნახვა

    ქოუჩინგი პროფორიენტაციაში

    თამარ კაჭარავა –ICF კარიერული ქოუჩი, პროფკონსულტანტი

    ყველა ადამიანი დაბადებიდან მთელი ცხოვრების მანძილზე განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს გადის: საბავშვო ბაღი, სკოლა, პროფესიული თუ უმაღლესი სასაწავლებელი, სამსახური, პროფესიული კურსები, ტრენინგები და ა.შ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური მოზარდი- ახალგაზრდებისთვის არის პროფესიის შერჩევის ეტაპი, რომელიც 16-18 წლის ასაკში აქტულური ხდება არა მხოლოდ აბიტურიენტისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის. 

    სრულად ნახვა

    21-ე საუკუნის უნარები

    რა უნარებია მნიშვნელოვანი 21-ე  საუკუნის სტუდენტებისთვის? 

    დღევანდელი მოცემულობით, სულ უფრო მეტად ფართოვდება ნაპრალი ტრადიციული განათლების პირობებში ათვისებულ უნარებსა და იმ უნარებს შორის, რომელიც აუცილებლად ესაჭიროება 21-ე საუკუნის მოსწავლეს საქმიანობაში წარმატების მისაღწევად. 

    დღევანდელ შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. მათ უნდა შეეძლოთ კოლაბორაცია, კომუნიკაცია და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრა – ეს ის უნარებია, რომელიც სწორედ სოციალური და ემოციური სწავლებით ყალიბდება და კომბინაციაში ტრადიციულ უნარებთან ერთად, საშუალებას აძლევს მოსწავლეს/სტუდენტს საქმიანობაში წარმატებული იყოს.

    რომელი უნარები იქნება მეტად საჭირო და მოთხოვნადი? 

    სრულად ნახვა

    8 შეცდომა პროფესიის არჩევისას, ანუ როგორ არ უნდა აირჩიოთ პროფესია

    ძირითადი შეცდომები, რასაც უშვებენ მოზარდები პროფესიის არჩევისას ანუ როგორ არ უნდა აირჩიო პროფესია

    “ეცადე მიიღო ის, რაც გიყვარს, სხვა შემთხვევაში მოგიწევს შეიყვარო ის, რაც მიიღე! “ – ბერნარდ შოუ

    ის, რომ პროფესიის არჩევა ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებისეულ გზას, ჩვენი ცხოვრების ძირითად საქმიანობას, არახალია! თუმცა, პროფესიის არჩევის პროცესი არცთუ იშვიათად გაუცნობიერებლად და მთელი რიგი შეცდომების დაშვებით ხდება.

    სრულად ნახვა

    პროფესიული ორიენტაციის ტესტი – გზამკვლევი თქვენი ბედნიერი მომავლისკენ

    აბიტურიენტი ხარ? ალბათ ძალიან ბევრს ფიქრობ იმაზე, სად გააგრძელო სწავლა, საით უნდა მიმართო შენი ენერგია და ცოდნა, რა არის შენი მოწოდება, რა უნდა აკეთო სამომავლოდ? პროფესია ძალიან ბევრია, შენ კი ერთი ხარ, გადაწყვეტილებაც ძალიან ყურადღებით და დაფიქრებით არის მისაღები.

    მშობლები თავის აზრს გიზიარებენ, მეგობრები სულ სხვა რამეს გირჩევენ; შენ უამრავ აზრს ადარებ ერთმანეთს, წარმოიდგენ, ფიქრობ და ნელ-ნელა გადამწყვეტი მომენტიც ახლოვდება – უნდა აირჩიო ფაკულტეტი და უნივერსიტეტი!

    სრულად ნახვა